• RSS

Wednesday, April 2, 2014

სტუდინფოს ახალი ამპლუით


STUDINFO დიდი ბიჭი გახდა თუ არა, მთელი ერთი წლის, ახალი ცხოვრება დაიწყო და უფრო დიდ სირთულეებს შეეჭიდა... განვითარების გზას დაადგა, რაც მე და გიოს ძალიან გვახარებს. ერთ დიდ ოჯახს შეუერთდა და თავისი პატარ-პატარა პირველი ნაბიჯებით განსხვავებულ სიტყვასაც ამბობს სტუდენტურ სივრცეში, ვფიქრობთ... 

სტუდინფოზე დაწვრილებით კიდევ მოგიყვებით, ახლა ახალ თანამშრომლებზე მინდა დავწერო. ხალხი რომ მიყვარს და ახალი ნაცნობები ცხოვრებას მიხალისებს, ჩემი ბლოგის მკითხველები აქამდეც მიხვდებოდით. ესეც იგივე შემთხვევაა, ამ დიდ ოჯახში დაგვხვდა რამდენიმე საყვარელი ადამიანი, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული, თუმცა, ერთი საქმის სიყვარულით გაერთიანებული და თბილი...

ამ პოსტში მათი ფოტოების დადება მიზანშეწონილად არ მივიჩნიე, მით უმეტეს, ასეთ შემთხვევაში ნებართვა უნდა ამეღო მათგან, მე კი სიურპრიზის გაკეთება მინდოდა... გადავწყვიტე, მომეძებნა ანიმაციური პერსონაჟები, რომლებიც ვიზუალურად ემსგავსებოდა და სწორედ ასე გაგაცნობთ ახალ თანამშრომლებს:


ეს ბატონი გიაა, ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის :)) ოღონდ არა ცუდი გაგებით, პირიქით, სულ ცდილობს, ჩვენც განვვითარდეთ და ის საქმეც წარმატებული იყოს, რასაც ერთად ვართ შეჭიდებული. თბილი და მკაცრია, მკაცრი უფრო სამართლიანობის თვალსაზრისით, ისე კი ძალიან მხიარულია, რაც, ჩემი აზრითაც, ძალიან მნიშვნელოვანია საქმეში. მიხარია, მისგან ძალიან ბევრი კარგის სწავლაა შესაძლებელი...

ეს თამარაა! :))) ვიცი, გაეღიმება, ამ ფოტოს როცა ნახავს, მართლა ასეთია, ”მალაზი გოგო:” <3 პირველია თავის საქმეში, უყვარს ხოლმე, როცა მისი წამოწყებული მცირედი საქმეც კი წარმატებულია (ვის არ უყვარს, პრინციპში, თუმცა, ამასაც ხომ დამუღამება უნდა;) <3 
ვფიქრობ, რომ ერთი დიდი მაკავშირებელი ჯაჭვის ნაწილია თამარა ამ კომპანიაში.
ეს სოფოა. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ დაგვტოვა, მაგრამ ყველაზე კარგად სოფო იცნობს აქაურობას, დიდი ხნის მუშაობის შედეგად. ორგანიზებული და ყურადღებიანია საქმის მიმართ, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ყოველშემთხვევაში.
ეს კი ხატიაა! უსაყვარლესი, თბილი და ტკბილი... მიუხედავად მისი ბავშვური ბუნებისა, პროფესიონალია თავის საქმიანობაში - ფაქტობრივად, ”რენდგენის თვალები” აქვს, ყველაფერს დეტალურად იგებს ხოლმე, რომელ დღეს ვინ რა წაიკითხა და რამდენი ხანში... 

თეა წიგნებისა და ფილმების საქმეებს აგვარებს ხოლმე, მხიარულია, საქმიანი და ენერგიული... ხანდახან შეიძლება წამოიწუწუნოს, რომ ენერგია სჭირდება, თუმცა, როგორც კი საქმეზე გადაერთვება, ავიწყდება ხოლმე მსგავსი მდგომარეობა :) კარგი თვისებაა, ჩემი აზრით. რომ ვუყურენ ხოლმე, ტვინის რეფლექსს მომენტალურად წიგნებთან და ფილმებთან მივყავარ უკვე, ჩემდაუნებურად ))) 
ეკა edu.aris.ge-ს ჟურნალისტია, სულ რაღაცებს წერს და კითხულობს. ჰყავს უსაყვარლესი პატარა გოგო - ელენე, რომელიც ხშირად რომ მოიყვანოს ხოლმე ოფისში, არ გვეწყინება ^_^ <3 კარგი გოგოა ეკა, ტიპური ჟურნალისტი მისნაირი წარმომიდგენია <3 
ლაშა წყნარი და მშვიდი ბიჭია, სულ თავის საქმეშია ჩაფლული. პიროვნული მახასიათებლები ჯერ ვერ დავუდგინე, რომ აღვწერო ობიექტურად, კარგად გავიცნობ და აუცილებლად მოგიყვებით. ^_^
ოოო, აი, ეს კი საშაა, რომელიც არასდროს მინახავს, თუმცა გონებაში გარკვეული წარმოდგენები მაქვს მასზე. ძალიან ჭკვიანი მგონია, ყველაფერი რომ იცის კომპიუტერის, ეგეთი. ბ-ნი გია ხშირად ელაპარაკება ხოლმე, თუ რამე დაგვჭირდა ტექნიკურად. მაინტერესებს, როგორია, თუმცა იდუმალი თანამშრომელიც ხომ უნდა გყავდეს ერთი :)))) 

ესეც ასე. მიხარია, რომ ყველაფერი ასეა, მშვიდად და წყნარად, თანაც ყოველდღე უფრო და უფრო წარმატებულად, იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება და დიდ მწვერვალებს დავიპყრობთ.

ჩემს ამბებზეც დავწერ ბლოგზე ამ დღეებში <3 

სიყვარულით, 
კანარიო

პ.ს. ჩემი გიო არ გამომრჩენია, სპეციალურად გამოვტოვე, ისედაც ხომ სულ ჩემთან არის ხოლმე :) 

Thursday, March 13, 2014

„დამტყდარი“ ფამუქი


მეორე დღეა, დიდი ზარ-ზეიმი უდგათ ლიტერატურის მოყვარულებს... თბილისში ცნობილი თურქი ავტორი, პოსტმოდერნიზმის მიმდევარი  რომანისტი - ორჰან ფამუქი იმყოფება.
17:50 წუთიდან დაიწყო ხალხის მიმოსვლა რუსთაველის თეატრის ვესტიბიულში, მეც ამ დროისთვის მივედი დანიშნულების ადგილას. შესასვლელ კართან, დახლზე, ორჰან ფამუქის წიგნები იყიდებოდა. თვალი შევავლე, ერთი-ორი ფოტო ჩავუჩხაკუნე და ჩანთაზეც მივირტყი ხელი, სადაც ნობელიანტი მწერლის ერთ-ერთი რომანი - „თოვლი“ მედო - ავტოგრაფისთვის გამზადებული.
ჟურნალისტები ოპერატორებს ეძებენ, ოპერატორები - ჟურნალისტებს. დგას დიდი ფაცი-ფუცი, ნაცნობები გულიანად მუსაიფობენ, ზოგი - დღევანდელ საღამოზე, ზოგიც - ცხოვრებისეულ, საჭირბოროტო თემებზე, ამინდზე...  მე კი, თითქოს უჩინარი, დავდივარ მათ შორის და ბლოკნოტში საინტერესო დეტალებს ვინიშნავ.
დარბაზში მშვიდი და ლიტერატურული განწყობა „იღვრება“, სტუმრებით ნელ-ნელა ივსება პარტერი, სცენაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი - თინა მამულაშვილი ზის და საღამოსთვის ემზადება, დასასმელ კითხვებს საბოლოოდ ავლებს თვალს, თარჯიმანიც იქვეა.
ამავე წუთებში ვესტიბიულში კამერები ირთვება, ოპერატორები სრულ მზადყოფნაში არიან. ორგანიზატორების მუშაობის ტემპი სწრაფდება, უფრო სწრაფდება... და სწორედ სისწრაფის ზენიტში - ჩნდება საღამოს მთავარი მონაწილეც - ორჰან ბეი. პრესკონფერენციისთვის ზუსტად 5 წუთია გათვლილი, ფოტოკამერების ჩხაკუნი საშინელ ხმაურს ქმნის და ჟურნალისტების ხმას ახშობს... მიუხედავად ამისა, მაინც გულმოდგინედ პასუხობს მათ კითხვებს მწერალი.
ამის შემდეგ დარბაზში ვინაცვლებთ, მსმენელი დიდი ოვაციებითა და მქუხარე ტაშით ხვდება რომანისტს. ეს უკანასკნელიც ქედს იხრის ჩვენ წინაშე და პირველივე კომენტარით უშინაურდება აუდიტორიას, ამბობს, რომ „შეეცდება, გაგვართოს“.


კითხვები ერთმანეთს მისდევს, პასუხებიც არ აყოვნებს... ირკვევა, რომ, გარდა მწერლობისა, კარგი მხატვარი და არტისტია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ლიტერატურა, პერსონაჟები, ეხმარება მას შინაგანი წადილის დაკმაყოფილებაში. ქმნის ისეთ გმირებს, რომლებიც თავისი ცხოვრების გარკვეულ ანარეკლებს წარმოადგენენ.
ოჯახის წევრებიდან ძალიან ახლო, სულიერად მჭიდრო ურთიერთობა აქვს დედასთან. მან იცის, რომელი წიგნი რატომ და რის შედეგადაა დაწერილი... თუმცა, არსებობს გამონაკლისიც - „მე წითელი მქვია“. ამ რომანის წაკითხვის შემდეგ, თავადვე უთქვამს ბატონი ფამუქისთვის, რომ ვერ მიხვდა, რა იყო მიზეზი მისი დაწერისა. 
„სტამბოლი“ - ფაქტობრივად, ავტობიოგრაფიულ რომანს წარმოადგენს, მასშია თავმოყრილი მწერლის 23 წელიწადი და თურქეთის ქალაქის ქრონიკები. პროფესიით ინჟინერია - ეს ძალიან ეხმარება ნაწარმოებების აგებაში. თუ ერთ კონკრეტულ თავს მოულოდნელად ვერ აგრძელებს, მომენტალურად წერს სხვა თავს... მისივე თქმით, ეს პროცესი მხატვრობასაც მოგვაგონებს - თუ ტილოზე ერთი კუთხე არ გამოგვდის, სხვა კუთხეს ვავსებთ და შემდეგ ვბრუნდებით უკან. 
წერისას საგანგებო რიტუალები არ გააჩნია, საჭიროა მხოლოდ შედარებით მშვიდი ოთახი, კალამი კი სულ თან დააქვს. წერის პროცესში არ რთავს კომპიუტერს, არ ამოწმებს მეილებს და საერთოდ არ ეკარება ინტერნეტს. ასევე, ჰყავს მეგობრები, ნათესავები, რომლებიც საყვედურობენ ისეთი პერსონაჟების გამო, რომლებიც რეალურად არ არიან ისინი... 
საღამო დასასრულს უახლოვდება, მსმენელს შეუძლია, კითხვები თავად დაუსვას მწერალს. ერთგული მკითხველიც არ აყოვნებს და საკმაოდ ნიუანსური ხასიათის დეტალებს ეკითხებიან სხვადასხვა წიგნიდან... ეს, რა თქმა უნდა, ახარებს ფამუქს, ახარებს მსგავსი დაკვირვებულობა... ერთ-ერთ „შეკითხვად“ მაყურებელი ნებართვას ითხოვს, რომ სცენაზე ავიდეს და სამახსოვრო ფოტო გადაიღოს მასთან ერთად, თუმცა ამაზე არ თანხმდებიან ღონისძიების ორგანიზატორები...
შეხვედრა სრულდება... ხალხი ნაკადად მიედინება კარისკენ... ცდილობენ, ერთმანეთს დაასწრონ, რომ მალე აიღონ ორჰან ფამუქის ავტოგრაფი. სპეციალურად გამზადებულ მაგიდასთან წამებში უდიდესი „ქართული“ რიგი ჩნდება. წესრიგის მოყვარული მწერალი კულისებიდან ითხოვს „ადამიანური რიგის“ შექმნას, თუმცა, რასაკვირველია, თხოვნა ვერ უსრულდება... და რუსთაველის თეატრს ტოვებს. ავტოგრაფის მოლოდინში მყოფი ადამიანები არაფრით იჯერებენ მის წასვლას, ითხოვენ, რომ გამოვიდეს, არაფრით იშლებიან... ღონისძიების ორგანიზატორები მათ დარწმუნებას ცდილობენ... 
მშვიდი საღამოა, ჩანთაში მწერლის უავტოგრაფო „თოვლი“ მიდევს და სახლისკენ მივაბიჯებ... თავში კი უამრავი ფიქრი მიტრიალებს.

პ.ს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ძალიან შეწუხდა, რომ ხალხს იმედები გაუცრუა, ისევ მათივე დანაშაულის გამო.

Monday, March 10, 2014

მენატრებით, წრიპ!







ნეტა დროის ერთი წლით უკან გადახვევა შემეძლოს! ახლა ის ღამე იქნებოდა, როცა შენი დილით ნახვის მოლოდინში დავიძინებდი...

თუმცა... თუ ეს ყველაფერი მაინც ასე უნდა მომხდარიყო, მეორედ ვეღარ გადავიტანდი შენსა და ნუცის დაკარგვას! 

მენატრებით, წრიპ! ერთი წელი! მთელი ერთი... ცოტა ხომ არ არის?! 

თუ აქამდე, შენი ჩვენთან ყოფნის დროს, გასულა დღე, როცა თქვენზე ფიქრი არ მომფრენია გონებაში, შარშანდელი 11 მარტიდან დღემდე ასეთი დღე აღარ მქონია... 

მენატრებით, წრიპ! რამდენი სათქმელი, რამდენი მოსაყოლი დამიგროვდა გულში, არც კი იცი! როგორ მიკვირდა ხოლმე ადრე, მარტოდ მიმავალ მოლაპარაკე ადამიანს თუ გადავაწყდებოდი, მეცოდებოდნენ, გიჟებად მივიჩნევდი... არადა, ახლა როგორ მშურს მათი, მე რომ არ შემწევს იმდენი სითამამე, ქუჩაში გვერდით წარმოგიდგინო და ხმამაღლა მოგიყვე რაღაცები...

მენატრებით, წრიპ! შენს გოგოებთან, ჩვენს გოგოებთან ახლოს ყოფნა ადრეც ხომ მიხაროდა, მაგრამ სამმაგად უფრო მახარებს ხოლმე ახლა... თითქოს ყველაფერი უცვლელია, თითქოს ისევ დავაპირებ ლექციის შემდეგ ამორბენას და შენთან არაფერზე საუბარს... მართლაც არაფერი იყო, რაზეც ჩვენს ვლაპარაკობდით ხოლმე, მაგრამ ორივეს გვავსებდა და გვაძლიერებდა...

მენატრებით, წრიპ! ნუცის მეტიჩრობები მენატრება... იატაკზე გაშხლართულები რომ ვატყაპუნებდით ხოლმე ხელებს მუსიკალურ სათამაშოებზე...

ყველაზე მძაფრად შეგრძნებებს შენს ნაცრისფერ კართან ჯდომა მიღვიძებს ხოლმე. იმდღესაც ვიყავი ასული, ვიჯექი, ვიჯექი დიდხანს... მერე თქვენი მეზობელი „ანტონოვკა“ გამოვიდა, თავიდან ვერ მიცნო, მერე გავახსენდი და აგვეტირა ჩვენდა უნებურად... მომიყვა, რა ლამაზი იყავი ბოლო დღეს... „მერცხალივით შემოფრინდაო“, მითხრა... მეც წარმოგიდგინე თვალებაპრიალებულმა და ძალიან ახლოს გიგრძენი...

ვერ ვიტან ხოლმე შენს წარმოდგენას, წრიპ! გონების მაქსიმალურ შესაძლებლობებს ვიყენებ მაგ დროს, ფიზიკურადაც კი გეხუტები ხოლმე შეგრძნებით, მაგრამ ვიცი, რომ ამ განცდას დასასრული აქვს და უფრო მტკივა მერე.

უთქვენო და თან თქვენით ავსებული ერთი წელი!

ვერ აღგიწერ, ისე მჭირდებით...

მენატრებით, წრიპ! ...


Sunday, March 2, 2014

„ჩემი წიგნი“ - პროექტი კარგი იდეითა და უსიამოვნო ფინალით


2 მარტს, 21 საათზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საფუძველი ჩაეყრება ახალ პროექტს, სახელწოდებით „ჩემი წიგნი“, რომელიც BBC-ს ქართული ანალოგია (პარტნიორია ეროვნული ბიბლიოთეკა).

გადაცემას ცნობილი ქართველი პოეტი, რატი ამაღლობელი წაუძღვება, ხოლო პროექტის ფუნქცია საზოგადოების ერუდირება, ახალი წიგნების აღმოჩენის ხელშეწყობა, უკვე კარგად ნაცნობი, საყვარელი ლიტერატურის გახსენება და გამომცემლობების პოპულარიზაციაა.



იმისათვის, რომ პროექტში თქვენმა სასურველმა წიგნმა მიიღოს მონაწილეობა, აუცილებელია აპლიკაციის შევსება. თქვენ შეგიძლიათ, ერთის ნაცვლად, სამი საყვარელი ავტორისა და ნაწარმოების მითითება, ასევე, აუცილებელია ასაკისა და პროფესიის დაფიქსირებაც, კონფიდენციალურობა დაცულია (შესავსებად დააკლიკეთ ფოტოს).



პროექტში მომწონს, რომ:
  • ხალხი დაინტერესდება ისეთი ლიტერატურით, რომელსაც არ იცნობს
  • გაუჩნდებათ დამტვერილი წიგნების თაროებიდან გადმოღების სურვილი
  • გაიხსენებენ საყვარელ ეპიზოდებს სხვადასხვა ნაწარმოებიდან
  • უფრო გააქტიურდება წიგნების ბეჭდვა/გამოცემა
  • გახშირდება ლიტერატურული საღამოები 
  • მოეწყობა უფრო მეტი პრეზენტაცია...

მეშინია, რომ:
  • გადაცემაში, მსჯელობისას, არ გაჟღერდეს ისეთი ეპიზოდები, რომლებიც მეტად ინტიმურია მკითხველისთვის;
    ეპიზოდები, რომლებიც მხოლოდ მკითხველისა და ფურცლების (ეკრანის) ურთიერთობაში უნდა გამჟღავნდეს (ინტიმურში იგულისხმება ძალიან პირადი - გული მწყდება, ამის განმარტება რომ მიწევს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, იქნება ისეთი მკითხველიც, რომელიც ამას „იმნაირად“ გაიგებს :/ )
  • საყვარელ წიგნზე მოვისმენ უარყოფით შეფასებებს 
  • ერთმანეთს დაუპირისპირებენ ჟანრობრივად ისეთ ნაწარმოებებს, რომლებიც არ უნდა იდგნენ გვერდიგვერდ
  • შეაფასებენ არასწორად

და არ მომწონს, რომ:
  • რომელიმე წიგნი რომელიმეს აჯობებს! 

   სწორედ აქეთ მიმყავდა საუბარი. ვფიქრობ, ეს არის ის ფინალი, რომლის ხარჯზეც უნდა შეიბღალოს სხვადასხვა დიდი ავტორი, დაკნინდეს და გაითელოს მწერალთა უდიდესი ღვაწლი... 
     რატომ? 
   მაშინ, როცა აბსოლუტურად შესაძლებელია, მხოლოდ ვისაუბროთ და განვიხილოთ წიგნები როგორც ლიტერატურულად (მიმდინარეობებითა და ჟანრებით), ასევე ესთეტიკური ღირებულებებით. ვისაუბროთ, თუ რა ემოციას ბადებს ჩვენში და მოვუწოდოთ უბრალოდ ხალხს, რომ წაიკითხონ და თავიანთი აზრი დააფიქსირონ.
 რა საჭიროა, ქულებით, კომპონენტებით, კრიტერიუმებით შევაფასოთ და დავუპირისპიროთ ერთმანეთს ის წიგნები, რომლებიც ხალხს ასე უყვარს... 
   ეს ხომ არ არის დამწყები, დებიუტანტი ავტორების ქმნილებები, რომ უნდა ურჩიო, რა როგორ აჯობებს... პროექტში წარმოდგენილი ლიტერატურა სწორედ ხალხის რჩეული წიგნები გახდება... 

    არ მომწონს და არ მესმის, უბრალოდ არ მესმის...

-_-