• RSS
Showing posts with label სერიალი. Show all posts
Showing posts with label სერიალი. Show all posts

Sunday, January 20, 2013

ბლოგ-აღმოჩენა



ამასწინათ, ბლოგების დათვალიერებას მივყავი ხელი. დგას ხოლმე ჩემს ცხოვრებაში პერიოდები, როდესაც უფრო ნაკლებად მნიშნველოვანი საქმე მაქვს გასაკეთებელი და საკუთარი სიამოვნებისთვის დავბოდიალობ ინტერნეტში...

საიტიდან - საიტზე, ლინკიდან - ლინკზე და აღმოვჩნდი "შორენის ბლოგზე"... 
ჯერ პირველი გვერდი ჩავათვალიერე და დამაინტერესა. 

არ მინდოდა, ახლანდელი პოსტები წამეკითხა და ყველაფერი თავდაყირა დამეყენებინა.  გადავედი სულ ბოლოში, ანუ დასაწყისში და მივყევი ქრონოლოგიურად. : )) 

ძალიან მაგარი გასართობია, ვიღაცის, შენთვის უცნობი ადამიანის ცხოვრებას კითხულობ თანმიმდევრობით, როგორ დადის პაემანზე თმაგასწორებული ^^ როგორ უყვარს, როგორ განიცდის... სად მუშაობს და ყველაზე დიდი აზარტია ის, რომ ეს პოსტები რამდენიმე წლის წინ აქვს დაწერილი... რეალურად კი დღეს როგორ ცხოვრობს, არ ვიცი. : ) 

ეს არის საკუთარი თავისთვის მოწყობილი სერიალი, რომელსაც რეკლამების სახით "იუთუბზე" მოსმენილი სიმღერები წყვეტს და მაშინ აგრძელებ კითხვას, როცა მოგესურვება და რამდენ ხანსაც გინდა :)) 

ეს არის ბლოგი, რომელის სავსეა ადამიანურობით, უდიდესი სიყვარულით... მეზობლებით, უსაყვარლესი დედიკოთი, რომელიც პუნქტუაციას აქცევს ყურადღებას (შემიყვარდა შორიდან), რადიოს ცხოვრებით და უშუალობით... 

ფინჯანი ჩაი, სათვალე და შორენის ბლოგი ჩემი ცხოვრების ამ პერიოდის ერთ-ერთი მთავარი გასართობია <3 

გმადლობ შენ ამისთვის, შორე : )) 

Saturday, September 11, 2010

90-იანი წლები, ანუ მე და ბიბო

  თინიმ დაწერა ამ პოსტის "პირველი ნაწილი" (ასე ვუწოდე). ეს კი ჩემეული ამბებია ამ პერიოდიდან. :)  


  მაშინ, როცა არც შუქი იყო, არც გაზი და იყო მხოლოდ ადამიანური სითბო... სახლშიც მეტი მხიარულება სუფებდა, დეიდაჩემი არ იყო გათხოვილი. მე რომ ვიძინებდი, უფრო სწორად, ვწვებოდი (არა ჩემი სურვილით), შუქიც მაშინ მოდიოდა და სამზარეულოდან, სადაც ჯერ მწვანე, შემდეგ კი უფრო "განვითარებული" - წითელი "კერასინკა" იდგა, სიცილის ხმა მესმოდა ხოლმე...


   საკმაოდ ჯიუტი ვიყავი, უფრო სწორად - გაჯიუტებული. მახსოვს, როგორ მინდოდა სამზარეულოში ჯდომა გვიანობამდე, მაგრამ მოვიდოდა რაღაც დრო და "სალომე დავაძინოთო" - ამას ისე სიხარულით ამბობდნენ, მსახიობობის თავიც აღარ ჰქონდათ, მე რომ არ მწყენოდა. თუმცა, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ვერც ვამჩნევდი. მერე უკვირდათ, გამომშვიდობებისას კარგად ყოფნის ნაცვლად "ცუდად იყავით"-მეთქი, რატომ ვუსურვებდი ხოლმე.


 ეს პერიოდი, კარგად მახსოვს, ინანიშვილის მოთხრობებთან ასოცირდებოდა. განსაკუთრებით ერთი მიყვარდა სიგიჟემდე - "ბიბო". იმდენჯერ მქონდა მოსმენილი, მერე მეც ვყვებოდი ხოლმე, ვინმე რომ მიკითხავდა... "ბიბო პატარა ბიჭია, პატარაა, აბა, მაშ რა არის... გრძელი ღამის პერანგი აცვია და ისე სძინავს... გადაიხდის ხოლმე საბანს და გდია საბერე კიტრივით, საბანგადახდილი..."  ჭკუა ვიხმარე მერე, ძლის წინ ვითხოვდი, წამიკითხეთ-მეთქი. ერთხელ რომ მორჩებოდნენ, თავიდან ვაწყებინებდი და ბოლოს იქამდე მეღვიძა, სანამ შუქი არ მოვიდოდა. მეგონა, რომ ჩემი გამქონდა. სახლშიც მეტი რა უნდოდათ, ოღონდ მე რამით დავინტერესებულიყავი და ჩუმად ვმჯდარიყავი.

  კარაქიანი პური უყვარდა ბიბოს. შუაღამისას ადგებოდა ხოლმე, ბებო ისევ საბანს ალიანდაგებდა, დედა საკერავ მანქანას ეჯდა. ერთ ნაჭერს რომ მორჩებოდა, მერე მეორეს ითხოვდა ხოლმე ბიბო. მე არ მიყვარდა კარაქიანი პური, მაგრამ ახლაც მახსოვს, როგორ ვხედავდი დიდი ლუკმებით პირგამოტენილ დიდლოყება ბიჭს.


   ბიბოს მამა დიდი ხნით მიდიოდა ხოლმე სამუშაოზე. ერთხელ მამაჩემიც იყო დიდი ხნით წასული მივლინებაში... რომ ჩამოვიდა, ბოტასები ჩამომიტანა, სიარულის დროს ანათებდა... ჩავიცვამდი ხოლმე ღამით და დავრბოდი ბნელ ოთახებში გიჟივით...
თავიდან უკან ვიხედებოდი და სირბილის დროს ქუსლებმოციმციმე ბოტასებს ვაკვირდებოდი მოგრეხილი და წელში გადაზნექილი. ერთხელ წავიქეცი კიდეც, მახსოვს... მგონი, ჩემებმა დღესაც არ იციან. მერე დავრწმუნდი, რომ მართლა და ყოველთვის ანათებდა და აღარ ვუყურებდი, მარტო დავრბოდი... სახლში ამ ციმციმათი მპოულობდნენ, რომელ ოთახში ვიყავი, ისევ ვერა... მერე სიბნელის შემეშინდა და აღარ დავრბოდი... ახლა აღარ მეშინია.

                                                                                           ასეთი იყო დაახლოებით

   მეზობლის ძაღლით მაშინებდნენ ხოლმე, მახსოვს, ტუზიკათი. თუ არ შევჭამდი, ის შემჭამდა აუცილებლად. თავიდანვე დიადი ფანტაზიებით გამოირჩეოდნენ ჩემი ოჯახის წევრები, ერთხელ მეზობლის ძმიშვილი შემოიყვანეს შუაღამისას, მეზობლისსავე ხალათში გამოწყობილი . ექიმია და თუ არ შეჭამ, ნემსს გაგიკეთებსო. დიდი როლები ჰქონდათ დანაწილებული მეზობლებს ჩემს აღზრდაში. ერთი მაღალი ბიჭი ცხოვრობდა ჩვენი სახლის ქვემოთ, ის ამოიყვანეს ერთხელ. ხელში ტომარა ეჭირა, კომბოსტოებით სავსე. ბავშვების თავებიაო - მაშინებდა, - ჩქარა ჭამე, თორემ შენც მოგაჭრიო... არადა, ვხვდებოდი, რომ ბავშვების თავები არ იყო, მაგრამ მაინც ვჭამდი, შტერი ვიყავი...

   ლოტოს თამაშობდნენ ხოლმე ჩემები, მახსოვს... ერთი ბეწო ტელევიზორი გვქონდა, აკუმულატორზე მუშაობდა და იქ უყურებდნენ. გაფენდნენ ხოლმე მაგიდაზე ამ ბილეთებს. სულ მინდოდა, მივსულიყავი და ამეწეწა, მაგრამ ვინ მაცდიდა?! ჩამჭიდებდა ბებიაჩემი ხელს და მეც კეთილი სურვილებით - "ცუდად იყავით, ცუდად!" - მივდიოდი "დასაძინებლად". 


   ერთხელ მამაჩემი ჩაიცუცქა, გაბრაზებული ვიყავი. მოდი, მამა, გამახარეო - ხელები გაშალა. მე ერთი შევუბღვირე, "არ გაგახარებ!"-მეთქი მივაძახე და გავიქეცი. 


    მე, ბიბო, "კასანდრა", წითელი "კერასინკა", ლოტო, ბოტასები, ტუზიკა და ათასი რამ კიდევ... ჩემი 90-იანი წლების ისტორიები, ძველი, ნავთის სუნით გაჟღენთილი, მაგრამ მაინც თბილი... სწორედ იმავე "კერასინკით" გამთბარი, რომელიც მერე აფეთქდა კიდეც... 

Saturday, February 13, 2010

video-post

  როგორც იქნა მოვაბი თავი ვიდეო-პოსტის ჩაწერას... ცოტა ვბლუყუნებ, მაგრამ ნუ შეიმჩნევთ ;-) ჩემი დის გადაღებულია, არ გეგონოთ, რომ მოძრავი კამერა მაქვს... :-D უყურეთ და შემიფასეთ... ;-) 

Monday, June 22, 2009

Medium

  რუსთავი 2-ის აქტიური მაყურებელი ვიყავი, როცა ეთერში სერიალი "მედიუმი" გადიოდა! ვგიჟდები ამ ქალზე და როცა ვხედავ, ყოველთვის ისეთი შტაბეჭდილება მრჩება, რომ მართლა ნათელმხილველია :)) ასე მაქვს გაცნობიერებული! :) ამ სერიალს სიამოვნებით ვუყურებ ყველა დროში და ასაკში! შინაგანად მიზიდავს დეტექტივები რატომღაც!