• RSS

Saturday, September 11, 2010

90-იანი წლები, ანუ მე და ბიბო

  თინიმ დაწერა ამ პოსტის "პირველი ნაწილი" (ასე ვუწოდე). ეს კი ჩემეული ამბებია ამ პერიოდიდან. :)  


  მაშინ, როცა არც შუქი იყო, არც გაზი და იყო მხოლოდ ადამიანური სითბო... სახლშიც მეტი მხიარულება სუფებდა, დეიდაჩემი არ იყო გათხოვილი. მე რომ ვიძინებდი, უფრო სწორად, ვწვებოდი (არა ჩემი სურვილით), შუქიც მაშინ მოდიოდა და სამზარეულოდან, სადაც ჯერ მწვანე, შემდეგ კი უფრო "განვითარებული" - წითელი "კერასინკა" იდგა, სიცილის ხმა მესმოდა ხოლმე...


   საკმაოდ ჯიუტი ვიყავი, უფრო სწორად - გაჯიუტებული. მახსოვს, როგორ მინდოდა სამზარეულოში ჯდომა გვიანობამდე, მაგრამ მოვიდოდა რაღაც დრო და "სალომე დავაძინოთო" - ამას ისე სიხარულით ამბობდნენ, მსახიობობის თავიც აღარ ჰქონდათ, მე რომ არ მწყენოდა. თუმცა, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ვერც ვამჩნევდი. მერე უკვირდათ, გამომშვიდობებისას კარგად ყოფნის ნაცვლად "ცუდად იყავით"-მეთქი, რატომ ვუსურვებდი ხოლმე.


 ეს პერიოდი, კარგად მახსოვს, ინანიშვილის მოთხრობებთან ასოცირდებოდა. განსაკუთრებით ერთი მიყვარდა სიგიჟემდე - "ბიბო". იმდენჯერ მქონდა მოსმენილი, მერე მეც ვყვებოდი ხოლმე, ვინმე რომ მიკითხავდა... "ბიბო პატარა ბიჭია, პატარაა, აბა, მაშ რა არის... გრძელი ღამის პერანგი აცვია და ისე სძინავს... გადაიხდის ხოლმე საბანს და გდია საბერე კიტრივით, საბანგადახდილი..."  ჭკუა ვიხმარე მერე, ძლის წინ ვითხოვდი, წამიკითხეთ-მეთქი. ერთხელ რომ მორჩებოდნენ, თავიდან ვაწყებინებდი და ბოლოს იქამდე მეღვიძა, სანამ შუქი არ მოვიდოდა. მეგონა, რომ ჩემი გამქონდა. სახლშიც მეტი რა უნდოდათ, ოღონდ მე რამით დავინტერესებულიყავი და ჩუმად ვმჯდარიყავი.

  კარაქიანი პური უყვარდა ბიბოს. შუაღამისას ადგებოდა ხოლმე, ბებო ისევ საბანს ალიანდაგებდა, დედა საკერავ მანქანას ეჯდა. ერთ ნაჭერს რომ მორჩებოდა, მერე მეორეს ითხოვდა ხოლმე ბიბო. მე არ მიყვარდა კარაქიანი პური, მაგრამ ახლაც მახსოვს, როგორ ვხედავდი დიდი ლუკმებით პირგამოტენილ დიდლოყება ბიჭს.


   ბიბოს მამა დიდი ხნით მიდიოდა ხოლმე სამუშაოზე. ერთხელ მამაჩემიც იყო დიდი ხნით წასული მივლინებაში... რომ ჩამოვიდა, ბოტასები ჩამომიტანა, სიარულის დროს ანათებდა... ჩავიცვამდი ხოლმე ღამით და დავრბოდი ბნელ ოთახებში გიჟივით...
თავიდან უკან ვიხედებოდი და სირბილის დროს ქუსლებმოციმციმე ბოტასებს ვაკვირდებოდი მოგრეხილი და წელში გადაზნექილი. ერთხელ წავიქეცი კიდეც, მახსოვს... მგონი, ჩემებმა დღესაც არ იციან. მერე დავრწმუნდი, რომ მართლა და ყოველთვის ანათებდა და აღარ ვუყურებდი, მარტო დავრბოდი... სახლში ამ ციმციმათი მპოულობდნენ, რომელ ოთახში ვიყავი, ისევ ვერა... მერე სიბნელის შემეშინდა და აღარ დავრბოდი... ახლა აღარ მეშინია.

                                                                                           ასეთი იყო დაახლოებით

   მეზობლის ძაღლით მაშინებდნენ ხოლმე, მახსოვს, ტუზიკათი. თუ არ შევჭამდი, ის შემჭამდა აუცილებლად. თავიდანვე დიადი ფანტაზიებით გამოირჩეოდნენ ჩემი ოჯახის წევრები, ერთხელ მეზობლის ძმიშვილი შემოიყვანეს შუაღამისას, მეზობლისსავე ხალათში გამოწყობილი . ექიმია და თუ არ შეჭამ, ნემსს გაგიკეთებსო. დიდი როლები ჰქონდათ დანაწილებული მეზობლებს ჩემს აღზრდაში. ერთი მაღალი ბიჭი ცხოვრობდა ჩვენი სახლის ქვემოთ, ის ამოიყვანეს ერთხელ. ხელში ტომარა ეჭირა, კომბოსტოებით სავსე. ბავშვების თავებიაო - მაშინებდა, - ჩქარა ჭამე, თორემ შენც მოგაჭრიო... არადა, ვხვდებოდი, რომ ბავშვების თავები არ იყო, მაგრამ მაინც ვჭამდი, შტერი ვიყავი...

   ლოტოს თამაშობდნენ ხოლმე ჩემები, მახსოვს... ერთი ბეწო ტელევიზორი გვქონდა, აკუმულატორზე მუშაობდა და იქ უყურებდნენ. გაფენდნენ ხოლმე მაგიდაზე ამ ბილეთებს. სულ მინდოდა, მივსულიყავი და ამეწეწა, მაგრამ ვინ მაცდიდა?! ჩამჭიდებდა ბებიაჩემი ხელს და მეც კეთილი სურვილებით - "ცუდად იყავით, ცუდად!" - მივდიოდი "დასაძინებლად". 


   ერთხელ მამაჩემი ჩაიცუცქა, გაბრაზებული ვიყავი. მოდი, მამა, გამახარეო - ხელები გაშალა. მე ერთი შევუბღვირე, "არ გაგახარებ!"-მეთქი მივაძახე და გავიქეცი. 


    მე, ბიბო, "კასანდრა", წითელი "კერასინკა", ლოტო, ბოტასები, ტუზიკა და ათასი რამ კიდევ... ჩემი 90-იანი წლების ისტორიები, ძველი, ნავთის სუნით გაჟღენთილი, მაგრამ მაინც თბილი... სწორედ იმავე "კერასინკით" გამთბარი, რომელიც მერე აფეთქდა კიდეც... 

6 comments:

კობა said...

სალო.. ჭამე, თორე მოვიდა ტუზიკა.. :-)

Anonymous said...

რა კარგი პოსტიააა... :)) მაგრამ მე მემგონი ჩვენ ცუდი ბავშვობა გვქონდა... მწვანე "კერასინკა" არასდროს გვქონია... ორი ცალი წითელი გვქონდა... :D და დიდი წითელი "დვიჟოკი" და "აკუმლიატორი" :D შუქი რომ ქვრებოდა ავტომატურად იმას რთავდნენ, და ერთადერთი რაც მახსოვს ჩემი ბავშვობიდან ჩემი სამეზობლოა, რომელიც მუდმივად ჩემ სახლში იყო... ვითომ ჩვენთან (ბავშვებთან) სათამაშოდ... სინამდვილეში ფერადი ტელევიზორის საყურებლად და გასათბობად :D ნუ თუ მამა ვიდეოს გვიღებდა მაშინ უნდა გენახა მეზობლები... დაფიქსირება ყველას უნდოდა... :) მიყვებიან ხოლმე პურის რიგებზე და კიდე რაღაცეებზე და მრცხვენია ხოლმე რო მსგავსი არაფერი არ ვიცი... :D NNZ

Anonymous said...

ex... iyo mag 90-ianebshi ragac mistiori da amoucnobi.... :P

აისბერგი said...

menatreba xandaxan beberi 90-ianebi :))

Unknown said...

მა - აღარ მეშინიაა! :))))

ნინზ - თითქმის ყველას მსგავსი ისტორიები აქვს, მაგრამ მაინც თავისებური... :)

latatia - გეთანხმები. მართალია, გამეორება არ მინდა, მაგრამ მე კარგად მახსენდება.

ანიკა - მეც.

ana anano said...

ეჰ უშუქობა კერასინკა :) დღეს შეიძლება ამას სასაცილოდ ვიხსენიებთ მაგრამ რამდნეი კარგი რამ გვაკავშირებს ! როგორ მგრუზავს იცი ეგ ყველაფერი ეხლა ბოლოპ ოსტი მაქ დაწერილი და ნახე ჩემი ნოსტალგია :(

ძალიან მენატრება ის დრო ყველაფერს თავის მუღამი ჰქონდა თჲნდაც იმ უშუქობას და კერასინკის გარშემო ჯდომას ! ბავშები ვიყავით უდარდებლები ! არაფერი გვაინტერესებდა მხიარულების გარდა.. თოვლი მოვიდოდა გვიხაროდა სიხარულისგან აღარ ვიცოდი რამეკეთებინა ხოლმე... ძალიან კარგი იყო ბავშობა (