• RSS

Sunday, November 28, 2010

ჟამი რთული და უინტერესო



  საინტერესო არაფერი ხდება საერთოდ (დაძმურ დიალოგებსა და ზოგჯერ, ძმურ მონოლოგებს თუ არ ჩავთვლით) და თუ რამე ხდება, ყველაფერი ისეთი უაზრო და უინტერესოა, ლამის დავკონსერვდე... გარშემო ქაოსია, ყველაფერი თავდაყირაა ... ან შეიძლება, მე ვარ თავდაყირა და სხვები სწორად დგანან, მაგრამ მაინც მგონია, რომ მე ვდგავარ სწორად და არა ისინი...!

     მოხური კაცის ჭაღარაწვერგაუპარსავ და დანაოჭებულ სახეს ემსგავსება ყველაფერი. მე კი უბრალოდ სწორად ვდგავარ და ველოდები სიკვდილს... არა, ჩემს სიკვდილს კი არა, იმ კაცის სიკვდილს (აღარც ისეთი პესიმისტი ვარ. ხომ ვთქვი, დიალოგებისა და მონოლოგების გარდა, საინტერესო აღარაფერი ხდება-მეთქი.)


  დღეს რუსთაველზე იმდენი ჩამოცვენილი ფოთოლი ეყარა, მეეზოვეები ვერ აუდიოდნენ სამუშაოს. ქარი იყო და ტყუილად გვიდნენ, ერთ წუთში ისევ დასასუფთავებელი ხდებოდა მაინც...

      ტროტუარზე მივდიოდი და ფეხქვეშ გამხმარი ფოთლების ხრაშუნი მესმოდა.

    დღეს პირველად აღმოვაჩინე, რომ ფოთოლს ფეხს რომ ვაბიჯებ, აღარ განვიცდი. არ ვიცი, შეიძლება, გავიზარდე ან შეიძლება, გული გამიქრა, მაგრამ მაინც მგონია, რომ გავიზარდე და გავიაზრე, რომ ძირს ჩამოცვენილი ფოთლები ცოცხლები აღარ არიან. 
    

    გამახსენდა, ორი-სამი წლის წინ როგორ ვხტუნავდი, ფოთოლსა და ფოთოლს შორის თავისუფალ ადგილს ვეძებდი, ფეხი რომ ჩამედგა და მათ არ სტკენოდათ... გამახსენდა და გამეცინა. 
   სამყაროზე გამეცინა, რომელიც ისეთი უაზროა, შენ თუ არ გაააზრიანე, თვითონ აზრადაც არ მოუვა...


     P.S. წუხელ მესიზმრა, ადამიანებს სასქესო ორგანოებისა და ორიენტაციის მიხედვით კი არა, ხასიათებით ყოფდნენ... ნეტა მართლა მასე იყოს! (მერე რა, რომ იმ დიალოგებს "დაძმური" აღარ ერქმეოდა.)