• RSS

Saturday, December 11, 2010

შთამბეჭდავი ილუზიები

II საკონკურსო პოსტი



    შემოდგომის მიწურულია, ოქროსფერს ალაგ-ალაგ წითელი ერევა... მზეს პირი მიუბრუნებია საიქითოსკენ.

   - რა გეპიკნიკებოდათ ამ სიცივეში? მოღრუბლულია და რომ დასცხოს, სად მიდიხართ, ძალიან მაინტერესებს? ვერ გააკეთეს მანქანა?  - ფეხებმოკეცილი ჩამოჯდა ხის ძირში და წელზეშემოკრული ქურთუკი მოიცვა თამუნამ.
   - წამო, ფიჩხი მოვაგროვოთ! - ეტყობა საჭორაო ჰქონდა ჩემთან ქეთოს. 
   - მა, არ გაკეთდა მანქანა? - კიდევ ერთხელ გავძახე შეწუხებულმა.
 - წადით, წადით, ბევრი ფიჩხი დაგვჭირდება... ვეჭვობ, მთელი ღამით მოგვიწევს დარჩენა ამაღამ...

   ყველანი ჩვენთვის ვისხედით კოცონთან. ნინი მესიჯს აგზავნიდა, თამუნა ნინის მობილურში იჭყიტებოდა და კარნახობდა, რა გაეგზავნა. ქეთო ნერვიულობდა, ხვალ მოსწავლეები მყავს, ტესტები მაქვს დასაწერი... ნეტა მართლა, რა საპიკნიკე ამინდი იყოო? მამა ლუდს სვამდა...
  - გოგო, კოცონის შუქზე კითხვა როგორ შეიძლება?! - ზრუნავდა ჩემზე, როგორც ყოველთვის. 
    - აბა, რა ვაკეთო? - შევუბღვირე ჩემებურად, ნერვები მქონდა მოშლილი. 
    - ისე, ერთ კარგ წიგნს კი წაიკითხავდა კაცი... - ოცნებაში წავიდა ქეთო. 
  - მეც სიგიჟემდე მიყვარს წიგნები, რეალობას გავურბივარ ხოლმე და სტრიქონებში ვიკარგები, როცა ვკითხულობ. პატარა რომ ვიყავი, ასე არ მიყვარდა. ძველი და გაყვითლებული ფურცლების მტვერზე ცემინება მეწყებოდა ხოლმე, - ყველანი ნინის ვუსმენდით.  მერე მამაჩემს გაახსენდა ბავშვობისდროინდელი ისტორიები:
    - კითხვა მშობლებმა შემაყვარეს. მახსოვს, წიგნების შესაძენად სახსრებს არ იშურებდნენ ხოლმე, ძალიან კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა. ნაწარმოების შერჩევის პატარა ეშმაკობას ვიყენებდი. ახალ წიგნს ჯერ აუცილებლად დედა ან მამა კითხულობდა და მერე, ერთმანეთს რომ უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, სიუჟეტს სულგანაბული ვუსმენდი. თუ რომელიმე მომენტი განსაკუთრებით დამაინტერესდებოდა, ერთი სული მქონდა, ის წიგნი ხელში ჩამეგდო... - გაგვეცინა. მამასაც გვერდულად ჩაეღიმა და სიგარეტის კვამლზე ცალი თვალი მოჭუტა, - სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა თემატიკა მიზიდავდა. მახსოვს მეფე მათიუშ I და მისი ტრაგიკული ისტორია... 
    მათიუშის ხსენებაზე თვალები გამიცისკროვნდა:
   - ჩეემი მათიუშიი... როგორი ტანჯვით წავიკითხე და ბოლოს როგორ ვიტირე, უკაცრიელ კუნძულზე რომ განუტევა სული... ისე, იადონები მაგ წიგნმა შემაყვარა და, ალბათ, ყველაზე დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ახლა კანარიო ვარ...


   კოცონი გიზგიზებდა...
   - 11-12 წლის ასაკში მაინ რიდის გმირებთან ერთად ჟირაფზე ვნადირობდი აფრიკის ჯუნგლებში, ანდა უთავო მხედარს დავდევდი... 
   მამას მონაყოლიდან ყველანი ვპოულობდით საჩვენოს:
   - სხვათაშორის, პირველი წიგნი იყო, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია, - ცხენოსანზე შეყვარებულმა ნინიმ განაგრძო ახლა, - რომ გადმოვიღე თაროდან, სარჩევზე გადავშალე და თავების სათაურების კითხვა დავიწყე, ერთ-ერთი იყო "მიყვარხარ!-მიყვარხარ!". ფაქტობრივად, ამ წიგნმა ითავა, რომ ზარმაცი ბავშვისთვის კითხვა შეეყვარებინა და გამოუვიდა კიდეც... თანდათან ვიკარგებოდი... იგივეს ვგრძნობდი, რასაც ჩემი საყვარელი გმირები... რუიზა პოინდექსტერთან ერთად მტანჯავდა მორის მესტანგერის სიყვარული... ბედნიერი ვიყავი და არ მინდოდა დამთავრებულიყო...
  - ბავშვობის ფერად-ფერადი წიგნები... ზღაპრები... ნოდარ დუმბაძის ლექსები, კარლსონის სასაცილო ისტორიები, დაჩის თავგადასავლები... ასე იწყება ხოლმე, მერე კი გრძელდება და ცოდნის თაროც ივსება ნელ-ნელა, -  ჩაფიქრებული ლაპარაკობდა ქეთო. 
   - მე მახსოვს, თავიდან პეპი გრძელი წინდამ და მიუნჰაუზენმა როგორ გამაოცა. მიხაროდა, თავი დიდი გოგო მეგონა, მინდოდა, პეპის დავმსგავსებოდი. მერე ჰარი პოტერმა გამიტაცა. ვკითხულობდი მუდმივად, რომ ვამთავრებდი, ისევ ვიწყებდი, სანამ შემდეგი ნაწილი არ გამოვიდოდა. ამ ბოლო დროს დეტექტივები შემიყვარდა. ბოლოს წაკითხულიდან ყველაზე მეტად ჯონ დიქსონ კარის "იმპერატორის საბურნუთე" და სიდნი შელდონის "ანგელოზების რისხვა" მომეწონა. საოცარი თხრობა აქვს დიქსონს. ადვილად გამოსაცნობია, ვინ არის დამნაშავე, მაგრამ ფინალი გაოცებს. შელდონი საინტერესო თემატიკაზე წერს, მაფიის და მთავრობის ბრძოლაზე. ეს არის ინტრიგებით, სიყვარულით და კრიმინალებით სავსე ნაწარმოები. 
    - თამუნას თქმის არ იყოს, დეტექტივებმა, თავის დროზე, მეც ჩამითრია. 13 წლის ვიყავი, "ბასკერვილების ძაღლი" რომ წავიკითხე. ისე თვალნათლივ წამოვიდგინე ყველაფერი, იმ ღამეს შიშისგან სიცხემ ამიწია... - ისევ გაგვეცინა მამაჩემის მონაყოლზე, - ჰოლმსის თავგადასავლებით მოხიბლული, დანაშაულის გამოძიებაზე დაწერილი წიგნებით დავინტერესდი. ძალიან მიტაცებდა ეს ჟანრი, იმდენად, რომ მომავალი პროფესიის არჩევაზე ბევრი აღარ მიფიქრია და უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის  დამთავრების შემდეგ 15 წელი პროკურორად ვიმუშავე.  სხვადასხვა ენაზე მაქვს წაკითხული იოანა ხმელიოვსკაიას "რა თქვა განსვენებულმა" - ჯანსაღი იუმორით გაჯერებული წიგნია. ამას წინათ, ინტერნეტის ელექტრონული ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე იულია ვოზნესენსკაიას "ჩემი სიკვდილისშემდგომი თავგადასავლები", რელიგიური თემატიკის რომანია, მაგრამ იმდენად ხალასი იუმორითაა გაჟღენთილი, ნებისმიერი ასაკის მკითხველს ვურჩევდი, წაეკითხა, - კაცმა არ იცის, მერამდენე სიგარეტი ჩააქრო მამაჩემმა და წამოდგა. ნინის და თამუნას ერთმანეთზე თავები მიედოთ და ჩასძინებოდათ. ქეთო ნერვიულობდა, ალბათ, მოსწავლეებზე. მე წიგნში სანიშნად ჩადებული თითი დამბუჟებოდა, ვეღარ ვგრძნობდი... კოცონი აღარ ენთო, ოდნავ ბჟუტავდა... საათს დავხედე და დილის 6 ხდებოდა უკვე... 


5 comments:

სიყვარულოვნა said...

მათიუში ჩემი პირველი წიგნია <3 დღემდე ძალიან მიყვარს და მის ამბავზე მოვკვდი ტირილით... თვალწინ მედგა ის ფაქტი როგორ კვდებოდა :(

Anonymous said...

საყვარელი პოსტია :)) წარმატებები ;))

Unknown said...

დიდი მადლობა ორივეს... :)) თქვენც!

ჰო, ნათია, მეც ძალიან მიყვარს...

Clown said...

სალო როგორი საყვარელი ხარ :*

დეტექტივები თავიდანვე არ მიყვარდა, აი მაინ რიდზე კი ვაბოდებ, ეხლაც მიყვარს <3

ჰარი პოტერზე, ხომ უკომენტაროდ <3 <3 <3 მმმ...

სიყვარულოვნა said...

პოსტი ბოლომდე ეხლა დავასრულე. რა სულ "ჩემი" წიგნები ჩამოგითვლია :D :D "რა თქვა განსვენებულმა" ამ ზაფხულს წავიკიტხე და ავღფრთოვანდი იმ ქალთ <3 <3 აი შემიყვარდა. მაგრამ ბოლოს უკვე სერიოზულად მეცოდებოდა. მაგდენი სტერესის გადატანა არ გინდა? ამავე ავტორის მეორე წიგნმა დამაინტერესა, პოსტძში,რომ გაქვს ნახსენები... მინდა მინდა მინდა რააა!!!

ხო და ჰარი <3 <3 ვაიმე! დღემდე უსაყვარლესი წიგნია ჩემთვის, დაჟე წიგნზე მეტია!!