ვფიქრობდი ჩემთვის... თაფლიანი ჩაი მედგა წინ და ვერც ვხვდებოდი, ისე ვფიქრობდი... ადრე რომ მეძახდნენ, ის ორი მეტსახელი გამახსენდა... ორივე რომ რაღაც პერიოდთან ასოცირდება და ორივე რომ მეძვირფასება ძალიან, მაგაზე ვფიქრობდი.. მერე აღმოვაჩინე, რომ ყოველთვის მინდოდა, წითური ვყოფილიყავი... არასდროს წარმომიდგენია, როგორი ვიქნებოდი ჭორფლიანი და ჟღალი. პეპი გამახსენდა... (ერთ-ერთი იყო იმ ორიდან... მერე რა, რომ არასდროს ვგავდი, მაინც იყო.. ).
მინდორში მომინდა ძალიან... ასეთი ზამთარი არასდროს მახსოვს, მზიანი ზამთარი, თითქოს ჩემთვის შეუკვეთესო... ჰოდა, ასეთ მზიან ზამთარში მინდორში მომინდა შვლის ნუკრთან...
წარმოვიდგინე, როგორ გადავუსვამდი ხელს თავზე... ჯერ ფრთხილად, რომ არ შეშინებოდა... რომ შემეჩვეოდა, მერე თვალებში ჩავხედავდი და შიგ ჩემს სამყაროს დავინახავდი, იმ სამყაროს, ამდენი ხანი რომ ვეძებდი უშედეგოდ... მერე მივხვდებოდი, რომ არც სხვები მერიდებიან და მათთან ერთად ბალახისფერი დედამიწიდან ცას შევხედავდი...
... და ჩემი ბედნიერება ჰორიზონტს მიეჯახებოდა... გაიბერებოდა, გაიბერებოდა...
მაგრამ მე აქ ვარ... ფინჯანი ჩაი მიდგას წინ და საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ დრო მიგორავს... მოლოცვაზე ღიმილით ვპასუხობ ხალხს და რამდენიმე წიგნს ვკითხულობ ერთდროულად... მეშინია, რომ ვეღარ მოვასწრო მერე...
იქ კი მზე ჩუმად ანათებს ჩემთვის...
0 comments:
Post a Comment