• RSS

Sunday, April 15, 2012

“ალერსიანი მკვლელის“ მორიგი მსხვერპლი

საკონკურსო პოსტი
თემაზე :
"C ჰეპატიტი - მასთან დაკავშირებული სტიგმა-დისკრიმინაცია 
და საზოგადოების სწორი და დროული
 ინფორმირების აუცილებლობა". 

  ნატალის დედა 15 წლის ასაკში გარდაეცვალა, მამა ზრდიდა. მატერიალურად ძალიან გაუჭირდათ, გადაწყვიტეს 3-ოთახიანი ბინის გაყიდვა და სხვაგან, უფრო მოკრძალებულ საცხოვრებელში გადაბარგება. მყიდველი მალევე მოიძებნა და ნელ-ნელა ბინის დაცლასაც შეუდგნენ. 
  ნატალის ძალიან უყვარდა ხოლმე დედამისის ნივთებში ძრომიალი, მისი მძივების გაკეთება და სარკეში დიდხანს ყურება, ხანდახან მსგავსებებსაც პოულობდა თავის თავსა და დედის სურათებს შორის. ერთი უჯრა კი მისთვის ყოველთვის მიუწვდომელი იყო. ახლა კი, როცა ყველაფერი მუყაოს ყუთებში უნდა გაენაწილებინა, მამას იმ უჯრის გასაღები სთხოვა...

 ტკბილი და გრილი სუნამოს სუნი ეცა, ნივთები მტვრიანი იყო. მარჯვენა მხარეს ვერტიკალურად ჩაეწვინათ მოყავისფრო, შედარებით უფრო ახალი ბლოკნოტი... დანარჩენები ერთმანეთზე ეწყო... ნატალიმ გვერდიდან ამოაცურა ბლოკნოტი და შუაში გადაშალა...

„ 20 ივლისი, 2006 წელი.
დღეს პირველად ვიყავი შეკრებაზე... აქამდე მეგონა, რომ მხოლოდ მე გამწირა ასე უფალმა... არადა, რამდენნი ყოფილან ჩემ გარდა...ზოგს ქმარი ჰყოლია ინფიცირებული, ზოგს დედა, ზოგიც ნარკოტიკებითა და ტატუირებით გამხდარა ჩემნაირი... ნარკოტიკებით ყველაზე მეტი ავადდება, თურმე. ჩვენი ხელმძღვანელი კარგი ქალია. გვითხრა, აუცილებელია, ყველაფერი იცოდეთ C-ჰეპატიტზეო. ყოველდღე მცირე სიახლეს გაგვაცნობს...“

     ნატალიმ სწრაფად გადაფურცლა ბლოკნოტი:

„3 აპრილი, 2007 წელი. 
არ უნდა ენდო მეგობარს! ყველაფერი არ უნდა მოუყვე! საკმარისია, ოდნავ გული გადაუშალო და განწირული ხარ. თუმცა, ადამიანსაც გააჩნია... მე ამ მხრივაც უიღბლო აღმოვჩნდი... ორი კვირის წინ დიდი ხნის მეგობარი გვერდით მომიჯდა სამსახურში და წარბშეკრულმა მითხრა, ამ ბოლო დროს რაღაც გჭირს, ნინოო!  არც ტონალურით დამალული კანის სიყვითლე გამოპარვია მხედველობიდან... ყველაფერი მოვუყევი, როგორ წავედი იმ ავადსახსენებელ დღეს მანიკურის გასაკეთებლად და დავინგრიე მთელი ცხოვრება. რას წარმოვიდგენდი?ბოლო რამდენიმე დღეა, ისე მიყურებენ სამსახურში, თითქოს უცხოპლანეტელი ვიყო... მძულს ხალხი, მძულს! აღმოჩნდა, რომ შაბათს კორპორატიული ვახშამი იყო... მე რას ვაკეთებდი ამ დროს? სახლში ვიყავი და ტელევიზორს ვუყურებდი... რატომ? იმიტომ, რომ არავის გაუგებინებია ჩემთვის...“



   ნატალის თვალებზე ცრემლები მოერია... სავარძლიდან წამოდგა, კომპიუტერი ჩართო და google-ს მიაშურა. ხელების კანკალით აკრიფა: C-ჰეპატიტი და პირველივეს - medportal.ge/hepatitisc/ - დააკლიკა.


„თბილისში ჩატარებული კვლევების თანახმად, C-ჰეპატიტის პრევალენტობამ ზოგად პოპულაციაში 6,7% შეადგინა.“
„განსაკუთრებით აღსანიშნავია დაავადების მაღალი მაჩვენებელი ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში (70%).“
„ის ჩუმად, მზაკვრულად ეპარება ადამიანს და 15-25 წელი არსებობს მასში. ამის გამო „ალერსიანი მკვლელი“ შეარქვეს.“
„ამ დაავადების გამომწვევი ვირუსი ფლავივირიდეს ოჯახს მიეკუთვნება და სხვა ვირუსებთან შედარებით ძალიან პატარაა. ვირუსი სისხლის მიმოქცევას მიჰყვება, იბუდებს ღვიძლში და მრავლდება... გააჩნია ადაპტაციის დიდი უნარი, სწრაფად განიცდის ცვლილებებს და იოლად აღწევს თავს ყოველგვარ შეტევას...“


  ნატალი გვერდიდან გვერდზე გადადიოდა, თითები საშინლად გაეყინა, მაგრამ მაინც განაგრძობდა კითხვას:

„დასნებოვანება ხდება მაშინ, როცა ინფიცირებულის ბიოლოგიური სითხეები ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში მოხვდება.
დღეს ვირუსის გადაცემის სამი გზაა ცნობილი:
  1. სისხლით (გადასხმით, ნარკოტიკების ინექციური მოხმარება ინფიცირებულის შპრიცით, არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით).
  2. დაუცველი სქესობრივი კონტაქტით ინფიცირებულთან.
  3. ვერტიკალური გადაცემით - მშობიარობით, ორსულობით ან ძუძუთი კვებით. „
„მკურნალობა საკმაოდ ძვირია, 12 ათასი ევროდან ზევით... იგი მიმდინარეობს 6 თვე ორი პრეპატარით: პეგილირებული ინტერფერონით და რიბავირინით... თუ შედეგი არ მოჰყვა მკურნალობას, გამეორებას აზრი აღარ აქვს...“
„სამედიცინო მომსახურება, ტატუირება, პირსინგი, მანიკური უნდა განხორციელდეს უსაფრთხოდ!
სქესობრივი კავშირის დროს დამცავი საშუალებების გამოყენება მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისათვის.
მნიშვნელოვანია ნარკოტიკების მოხმარების ნაკლებად სარისკო გზებზე გადასვლა.“

     ამ ინფორმაციებთან ერთად რაღაც კანონებსაც მოჰკრა თვალი... სწრაფად ჩაიკითხა, საოცრად განერვიულებული იყო, ტუჩებს იკვნეტდა... ფრაზები ერთმანეთში ირეოდა... მიხვდა იმას, რომ დისკრიმინაცია ისჯება და ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია, ყველას აქვს უფლება, დაცული იყოს... „კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტურ დაცვას რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოც.წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოებების გამო დისკრიმინაციის წინააღმდეგ.“

     ეს წაიკითხა და გაჩერდა, თითქოს გონება გაეყინა... ყველაფერი დატრიალდა...
-------------------


    კლინიკის სუნი ზიზღის გრძნობას უღვიძებდა, წუთები საათებად ეჩვენებოდა... ფიქრის თავი არ ჰქონდა...
     ფურცელი ხელში აიღო, გულის რიტმი საფერთქლებში ურტყამდა...
     პასუხი დადებითი იყო!


4 comments:

სიყვარულოვნა said...

რატომ გაწირე ნატალი დადებითი პასუხისთვის?

Anonymous said...

შემეცოდა ნატალი...
პოსტს რაც შეეხება, საინტერესო + ინფორმაციულია და არც ისე მარტივის ასე წერა :)

Unknown said...

ნათი, კობამაც ეგ მკითხა :))
სამწუხაროდ, ხანდახან ავტორს პერსონაჟების ცხოვრება საკუთარი თავის მეტად ეფექტურად წარმოსაჩენად სჭირდებათ :)))) ეს წმინდა მატერიალური ახსნა იყო.. ისე კი, მინდოდა, რომ ნატალის ცხოვრებით დამენახებინა ის საფრთხე, რომელსაც შეიძლება თითოეული ჩვენგანის ორგანიზზმა "უმასპინძლოს"... :/

სექსი-კექსი, დიდი მადლობა შეფასებისთვის :)
მეც შემეცოდა ნატალი, რომ გადავიკითხე პოსტი, დასრულებისას ))

marimga said...

ჩემი პირველი რეაქცია : ვააააააა ))) კანარიომ ახალი პოსტი დაწერა?!
.........
კარგი პოსტი იყო.გულიც კი ამიჩუყდა . ბევრი რამე გავიგე ამ პოსტიდან და დიდი მადლობა ამისთვის შენ!