• RSS

Monday, September 6, 2010

ბერიკაცი


მოთხრობა მუზამოწოლილი ჩანაწერებიდან



      ლამპიონები ჩუმად ბჟუტავდნენ. თბილოდა ქალაქში. ერთ-ერთი მიყრუებული ქუჩის კუთხეში ხის ჭრაჭუნა სახლიდან მკრთალი სინათლე იღვრებოდა გარეთ და ლამპიონების სინათლეს ასევე ჩუმად ერეოდა.
  
     უყვარდა დალევა... ჩავიდოდა დუქანში, იქვე, მეზობელს რომ ჰქონდა მოწყობილი და დუქანს ეძახდა, არადა, მაგის გარდა ყველაფერი იყო. ჩავიდოდა, ნახევარ პენსიას დატოვებდა და ამოვიდოდა. მერე ეშინოდა... შიმშილი რომ შეაწუხებდა, სამი დღის უჭმელი მოიკიდებდა თეთრ ტომარას, რომელშიც, ალბათ, თავის დროზე ან ფქვილი ეყარა ბაზარში, ან შაქარი და ნაგვის ურნებიდან შუშის ბოთლებს აგროვებდა.

    შვილი არ ჰყავდა და შვილიშვილი... უფრო სწორად, ჰყავდა, მაგრამ 6-7 წელი იქნებოდა, მათი ხმაც კი არ გაეგო. ცოლი რომ მოუკვდა, შვილმა უთხრა, მამაო, რუსეთში წავალო, ფეხს მოვიკიდებო, კარგ სამსახურს ვიშოვნიო, შენც გაჭმევ და ჩემს ცოლ-შვილსაცო... წავიდა. მერე, ალბათ, ფეხიც მოიკიდა, სამსახურიც იშოვნა, ცოლ-შვილიც წაიყვანა და დარჩა ესეც მარტო. არ ემდუროდა შვილს, კარგად იყოსო, არაფერი მოაკლდეთ და მე ჩემს თავს კი შევინახავო, ოღონდაც რომ მოვკვდები, ოთხი ფიცარი მომცენ და ჩემი ცოლის გვერდზე დამმარხონ, მეტი არაფერი მინდაო.

      მიათრევდა დღეებს ტომარაში ჩაყრილი ბოთლებივით და არაფერზე ფიქრობდა, არც საზრუნავი გააჩნდა რამეზე ან ვინმეზე.

      შებინდებისას აუყვებოდა ხოლმე თავისი სახლისკენ მიმავალ აღმართს ნელი და ართანაბარი ნაბიჯებით, ხის კიბეს ააჭრაჭუნებდა, მოაჯირს წუთით დაეყრდნობოდა და შეაღებდა თავისი პატარა ოთახის კარებს. მერე კი ჩაიძრებოდა რკინის საწოლზე წამოწოლილი მარტოობისფერ მოგონებებში.

    მეზობლად ერთი გოგო ცხოვრობდა, სტუდენტი იყო, სოფლიდან ჩამოსული. ეცოდებოდა ხოლმე ბერიკაცი, ხანდახან ერთ თეფშ სადილს შეაწვდიდა, უფრო სწორად, კარს შეაღებდა და პატარა ხის სკამზე უტოვებდა, მაგიდისფუნქციაშეთავსებულ სკამზე. კარი ხომ სულ ღია იყო. მართალია, საკეტიც არ ჰქონდა, მაგრამ მოპარვითაც რას მოიპარავდნენ იმ გაძვალტყავებული ოთახიდან?!

    ერთხელ შვილისგან წერილი მიიღო. გაუხარდა, სახეგაბარდული კითხულობდა ყვითელ ნაგლეჯზე მიჯღაბნილ სიტყვებს: მამაო, გაგვიჭირდაო, - იწერებოდა რუსეთიდან - ფული მჭირდება სასწრაფოდო, რაღაც საქმეა, იქ ჩავდებ და დიდ მოგებას ვნახავთო, ეგ სახლი გაყიდე და ჩამოდიო.

        ამანაც გაყიდა დაუფიქრებლად...

    ზამთარშეპარული შემოდგომა იდგა, უკვე გვიან თენდებოდა და თან სიცივე ძვლებში ატანდა. ქუჩის ბოლოში რაღაც ხდებოდა, ხალხმრავლობა იყო. სტუდენტმა გოგომ სწრაფად ჩაირბინა ხის კიბეები და მიუახლოვდა. ცივ სიჭაღარეში ნაცნობი სახე რომ დაინახა, შეცბა, გაირინდა... ცრემლიც კი მოერია, ოღონდ არ ატირებულა.

         უბეში ფული უპოვნეს... და მეორე დღესვე დაკრძალეს ბერიკაცი. 

3 comments:

hausiusi said...

...საწყალი ბერიკაცი! სადარდებელი არაფერი ჰქონდა და შვილმა გაუჩინა...
...მაინც რა არის მშობლის გული? შვილი კი უძღები ჰყოლია...
...გადასარევი მოთხრობაა, ვინმემ არ მოგპაროს...
...და კიდევ კითხვა, რომელიც არც თუ ისე მნიშვნელოვანია მაგრამ როგორც ავტორს გკითხავ: ბერიკაცი უბეში ნაპოვნი ფულით დაკრძალეს არა??? საცოდავი... კაპიკები იქნებოდა, რას მისცემდნენ "მიყრუებული ქუჩის კუთხეში,აღმართზე მდებარე, ხის კიბიან ჭრაჭუნა სახლში არსებულ პატარა ოთახში, რომელიც არც კი იკეტებოდა... :( :( :(
მეორედ დავაკომენტარე, წინა ვერ გამოვყავი ასე აბზაც-აბზაც.

Unknown said...

ჰო, იმ ფულით... დიდი მადლობა, ძალიან მახარებ ხოლმე კომენტარებით :) მოპარვას რაც შეეხება, მათ ნამუსზე იყოს
:))

hausiusi said...

არაფერს :))) კი, მაგრამ აფსუსია ასეთი კარგი ნაშრომი (Y) ვინმე პლაგიატმა რომ მიითვისოს :)))