• RSS

Monday, September 19, 2011

ძვირფასო ჩემო თავო!



ვიცი, რომ დაბნეული ხარ და მოკითხვებით აღარ გაგიწყალებ გულს... ისიც ვიცი, რომ რამდენჯერმე წამაშლევინე დაწყებული წერილი და აღარ დავუშვებ, ეს კიდევ ერთხელ გააკეთო... უსაქმურობის პიკი გაქვს ცხოვრებაში... ასეთი უსაქმური არასდროს ყოფილხარ და სწორედ ამისი ბრალია, ათასი უსიამოვნო ფიქრის მსხვერპლი რომ ხდები. ნებისყოფა გივარგოდა და აღარც ეგ გივარდა... ამ ბოლო დროს ვეღარ გცნობ, ერთს რომ ვფიქრობ, საწინააღმდეგოს აკეთებ და სულ მეჯიბრები... გარშემომყოფებისთვის კი ხარ ღიმილიანი და მხიარული, მაგრამ მოსაღამოვდება თუ არადა და ჩემთან მარტო რჩები, მოიღუშები ხოლმე, სულ არ გადარდებს, მე როგორ ვარ... რა მტკივა, რა მაწუხებს... იქნებ რისი მოყოლა მინდა შენთვის?! დაჯდები ხოლმე წარბებშეკრული და ხმის ამოღების მეშინია... ერთხელ გავბედე და ამ დროს რაღაც გითხარი, შენ კი ისეთი თვალებით შემომხედე, გაჩუმება ვამჯობინე... 

ისე მექცევი, თითქოს სხვა ვიყო, ვიღაც, უცხო... მახსენდება ხოლმე, პატარები რომ ვიყავით, რა კარგი იყო... ერთმანეთი უფრო გვიყვარდა თითქოს... მაშინაც კი იყავი თავნება და ჯიუტი, მაგრამ ჩემს თხოვნებსაც ითვალისწინებდი ხოლმე... პატარები რომ ვიყავით, მართლა ჩემი ნაწილი იყავი, ახლა ვეღარ ვხვდები, რა გინდა და რა - არა... 

წერილის მოწერა ვამჯობინე შენთვის, თან ასე, საჯაროდ... იქნებ გამოფხიზლდე ცოტა და მოხვიდე გონზე... სხვები რომ წაიკითხავენ ამას, იფიქრებენ, ვერ არისო... ან შევეცოდებით, რა სერიოზული გაორება აქვსო... მაგრამ არ მაინტერესებს... ისევ ჩვენ გამო ვაკეთებ ამას... თან რამდენი ხანია წერილი არ დამიწერია! ჩვენ რომ ვიცით, ის ბლოკნოტიც მოსაწესრიგებელი გაქვს... სამი დღეა ხელში წიგნი არ აგიღია და მერე გაიძახი, კითხვა მიყვარს, კითხვა მიყვარსო... ვეღარ გიგებ და მართლა მწყდება გული. ეს წერილი თუ არ გიშველის, მერე სხვა ზომებს მივიღებ. არ იფიქრო, რომ გაშინებ და ნურც იმას იფიქრებ, რომ ეგოისტი ვარ და მარტო ჩემი კარგად ყოფნა მინდა! ეს ხომ ორივეს გვეხება! ვიცი, საღამოს ისევ შემოიტან ჩვენს ოთახში ჩაის და ლექსების კითხვას დაიწყებ... მოდი, იცი რა ვქნათ? შენც მომწერე წერილი საღამოს, ლექსების კითხვის ნაცვლად... შენ ამაყი ხარ, არ იკადრებ ასე საჯაროდ მესაუბრო... ეს ბლოგიც ხომ, პრინციპში, მხოლოდ ჩემია... აქა-იქ თუ დაწერდი ხოლმე რამეს ან იდეას თუ მომაწვდიდი... მინდა, რომ დამიბრუნდე და...

მინდა იცოდე, რომ შენთვის მხოლოდ კარგი მინდა! 


19 სექტემბერი, 2011.

0 comments: