• RSS

Friday, November 12, 2010

ვარსკვლავიჭამია

მინიატურული ჩანახატი


   ციოდა...
   ღრუბლები საბნად გადაფარებოდა ციმციმა ვარსკვლავებს და მთვარეს ელოდებოდნენ - გვიმღერებსო...
   არ ჩანდა მთვარე, გვიანი იყო...
   შეეშინდათ, ჩაეძინათ, გაეღვიძათ, უფრო აციმციმდნენ და ზეციდან ცრემლებად ჩამოსვივდნენ...
   აგუბდნენ გუბეებად, გაიზარდნენ, ჩაიღვარნენ და ყვავილებს შეერწყნენ...
   ყვავილის ფურცლებში, ბუტკოებში დაიბუდეს...
   ბზუოდა რაღაც. მიუახლოვდა და მთელი ძალით ამოქაჩა თავისი წვეტიანი ცხვირით...    სადღაც წაიღო, შორს... დიდხანს მიფრინავდა...
   იქ უფრო მეტი ბზუილა დახვდათ. ექვსკუთხა უჯრებში განაწილდნენ, დანაწევრდნენ, გაშრნენ, გარდაიქმნენ...
   მერე დიდი არსება მოვიდა, თავზე რაღაც ეხურა. იმან ამოიღო, გადმოღვარა...
   ოქროსფერ, ბლანტ, ტკბილ სითხედ გადაქცეულიყვნენ... გაუხარდათ, თავიანთი ფერი დაიბრუნეს, ოდნავ ბზინავდნენ კიდეც.
   მერე ცივ, გამჭვირვალე ქილაში ჩაასხეს და წაიღეს შორს...
   ვიღაცას თბილ ხელებში ეჭირა ბოლოს...

   მაგიდაზე იდგა ქილა. ღამდებოდა.
   ფანჯარაში ციმციმა ვარსკვლავები მოჩანდნენ, მთვარეც ჰყავდათ...
   გაახსენდათ, როგორ ეძებდნენ მთვარეს და საიდან სად აღმოჩნდნენ მერე...

   დილით თაფლიანი პურით ვისაუზმე.

0 comments: