• RSS

Saturday, June 25, 2011

მე და უკრაინელი


  ვისაც სლავური ენებისადმი ჩემი დამოკიდებულება მოეხსენება, სიცილი სათაურის წაკითხვისთანავე უნდა დაეწყო, მაგრამ ვინც ჯერ კიდევ არ იცის, ვეტყვი, რომ წინ საინტერესო პოსტი გელით. :) 

  ყვითელი ავტობუსის ერთგულმა მგზავრმა კიდევ ერთხელ ავდგი ფეხი საყვარელ ტრანსპორტში, ავიღე ბილეთი და რადგანაც მძღოლის გვერდით ჩემი "კუთხვნილი" ადგილი უკვე დაკავებული იყო, ბოლოში გადავინაცვლე. 

   ამ ბოლო დროს ხშირად ვსარგებლობ ყურსასმენებით, იშვიათადღა ვაკვირდები ხალხს, უფრო საკუთარი ფიქრებით ვერთობი ხოლმე. ახლაც ასე იყო, არც კი შევხედე ზედ, ისე ვანიშნე ხელით, იქნებ გადამატაროთ - მეთქი. დავჯექი, რა თქმა უნდა, ფანჯრის მხარეს და შევძვერი ფეისბუქზე. გვერდით აღფრთოვანებისა და გაკვირვების შერწყმულმა შორისდებულმა მიმახედა. რაღაცას მეუბნებოდა და თან ჩემს ტელეფონში იყურებოდა. მარტო "გრუზინსკის" მნიშვნელობა გავიგე და მივხვდი, რამაც გააკვირვა - ქართული ასოების დანახვამ მობილურში. :) 

    მაშინ დავაკვირდი მის ლურჯ, ღრმა თვალებს. გვერდით უკრაინელი ქალი მეჯდა, ასე 55-60 წლისა. ზუსტად ისეთი იყო, ბავშვობაში მისი ასაკის უცხოელი ქალები რომ წარმომედგინა - ძალიან კომუნიკაბელური, აქტიური და მხიარული. 

   მერე მოდელით დაინტერესდა... ნოკიაა - მეთქი, გამიხარდა, საერთაშორისო სახელები რომ ჰქვიათ ფირმებს, გავაგებინე :))  ჩანთიდან თვითონაც ნოკია ამოიღო. მგონი მითხრა, ჩემი რუსულ ასოებს არ აჩვენებსო (ლოგიკით მივხვდი)... ეკრანზე ახალგაზრდა გოგოს ფოტო ეყენა... ჩემი შვილიაო... ლამაზია - მეთქი, - ქართულად ვუპასუხე და გავუღიმე... მიხვდა, რუსული რომ არ ვიცოდი და ხელი ისეთი ოპტიმიზმით გაიქნია, ისწავლიო, კინაღამ მართლა მომინდა სწავლა :)) 

    მერე თავის "კროშკაზე" დამიწყო ლაპარაკი. უცებ დავიბენი, ვერ მივხვდი, ძაღლი ჰყავდა თუ კატა... მერე ღრმა ბავშვობის დროს ნასწავლიდან გამახსენდა, რომ ძაღლს "საბაკა" ჰქვია რუსულად და დავასკვენი, რომ კატაზე მელაპარაკებოდა... :)) 

   საოცრად თბილი და საყვარელი ქალი იყო... მერე ვკითხე, ქართული გესმით - მეთქი? შეკითხვის შინაარსი გაიგო და არაო, - მიპასუხა. რაღაცებს ამბობდა კიდე... მე ჟესტიკულაციაზე ვაკვირდებოდი და ლოგიკურად ვხვდებოდი, რას გულისხმობდა, ხმას აღარც ვუსმენდი... უკრაინელი ვარო, აქეთ ვცხოვრობო... დაინტერესდა, სტუდენტი ვიყავი თუ არა.. "ნოუ" - მეთქი, - ჩემდაუნებურად ამოფრინდა პირიდან ეს სამი ბგერა, არადა შემეძლო, "ნიეტ" მეპასუხა. "უი, დუ იუ სპიკ ინგლიშო?" - რუსული აქცენტით მკითხა და ორივეს გაგვეცინა. ))

  ბოლოს რაღაც თქვა კიდე და ჩანთის გასწორება რომ დაიწყო, მივხვდი, რომ უნდა ჩასულიყო.. კართან მდგომმა კიდევ ერთხელ შემომანათა დიიდი, ლურჯი თვალები, ხელი დამიქნია - "ბაი, ბაიო" :)  მოვასწარი და სასიამოვნო იყო - მეთქი დავუძახე. იმ მომენტში მართლა არ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა, გაიგო თუ არა უკანასკნელი სიტყვების მნიშვნელობა (მიხვდებოდა, ცუდს რომ არაფერს ვეტყოდი, ასეთი თბილი და ღიმილიანი "საუბრების" შემდეგ)...

 მესიამოვნა ეს დღე რაღაცნაირად... დადებითი ენერგიით ამავსო და თითქოს გამაბედნიერა...

    მივხვდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების ხარ. არ აქვს მნიშვნელობა, ენა იცი თუ არა. არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ... მთავარია, იყო ძალიან "მზიანი" (სოფი მახსენდება ამ სიტყვებზე).

  სახლისკენ მიმავალი კი ვფიქრობდი და უცებ ძაალიან მომინდა, დიდი ხნის შემდეგ, ბასკეთის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე შევხვდე ჩემხელა გოგონას და ჩემი არსებობით გავაოცო... 

10 comments:

Anonymous said...

ბასკეთი რა შუაშია, სალო?
ისე, ამ ბოლო დროს ძალიან "ესპანელობ" რაც ნამდვილად არ მომწონს..
შენ იმდენი გაქვს გასაკეთებელი შენი ცხოვრების ამ ეტაპზე, რომ უკრაინელებს, ბასკებს, ესპანელებს და ამ სისულელებს თავი დაანებე, რა !!!

Anonymous said...

ეგ კომენტარი, რატომღაც უსახელოდ გამოქვეყნდა და იმედია მიხვდი, რომ მამაშენი ვარ.. :-)

Unknown said...

კომენტარის სტილს რომ თავი დავანებოთ, შინაარსითაც მივხვდებოდი ))))
უბრალოდ ჩემს მომავალ პროფესიულ გეგმებს პირდაპირ და ირიბად დიდი კავშირი აქვს ესპანეთთან :) და თუ არ აქვს, ყველაფერს ვიზამ, რომ ჰქონდეს. ძალიან მინდა!

Anonymous said...

დაეტიე საქართველოში მეთქი !!!

Keti said...

ძალიან მომეწონა პოსტი, მართლა მზიანი იყო
ასეა – არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას და ა.შ., მთავარი კეთილი გულია. ამიტომ აღმოჩნდა ადვილი საუბრის გაბმა და კარგი განწყობის შექმნა :)

Unknown said...

მართალი ხარ, ქეთ... ბედნიერი ვარ ხოლმე იმ ამბის შემდეგ ამ პოსტს ვხედავ : ))

Clown said...

აუ სალო, რა სასიამოვნოდ ჩავიკითხე <3 მეც მქონია მსგავსი შემთხვევა.
რამოდენიმე კვირის წინს ერთ-ერთ ბარში ვიჯექი საღამოთი, ხოდა ტურისტები შემოვიდნენ, მხოლოდ ერთმა იცოდა გერმანული, ხოდა იმას ველაპარაკებოდი, ლუდიც კი მომიჭახუნა, მერე ერთ-ერთი ლიტველი იყო და მეტროში დამემგზავრა, ხოდა ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ინგლისურ-რუსულით ველაპარაკებოდი :დ

პ.ს მეც ღიმილით მახსენდება ^^

Unknown said...

გიოო :** საოცარი შეგრძნებაა მართლა.. ^^

miko said...

სალოოო, მოკლედ ალბათ მიცნობ ბაზალეთიდან :))
ე.ი. სანამ ბლოგს გავაკეთებდი მანამდე წავაწყდი შენსას და ეს პოსტი ძაალიან მომეწო+16;ა. მიყვარს ასეთი სიტუაციები, ტაო -კლარჯეთში რო ვიყავი უცხოელ ტურისტებს სადაც კი დავინახავდი, მივვარდებოდი და გიდივით რაღაც ისტორიებს ვუყვებოდი :)))
მოკლედ, ჩემი სახით ერთგული მკითხველი შეიძინე, მინდა გითხრა :))))

Unknown said...

დიდი მადლობა, მიკოო :* ვესტუმრები ხოლმე შენს ბლოგს ^^ და ჩაგამატებ "აქანე", მეზობლებში :D