• RSS

Sunday, November 6, 2011

სოკოს სალათი ფორთოხლის წვენით

საკონკურსო პოსტი სტიგ ლარსონის 
წიგნზე
"გოგონა დრაკონის ტატუთი"

   წამოწვიმებდა ხოლმე ხანდახან. გვშიოდა სამივს. საჭმლით სავსე ვიტრინას რომ ჩავუარეთ, ერთმანეთს გადავხედეთ და უახლოეს კაფეს მივაშურეთ.

     შესვლისას კარს ზევით დაკიდებული პატარა ზარი გაწკარუნდა. სიმყუდროვის სუნი იდგა, ფეხებმოწნულმა მაგიდებმა და მბჟუტავმა სინათლემ სასიამოვნო განწყობა შეგვიქმნა. მე და კატო რბილ, დივნის მსგავს სავარძელზე დავსხედით, ნინი ჩვენს პირდაპირ ჩამოჯდა... მენიუში ხბოს ხორცის სალათს დაადგეს თვალი, უცხო იქნებაო, მაგრამ ჩემი მიმიკების მოძრაობა სწრაფადვე შენიშნეს და გადაიფიქრეს... საშინელი სანახავი ვარ, როცა ვიჯღანები...


  - შენი წიგნი მოგიტანე, სალ, - აღფრთოვანება შევნიშნე ნინის სახეზე... ჩანთაში იქექებოდა... 
   მაგიდაზე შავით და წითლით გაწყობილი სქელი წიგნი გამომიცურა, ზედ ატლასის ფონზე ზურგგაშიშვლებული გოგონა ეხატა, მთელ ყურადღებას კი მის მარცხენა მხარზე მიხატული დრაკონი იპყრობდა.

     - ეს რა წიგნია? - ხელი სტაცა კატომ და შუაზე გადაშალა,
   " - ჩემი აზრით, ჰარიეტი მოკლეს. მე და ჰენრიკი ამაზე ვთანხმდებით. ერთადერთი გონივრული ახსნა ესაა..."  - დეტექტივია? 

  - ყველაზე საზიზღარი, ამორალური, ყველაზე საინტერესო და ჩახლართული დეტექტივია, რას კი ოდესმე წამიკითხავს, - მოკლე მიმოხილვასავით გამოუვიდა ნინის.
      - ისე, ხო მოგეწონა? - შემორჩენილ ემოციებს ჯერ კიდევ ვერ ვმალავდი.

   - ერთ ღამეში წავიკითხე, ვერ მოწყდები... ლიზბეთი გაოგნებს! სხვათაშორის, გარეკანზე შინაარსში რომ არ ეწეროს, რომ ლიზბეთი ჰაკერია, წარმოიდგინე, კიდევ ერთ კვანძს გაახსნევინებდა წიგნი მკითხველს, მაგრამ, მგონია, რომ ეს ჰაკერობა უფრო მეტად იზიდავს ხალხს და ერთგვარი სატყუარასავითაა...

   მდნარი ყველით შეზავებული სოკოს სალათი და ფორთოხლის წვენი მოგვიტანეს.

   - ჰო, გეთანხმები... თავიდან ცოტა მოსაწყენი გეჩვენება, მაგრამ მერე ისეთი რამეები ხდებაა, ოოო... - ორივემ გავხედეთ კატოს, რომელსაც ხან ერთ გვერდზე ჩაეყო ცხვირი, ხან მეორეზე...
   - ეგრე მაინც ვერაფერს გაიგებ.. - ჩაიხითხითა ნინიმ და ისევ მე მომიბრუნდა, - აუ, გოგო, ჰენრიკი ნამდვილი დებილია, ამ ხნის კაცი მაინც რომ არ ისვენებს, მაგაზე გავგიჟდი... ისე, მაგარი ერთგული ტიპი კი არის, წარმოიდგინე, როგორ უნდა გიყვარდეს ვიღაც, რომ ნახევარი სიცოცხლე მის ძებნას შეალიო... მაგრამ ზოგჯერ მეჩვენება, რომ ერთობოდა ამ გამოძიებით...

  - ზოგჯერ მართლა ტოვებდა ეგეთ შთაბეჭდილებას... თან ბოლოს რომ ეუბნება ბლუმკვისტს, კი არ მქონდა იმედი, რომ გახსნიდი ამ საქმესო... გაუხსნელ საქმეში რომ მილიონებს შემოგთავაზებენ, რა მაგარია!  ისე, როგორ გგონია, რომელი სათაური უფრო შეეფერება, "ქალთმოძულე კაცები", როგორც ადრე დაარქვა სტიგ ლარსონმა, თუ "გოგონა დრაკონის ტატუთი"? 

    - აუ, იცი, რას ვფიქრობ? ახლა მაგ წიგნს რომ "ქალთმოძულე კაცები" ერქვას, ნაღდად არ მომიდგებოდა წაკითხვა, რაღაცნაირად, არ მომხიბლავდა... თან ბოლო გვერდებიდან უნდა გაიგო მაინც, რატომ დაარქვეს წიგნს ეგ, მერე რა, რომ  ყველა ახალ ნაწილს ქალებზე ძალადობის პროცენტული მაჩვენებელი ერთვის თან... აი, "გოგონა დრაკონის ტატუთი" მგონია, რომ ყველას დააინტერესებს, იდუმალება ამ სათაურში უფრო დევს და ბოლოს და ბოლოს დასაწყისშივე ჩანს, ვისზეა საუბარი... და კიდევ, ეგ ტატუიანი გოგო რომ არა, ვერც ვერავინ გაიგებდა თუნდაც მაგ ქალთმოძულე კაცების ამბავსაც... ამიტომ, კარგად ჰქვია, რაც ახლა ჰქვია... 

   - გოგო, ბლუმკვისტის შვილი რა ქალია! საყვარელი ბავშვი! ვერც გაიგო, ისე დაეხმარა მამამისს საქმის დაძვრაში... მერე იტყოდა ბლუმკვისტი, არ მომწონს ჩემი შვილი რომ რელიგიური სექტების წევრიაო... რას იზამდა მის გარეშე, ძალიან მაინტერესებს! 

   - აუ, ხო, გოგო, მიახალა ეგრევე, ვერ გავიგე ბიბლიიდან მაინცდამაინც ეგ საშინელი თავები რატომ შეგირჩევიაო... ჰაჰ, მაგარი ქალია! 

   კატო ხან ერთს გამოგვხედავდა, ხან მეორეს, ხან ისევ წიგნში იყურებოდა, ფურცლებსაც ყნოსავდა და შიგადაშიგ ამბობდა, როგორ მიყვარს ეს სუნიო... მერე ნინიმ ხელი სტაცა წიგნს და გამოგლიჯა კატოს:
   - 18+ ია და შენთვის არ შეიძლება! - მე და ნინის გაგვეცინა, კატო ვერ მიხვდა და სახეზე შეეტყო, რომ ინტერესი უფრო გავუმძაფრეთ...

   - მეც მინდა სალანდერისნაირი ნიჭი! აუ, რამდენ რამეს გავიგებდიიი! - ქვედა ტუჩი გამობერა ნინიმ, თითქოს გაიბუტაო... 
     - ისე, მეც მომწონს ბლუმკვისტი! - გვერდულად ჩავიღიმე...
     - აი, შენღა აკლდი იმ კაცს, რააა! ისე ჰო რას ამბობ, ქალები აკლია და... 

   ხმამაღლა გამეცინა... ფორთოხლის წვენი ბოლომდე გამოვცალე და რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ისევ დავიწყე: 
    - კიდევ იცი რა მომეწონა? ბოლოსკენ მეილებით მიმოწერა როა... წმინდა ადამიანურმა ხასიათებმა იფეთქა ჩემში, მაგ მომენტში ისეთი სიამოვნებით ვკითხულობდი... ნებადართული ვიყავი, რომ სხვისი წერილები წამეკითხა...
    - არა, რა... კაი ტიპია ეგ სტიგ ლარსონი! ზედმეტად ბევრს კი ლაპარაკობს, დეტალური აღწერები უყვარს, მაგრამ არ გღლის, ისე აკეთებს მაგას და კაი ტიპია! 
     - ჰო... მიყვარს სამუშიას ნათარგმნი წიგნების კითხვა...
   - ამის ორი წიგნი კიდევ გამოსასვლელია, ეს ხო ტრილოგიაა და წინ კიდევ გველის სიამოვნებანი, - კმაყოფილი ლაპარაკობდა ნინი.

   - სანამ თქვენ მაგ "სიამოვნებანს" მიიღებთ, ეს წიგნი მე მიმაქვს, სულ არ მაინტერესებს 18+ ია თუ რა არის! - თავდაჯერებული ტონით გამოგვიცხადა კატომ...
   - წაიღე, მოგწონება!  - ლამის ორ ხმაში ვუთხარით ჩვენ...

   კატომ წიგნს ჩანთაში ადგილი მოუძებნა და სამივენი ერთდროულად წამოვდექით...

2 comments:

Anonymous said...
This comment has been removed by a blog administrator.
Anonymous said...

buy phentermine phentermine - buy phentermine online legit