• RSS

Friday, January 27, 2012

ბოლოს დროს მომხდარი ამბები



    ყველაფერი თითქოს უკუღმა ტრიალებს და მეც უჩვეულო ემოციებს ვემსხვერპლები ეს ბოლო კვირებია... სიზმარში მუდმივად გავრბივარ, ოღონდ სად ან ვისგან, ჯერ ვერ დავადგინე... ვუსმენ Adele-ს ხშირად და ფიქრებით მივდივარ ძალიან შორს...

    უნივერსიტეტის პირველი სემესტრიც მიმეწურა. გამოცდები არც აქამდე მაკლდა, მაგრამ დიდი ციებ-ცხელება მაქვს ახლა... მაღლივის ხშირი სტუმარი გავხდი და სულაც არ მსიამოვნებს, უგემური გარემოა, ცუდ ხასიათზე მაყენებს, განწყობაში მიფურთხებს...
   იქაურ კონტროლიორებს "ჩავუძმაკაცდი". იმდღეს რომ ვიყავი, გამოცდა მქონდა დილით... ბილეთი რომ დავანახე, სტუდენტურიც მომთხოვა. სტუდენტი რომ არ ვიყო, ამ დილა უთენია მაღლივში რა მომიყვანდა, მოხალისეს ვგავარ-მეთქი? თავისივე ალოგიკურობაზე ჩაფიქრდა, შევატყე, მაგრამ მაინც დაათვალიერა ყურადღებით ჩემი წიგნებიანი სტუდენტური ბარათი... გაოცებას ვარ, რანაირ ხალხს არ შეხვდები ამ დედამიწაზე!


   ჩაის ყუთი საყვედურით სავსე მზერას მომაპყრობს ხოლმე, თაროდან მის ნაცვლად ყავას რომ ვიღებ ამ ბოლო დროს... შევეჩვიე... მაგრამ ერთადერთი რამ არის, რისი გადაჩვევის დროსაც ძალისხმევა არ მჭირდება. 
    ვჭამ უუუამრავ კივს და არ მბეზრდება, სადაცაა მეც გავმწვანდები სულ... 

     როგორ მინდა, ისევ ისე იყოს ყველაფერი ჩემთან, როგორც ამ სემესტრში... ბავშვებთან ერთად, ჩემს ბავშვებთან ერთად ვიყო... ლექციების მერე რომ ჩავისეირნებდით ხოლმე ჩვენს მყუდრო "კვარიათში" და ჩვეულ მენიუს რომ ვუკვეთავდით... fრი, დიდი ლობიანი და ქათმის სალათი... მერე ხურდა-ხურდა რომ ვითვლიდით ფულს, ვის რამდენი უნდა გადაგვეხადა. 

   მაღლივიდან ანისთან წავედით მე და თამო იმდღეს ცოტა ხნით, ჭორაობაც მოვასწარით, "ქეიფიც", მომავალიც განვიხილეთ, ჩვენი ოცნებები დავლოცეთ, ვიცინეთ და წამოვჩანჩალდით მერე. 
    8 თებერვალს მაქვს შემდეგი გამოცდა, მაგრამ ვხვდები, რომ 2-2 დღეში ვეღარაფერს მოვაწრებ და უკვე დავიწყე რაღაც-რაღაცების ამოკონსპექტება. 31-ში ლიტერატურის ინსტიტუტში გამოცდამდელი კონსულტაცია გვაქვს და წამოვიღებ ამ რვეულს, დარწმუნებული ვარ, გამოგადგებათ და გადააქსეროქსეთ, ჩემებო! 

   წავედი ახლა მე, სანამ ჩემი კაკაო გამთბარა (ცივი მიყვარს).
 
   პ.ს. ამ ბოლო დროს რაღაც კატასტროფულად მომინდა ასეთი ოთახი!


Thursday, January 12, 2012

My sweetes sister ♬



   ხშირად მიფიქრია, როგორი ვიქნებოდი, დის მაგივრად, ამხელავე ძმა რომ მყოლოდა... ალბათ, არა ისეთი, როგორიც ახლა ვარ...  არ მეყოლებოდა გვერდით ადამიანი, რომელსაც ვეჭორავებოდი, ვეცანცარებოდი და ისიც გულიანად იცინებდა ამ ყველაფერზე : )) მეგობრებს, რომლებსაც პატარა ძმები ჰყავთ, ნერვები მუდამ ცუდ მდგომარეობაში აქვთ ხოლმე : ) ამ მხრივ მართლა გამიმართლა!

   ხუთი წლის ვიყავი, ჩემები რომ დაფეთდნენ და სადღაც გავიქეცით... დედას წითელი ხალათი ეცვა, რაღაც შენობის ფანჯრიდან გადმომხედა, მერე გაუჩინარდა... ოჯახის წევრები აქეთ-იქით დარბოდნენ, ექიმი ვნახოთო... დეიდაჩემს ფეხსაცმლის ქუსლი მოსტყდა სირბილისას... წვიმდა... 2 ივნისი იყო, მაგრამ მაინც წვიმდა და არც ისე ცხელოდა... მერე გამოვიდნენ და გოგოაო... მეეჭვიანა... ბიჭი უფრო მესაინტერესოვებოდა, რატო ბიჭი არ თქვეს-მეთქი, ვფიქრობდი... მერე მე მიყურებდნენ და ჩემდა საუბედუროდ, რასაც ვფიქრობდი, სახეზეც შემატყეს...

   რამდენიმე დღეში ადიელაში გახვეული რაღაცა მოიყვანეს... კიბეებზე დავხვდი და იქ გავიცანი პირველად. ისეთი ცქნაფა იყო, რომ გახსნენ, ბალიშის ნახევარი ძლივს იქნებოდა... იმ დღის მერე სულ სხვანაირად დაიწყო ცხოვრება. რაც უფრო იზრდებოდა, ნერვებს უფრო ვუშლიდით ერთმანეთს... შუადღით რომ ეძინა, კი ვსარგებლობდი ხოლმე მშვენივრად: თუ ამას არ შემისრულებთ, ვიყვირებ და ნანუკას გავაღვიძებ-მეთქი. ჯერ ნანუკა იყო, ცოტა ლაპარაკი დაიწყო თუ არა, ერთ დღესაც გამოგვიცხარა: "მე ნანუკა ალა, მე ნანაკო-ვო!" : ) იმის მერე დარჩა და დარჩა ნანაკოდ :)

   ყველაზე ცუდად ფრაზა - "პატარაა, დაუთმე" - მახსენდება. რამდენჯერ გვიჩხუბია! ფეხსაცმელიც კი მიგემია თავში მისგან : ))) მერე, ცოოტა რომ გაიზარდა, უფრო ვუგებდით ხოლმე ერთმანეთს, ჩვენი საიდუმლოებიც კი გვქონდა...

    ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, სახლში რომ მოვდივარ და არ მხვდება (კიდევ კარგი, იშვიათად აქვს საღამოთი საქმეები), მენატრება ხოლმე... ერთმანეთზე ყველაფერი ვიცით... გვიყვარს ხოლმე ოთახში შეკეტვა და ჭორაობა, სიმღერების მოსმენა... დილით რომ იღვიძებს ხოლმე და ვეტინგიცები, ჯერ სერიოზულად მიყურებს (ჩემზე სერიოზულია, რას ვიზამთ:)) ), მერე ეღიმება, მერე ერთად ვიხოცებით სიცილით... რამდენჯერ გვიცინია ჩაფსმამდე :))) გვერდი-გვერდ ვმსხდარვართ და გვიმესიჯია... წიგნებზე გვიტირია ბეევრი და არამარტო წიგნებზე :)) სულ სხვადასხვანაირი გემოვნება გვაქვს, არადა... ყველაფერი განსხვავებული მოგვწონს: საჭმელი, ტანსაცმელი, ფეხბურთის გუნდი, მუსიკა... კინაღამ დამავიწყდა მეთქვა, რომ ძალიან მაგრად უკრავს და მღერის, ანსამბლ "მზიურის" ერთ-ერთი წევრია... მგონი, ადრეც მითქვამს ეს თქვენთვის... კი, ორი წლის წინ მომიყოლია, თურმე: ჩემი "მზიურელი" დაიკო

   მიუხედავად იმისა, რომ გემოვნებით აბსოლუტურად განვსხვავდებით, უამრავი რამ გვაკავშირებს მაინც! თუ ვინმე შურიანი წაიკითხავს ამ პოსტს, მინდა, გაიგოს, რომ ვერასდროს ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს! რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ისევ შევიკეტებით და ისევ ვიჭორავებთ ბევრს, ბევრს, სანამ ენები არ დაგვიბუჟდება... 
ისე, მაინცდამაინც ნუ გამორიცხავ, მკითხველო, რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს შენც კი გახდე ჩვენი ჭორაობის მთავარი თემა, თუ უკვე არ გამხდარხარ!  : )) 

Wednesday, January 11, 2012

რაღაც, სითბოს მსგავსი...


   მაქვს ხოლმე ცხოვრებაში ჩავარდნები და ახლა სწორედ ეგ პერიოდია... თეორიულად კი მირჩევნია, წლის დასაწყისში ვიყო ასეთ მდგომარეობაში და მერე "დავიპყრო მწვერვალები", მაგრამ პრაქტიკულად როგორ განვახორციელებ, საინტერესოა...

   ახლა უბრალოდ თქვენთან ლაპარაკი მინდა... მინდა, რომ კარგი განწყობა შევიქმნა მომდევნო დღისთვის... მინდა, რომ ყოველდღე ვწერო რაღაც, მაგრამ ცოტა რთულია... სპეციალურად ჩაჯდომა უნდა ამ ყველაფერს და თითქოს გულს  ვეღარ ვუდებ... გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვივით, ხან ავფორიაქდები, ავიჭრები, გადავირევი, ხან წყნარად ვარ და ვუბრუნდები ჩვეულ კალაპოტს... გავზარმაცდი და როგორ მეშლება ნერვები...!

   წეღან რაღაცას ვეძებდი ბლოკნოტში და ჩემი შოკოს ჩანაწერს გადავაწყდი... დამთბა... აქამდეც უნდა გამომექვეყნებინა ეს ისტორიული ჩანაწერი და დამვიწყებია...


19.12.2011/ 13:40

დღეს ნიკოლოზობაა! გილოცავთ!
პირველი ხდებოდა, უნიში რომ შემოვაბიჯე, 118-ე აუდიტორიასთან დავეყუდე და კანარიოც გამოჩნდა <3 თვალები გაუბრწყინდა თავისზე ადრე მოსული რომ დამინახა : ) ლიტ.მცოდნეობის სემინარზე ვართ ახლაც. სანამ სოლო შემოვიდოდა, მე და კანარიომ გავცვალეთ ჩვენი "უმნიშვნელოვანესი" ინფორმაციები... ატაცებულები ვართ ორივე... იმედია, ყველაფერი კარგად იქნება!!!
მთავრდება სემინარი... აუf! მშია!ვიცი, ამ მსუნაგსაც შია! მაშ... კუჭი მეწვის! მეძინება! სახლში მინდა!
მიყვარს ჩემი კანარიო <3
ძალიან! ვიღაცას აქ ცუდი სუნი აქვს და ახლა უნდა გავგიჟდე :@
იმედია, კანარიო გააგრძელებს წერას დღევანდელი დღის...
ო.ღ.ჩ. რატო ხდება ესეთი სასიამოვნო მოულოდნელობები ხანდახან??? : ) ოხ!
მიყვარხართ!!!
კანარიო, ჩემო...

მეც ვითომ გავაგრძელე: 
ბლოკნოტი გადავშალე და ჩემი შოკონკორას ჩანაწერი დამხვდა უცებ... ვაიმე, ვაიმე! რა ბედნიერებაა, ფილოსოფიაზე რამე "ნათელ წერტილს" რომ დაინახავ...

ფილოსოფია და ჭირი ამათ... ხვალ სახლში ვრჩები იმის გამო, რომ მეორე შუალედურისთვის ნორმალურად მოვემზადო... მიყვარხართ და ჩემებს წარმატებები 13-ში, 4-ზე მაღლივში უნდა ვიყოთ...!

P.S. ჰო, მართლა, დღეს თექვსმეტობანაში წავაგე და უკვე ყველა რიცხვში 16 მელანდება... 

Thursday, January 5, 2012

მეკვლე


   ახალმა წელმა თავხედურად შემოაბიჯა, ბევრ ბლოგზე უამრავი პოსტი მიიძღვნა, საბოლოოდ დაემკვიდრა ჩვენთან, გაიბღინძა და თქვა: უახლოესი 365 სრული დღე ჩემს განკარგულებაშია, ნაკიანი წელიწადი მოვედიო! 

    სიმართლე გითხრათ, დიდად აღარც მე მეპიტნავება ეს თვითმარქვია დღესასწაული. გრინჩობასაც ნუ დამწამებთ, შეგერგოთ ლიტრობით შამპანური თუ ღვინო, მაგრამ... კარგით, ჰო! ქართველი ხარ, ქართველი ხარო-მეუბნებით, მე თუ ქართველი ვარ, ე.ი. ბლოგიც ქართულია. თუ ბლოგი ქართულია და ხშირად ჩემი ემოციებისა თუ გრძნობების თავშესაფარია, ერთი კარგი მეკვლე აქაც მჭირდება, მთელი წელი რომ მაუს(ფეხ)ბედნიერად გავატარო...
   
  



გადავათვალიერ-გადმოვათვალიერე, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მეკვლეობა ჩემი პატარა ნუცისთვის გამემეტა... ალბათ, იმიტომ, რომ ყველაზე თბილი და ტკბილი პაწუკაა დედამიწაზე <3 

   დაე, იცნობდეთ და ძალიანაც ნუ შეგშურდებათ, ასეთი მეკვლე ყველას კი არ ჰყავს! ;) 

   მე და ნუცის დედიკო, წრიპა, ბავშვობის მეგობრები ვართ-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრ ბავშვობის მეგობარზე კარგად რომ ვუგებთ ერთმანეთს, დანამდვილებით ვიცი! ორი სული ერთმანეთს რომ მოერგება Puzzle-ს კარდონებივით, ასე ვართ... ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე, ბევრ საჭირბოროტო თემას ვიხილავთ, ერთმანეთის ამბებს ვუსმენთ და რჩევებს არ ვიშურებთ... სიმართლე გითხრათ, ეს უკანასკნელი ირმაკუნას ჩემზე კარგად გამოსდის, გასაკვირი არცაა - მე ხომ მომავალ ფსიქოლოგზე გიყვებით ახლა..! 

 

  
  ჰოდა, ასე... მინდა, რომ ეს 365 დღე ყველასთვის სიხარულით სავსე იყოს, განსაკუთრებით კი ჩემი ორი ლამაზი გოგოსთვის! იანვრის ბოლოს ჩვენი ნუცი ერთი წლის გახდება და უფრო გაეშმაკუნდება... მე და წრიპასაც მეტი რა გვინდა, ვისხდებით და ნუცის ყოველ ახალ მეტიჩრობაზე მოვკვდებით სიცილით ^_^ 

      ნეტა იცოდეთ, როგორ ძალიან მიყვარხართ, ჩემო ბარტყუნიებო! 

Monday, December 26, 2011

მოვალეობას რა ვუთხარი!


ორი დღეა "home alone"-ს საუნდტრეკს ვუსმენ, იქნებ როგორმე მომიყვანოს საახალწლო განწყობაზე-მეთქი... ყოველ წელს რაღაც ახლის მოლოდინში ვარ. მჯერა, რომ სასიკეთოდ ჩამოჰკრავს 12-ს საათი და იმ წუთიდან ხელახლა ჩავებმები ცხოვრების ფერხულში... ძველზე დაშენებული ახალი ემოციებით, ახალი ამბებით... ბოლო რამდენიმე წელია 31-ში ვაწყობთ ნაძვის ხეს მე და ნანაკო. რომ ვუკვირდები, რაღაც ნაძალადევი პროცესია, შედეგი კი მოგვწონს, მაგრამ მაგასაც ხასიათზე ყოფნა უნდა და მიჭირს განწყობის ყურით თრევა... როგორც ახლა!

ერთადერთი, რისი ხალისიც გამაჩნია ამ წუთებში, ასეთი ნაძვის ხის აწყობაა... შეიძლება, გავაკეთო კიდეც (შედეგს გაჩვენებთ).


ფეისბუქზე მობილური სეთინგები გამეთიშა და თითქოს რაღაც მაკლია. ბოლო რამდენიმე დღეა იდიოტივით ველოდები მეგობრების განახლებულ სტატუსებს, მაგრამ რად გინდა?! ახლაც ვეჩალიჩები, 234612034620-ჯერ გავაგზავნე მოთხოვნა და ჯერ არც არაფერი შეცვლილა... 

კოლოქვიუმები ისევ თავზე მაყრია. 3 დამრჩა, ამ წელს მარტო ორი მიწევს, სამაგიეროდ, ფილოსოფიურად დავიწყებ 2012-ს. :/ ახლაც მეჩქარება და მე ამ პოსტს ვუზივარ... ფილოლოგიის თემები უნდა დავამუშავო, ავკრიფო და ბავშვებს გავუგზავნო... ბოლოს მომიღებს ეს ჰუმანურობა :| 

მალე მოვალ ახალი პოსტით, ახალი განწყობით და ახალი დაააადებითი ემოციებით, ტე პრომეტო! <3 
მანამდე ამას უსმინეთ