• RSS

Monday, June 15, 2009

ნაყინი

ნაყინი - ეს ის ტკბილი საკვები პროდუქტია, რომელსაც ერთნაირად ეთაყვანება დიდი თუ პატარა. განსაკუთრებით კი პატარების აღფრთოვანებას იწვევს. თუმცა ბავშვები იზრდებიან, ნაყინის სიყვარული კი ბოლომდე მიჰყვებათ.

ნაყინის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში ჩინელები ხილისა და ყინულისგან შესანიშნავ გამაგრილებელ დესერტს ამზადებდნენ. ხილის ნაყინის რეცეპტმა ევროპამდე XIII საუკუნეში - მარკო პოლოსთან ერთად ჩამოაღწია. ნაყინის მოყვარულთა შორის ბევრი გვირგვინოსანიც იყო - ალექსანდრე მაკედონელი, კეისარი, ნერონი, ნაპოლეონ ბონაპარტი, პეტრე მესამე, ეკატერინე მეორე. ნაყინს რძე ანა ავსტრიელის დროს დაუმატეს, ბრიკეტის "შეფუთვა" შოკო-ლადში XX საუკუნის ბოლოს ისწავლეს. ცნობილი და სახელგანთქმული ესკიმოს ავტორობას კი დღემდე ეცილებიან ერთმანეთს ამერიკელები და ფრანგები. "ახალი ქვეყნის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ესკიმო მათ ქვეყანაში გაჩნდა და "ესკიმო-პაი" (ესკიმოს ღვეზელი) ეწოდებოდა, ხოლო ძველი ქვეყნი-ერების მცხოვრებთ თავიანთი ვერსია აქვთ: ესკიმომ ეს სახელი იმიტომ მიიღო, რომ თავდაპირველად ის კინოთეატრში იყიდებოდა, სადაც გადიოდა ფილმი ესკიმოსების შესახებ. სამაგიეროდ, პლომბირის გამო აზრთა სხვადასხვაობა არ არის, ის ნამდვილად საფრანგეთში გაჩნდა და სახელწოდებას პატარა ქალაქს უნდა უმადლოდეს, სადაც პირველად დაამზადეს ეს ნაყინი - პლომბიენს. თანამედროვე ნაყინის შესახებ კამათი უაზრობაა: სხვადასხვა ფერის, შემადგენლობის უამრავი სახეობა იყიდება, რომელთა შორის აუცილებლად იპოვით თქვენთვის ყველაზე ნატიფ და დამატყვევებელ გემოს. შემადგენლობის მიხედვით ნაყინი შეიძლება დავყოთ 5 დიდ ჯგუფად (რძის ცხიმის შემცველობის მიხედვით): პლომბირი, ნაღების, რძის, ნაყინი მცენარეული ცხიმით (ნაწილობრივ ან მთლიანად) და შაქრის სიროფზე დამზადებული (რძის ნედლეულის გარეშე), ხილითა და კენკროვანებით. ბოლო ორი ჯგუფის ნაყინს ხშირად "მსუბუქსაც" უწოდებენ. პლომბირი - ეს არის ნაყინი გამორჩეულად მომეტებული ცხიმიანობით, მასში რძის ცხიმი 12-15 პროცენტამდეა. ეს ყველაზე კალორიული და ძალიან პოპულარული სახეობაა ბევრ ქვეყანაში. ნაღების ნაყინი მთლიანად ნაღებზე დამზადებული არ არის, როგორც სახელწოდების მიხედვით შეიძლება დაგრჩეთ შთაბეჭდილება, უბრალოდ მასში შედის რძის ცხიმის 8-10% (როგორც ტრადიციულ ნაღებში). რძის ნაყინი შეიცავს მხოლოდ 3,5% ცხიმს (როგორც სტანდარტული რძე).
"მსუბუქი" - ამ სახეობის ნაყინი შეიცავს რძის ცხიმის მინიმალურ რაოდენობას. ხოლო ზოგიერთი ხარისხისა საერთოდ არ შეიცავს ცხიმს (მაგალითად, ხილის ყინული) ან მას მცენარეული ცხიმით ცვლიან (ჩვეულებრივ, ქოქოსის კარაქით). ხილის ნაყინის სახეობები უფრო ტკბილია, ვიდრე რძის ან ნაღების სახეობები: ისინი შეიცავენ 30% შაქარს (ნაყინი, რომელიც რძეზეა დამზადებული, 12-20%-მდე შაქარს შეიცავს). ბევრ ქვეყანაში ნაყინს მხოლოდ ნატურალურ კენკროვანებს, ხილს ან ნატურალურ და ნატურალურის იდენტურ არომატიზატორებს და საღებავებს უმატებენ.