• RSS

Thursday, January 28, 2010

დღეს სალომეობაა!

 სალომეებო, გილოცავთ სალომეობას! 


    ალბათ, ბევრმა არ იცის, მაგრამ მეც სალომე მქვია, ამიტომ უფრო მომინდა ჩემი სეხნიებისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და დანარჩენებისთვის კი ჩვენი სახელის ისტორია მომეყოლა! :-) 

   სალომე ძველი ებრაული სახელია და ქართულად მშვიდობას ნიშნავს (Shalom).



   დღევანდელი დღე, 28 იანვარი, წმინდა სალომე უჯარმელისა და პეროჟავრა სივნიელის ხსენების დღეა. წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს) უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმინდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.

სალომე უჯარმელი მირიან მეფის (ხს. 1 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი იყო. პეროჟავრაც ქართლის ერისთავის მეუღლე გახლდათ. მათ დედოფლის პატივთან ერთად „ტყვე ქალის" - წმინდა ნინოს მსახურებაც იტვირთეს და მუდამ იწვრთნებოდნენ წმიდა ნინოსაგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.

ქართლის მოქცევის შემდეგ, წმინდა ნინოს შთაგონებითა და წმინდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმინდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.


   
    2 აგვისტოს სალომეებს წმინდა სალომე ქართველის ხსენების დღეც გვაქვს. წმინდა სალომე XIII საუკუნეში სპარსელებმა აწამეს. სავარაუდოდ, იგი იერუსალიმის დედათა სავანეში მოღვაწეობდა. მის შესახებ ცნობას გვაწვდის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარი, სადაც ნათქვამია, რომ 20 ივლისს ასევე ეწამა სალომე ქართველი, რომელიც თავიდან ცდუნდა სპარსთაგან და უარყო ქრისტე, მაგრამ შემდგომ შეინანა, აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და ეწამა კიდეც ქრისტესთვის. მას თავი მოკვეთეს, რის შემდეგაც მისი სხეული დაწვეს. 

წმინდა სალომე ქართველის
ტროპარი


მოწამემან შენმან უფალო სალომე ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.




  ასევე, ქართული წყაროები წმინდა მენელსაცხებლე დედა სალომეზეც გვიყვება, რომელიც წარმოშობით გალილეადან იყო. სალომე არის მეუღლე ზებედესი, დედა იოანე და იაკობ მოციქულებისა. სხვა დედაკაცებთან ერთად სალომეც დაჰყვებოდა და ემსახურებოდა უფალსა და მის მოწაფეებს. დედური სიყვარულით აღძრულმა, ქრისტეს სთხოვა, რომ მისი ძენი განედიდებინა და ერთი თავის მარჯვნივ დაესვა ცათა სასუფეველში, მეორე – მარცხნივ. ცნობილია ასევე, რომ სალომე ესწრებოდა ქრისტეს ჯვარცმასა და საფლავად დადებას, მესამე დღეს კი ახლდა სხვა მენელსაცხებლე დედებს, რათა ნელსაცხებელი ეცხო თავისი უფლის სხეულისთვის. 

ქრისტიანთა დევნამ დიდი ტკივილი მოუტანა მას. იროდის ბრძანებით სალომეს უფროს ვაჟს – იაკობ მოციქულს თავი მოჰკვეთეს. თვითონ წმინდა სალომე მშვიდობით მიიცვალა უფლისა მიმართ. 


წმინდა მენელსაცხებლე დედათა
ტროპარი


მენელსაცხებლე დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკუდავთათჳს სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა, არამედ ჴმა-ვჰყოთ, ვითარმედ აღსდგა უფალი და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი

ნელსაცხებელის მიმღებელთა გიხაროდენი მიაგებე და გოდებაჲ პირველისა დედისა ევასი სიხარულად გარდასცვალე აღდგომითა შენითა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მოციქულთა ხარებაჲ უბრძანე, ხოლო იგინი ჴმობდეს: მჴსნელი ჩუენი აღსდგა საფლავისაგან.

კიდევ ერთხელ გილოცავთ სალომეობას და მშვიდობას გისურვებთ!  



5 comments:

giorgibenashvili said...

მეც გილოცავ.. :*

clown said...

სალო გილოცავ ^^ <3

Na[Na]Ko said...

სალო გილოცავ! :* :* :*

kanario said...

გმადლობთ, გაიხარეთ!

Salomeaa said...

გილოცააავ:))) მიყვარს ეს დღე. შეგვეწიოს ჩვენი წმინდანი