• RSS

Sunday, February 28, 2010

ექსკლუზივი

    შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ჟურნალისტობა მინდა. ჩემი სამომავლო მიზნების კარგად განსახორციელებლად მოსწავლეთა ეროვნული სასახლის გაზეთ "გაზაფხულთან" ვთანამშრომლობ უკვე სამი წელია და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არაერთი რეპორტაჟი, ნარკვევი თუ ინტერვიუ გამიკეთებია და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს ჩემი საქმეა. 

   წეღან ქ.-ნი ელდინო საღარაძის ინტერვიუს ვკრეფდი word -ში და მომინდა, თქვენთვისაც წამეკითხებინა. მართალია, გაზეთის გამოსვლამდე არავის ვაკითხებ ხოლმე სტატიას, მაგრამ გამონაკლისს დავუშვებ და შემოგაჭყიტებთ ჩემს "შიდა სამზარეულოში". :) 


  ქალბატონი ელდინო ვერიკოს თეატრის მსახიობია, მის არაერთ სპექტაკლს დავსწრებივარ და აღფრთოვანებული და გულაჩუყებულიც წამოვსულვარ სახლში. მე და ჩემს რედაქტორს ერთდროულად მოგვივიდა აზრად ელდინო საღარაძის ჩვენი მკითხველისთვის კარგად გაცნობა და საქმესაც შევუდექი. 

   რასაც ახლა დავწერ, ეს სტატიის მცირე ნაწილია. უფრო ვრცლად, მოსწავლეთა სასახლის გაზეთ "გაზაფხულის" მარტის ნომერში იხილეთ. :) 



  - თქვენ ცნობილი მსახიობი და პროფესიონალი ბრძანდებით, რა ასაკიდან                 გადაწყვიტეთ მსახიობობა და როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას ოჯახი? 

  - რაც თავი მახსოვს, მსახიობობა მინდოდა. ჩემ გარშემო ყველა ხედავდა, რომ ამისთვის ვიყავი მოწოდებული, მაგრამ როცა თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადავწყვიტე, ოჯახის წინააღმდეგობას წავაწყდი და როგორც „მორჩილმა“ შვილმა, უკან დავიხიე. ახლა ვაცნობიერებ, რომ შევცდი. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის გზაზე სიარულს ათი მცნების შესრულებაში ვხედავ, მეხუთე მცნება - პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგძელ იყო ქვეყანასა ზედა, დღეს ასე მესმის: პატივისცემა სრულ და უპირობო მორჩილებაში სრულებით არ გამოიხატება. შენი იდეალების დაცვა უნდა შეძლო ადამიანმა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და ოჯახმა როგორც გადაწყვიტა, ისე მოვიქეცი - ჩავაბარე თბილისის სახ. უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე და დავამთავრე კიდეც, თუმცა სულსა და გულს არ ეკარებოდა ის საქმე, რასაც ვაკეთებდი. ახლა ადვილია საუბარი, მაგრამ მაშინ ძალიან უბედურად ვგრძნობდი თავს. დავამთავრე უნივერსიტეტი და ქიმიის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, მაგრამ ეტყობა, ზეცაში სხვანაირად იყო გადაწყვეტილი. მასწავლებელთა შორის მხატვრული კითხვის კონკურსი მოეწყო და მონაწილეობა მივიღე. ამ კონკურსმა სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ჟიურიმ დამარწმუნა, რომ დიდი შეცდომა მქონდა დაშვებული, როცა ქიმიკოსობა გადავწყვიტე და შემაგულიანა, საყვარელი საქმისკენ შემოვბრუნებულიყავი. იმ დროისათვის უკვე გათხოვილი  და ორი შვილის დედა ვიყავი. ჩემმა ახალმა ოჯახმა დიდად შემიწყო ხელი ოცნების ასრულებაში, თუმცა ახლა ჩემი მშობლები ძალიან ხარობენ, ჩემი ქება რომ ესმით - ასე რომ, ყველას მოგიწოდებთ, ძალიან კარგად დაფიქრდით პროფესიის არჩევაში. ეცადეთ, სწორად მიაგნოთ თქვენს ნამდვილ მოწოდებას, თქვენს ამქვეყნიურ მისიას.

  - გვიამბეთ თქვენი პირველი როლების შესახებ.

  -   მე გითხარით, სცენისაკენ შემოვბრუნდი - მეთქი. ეს იმას ნიშნავდა, რომ პროფესიული განათლება უნდა მიმეღო. თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება  უკვე დაგვიანებული იყო. ჟიურიმ ესეც გაითვალისწინა და საესტრადო სასწავლებელში სწავლა მირჩია სალაპარაკო ჟანრის სპეციალობით. ჩემი მომავალი პედაგოგი მხატვრულ კითხვაში, აწ განსვენებული ესმა ახალკაცი იმ კონკურსის ჟიურის წევრი იყო და სწორედ მან აიღო თავის თავზე ჩემი „პატრონობა“. ისე რომ, კონკურსიდან პირდაპირ ამოვყავი თავი ხსენებული სასწავლებლის თავისუფალ მსმენელად. სამ წელიწადში კი უკვე საქართველოს ფილარმონიის სოლისტი გახლდით მხატვრული კითხვის ოსტატის ცენზით.
    თავიდან დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მქონდა. მე დრამაში თამაში მინდოდა. როლები! მერე მივხვდი, რომ ყველაფერი სწორედ ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო! მხატვრული კითხვა... ჩვენი საოცარი ლიტერატურის, პოეზიის მხატვრულად წაკითხვა! ის არაჩვეულებრივი იყო! მართალია, არ იყო როლები, როგორც თქვენ ახსენეთ, მაგრამ იყვნენ... პირველი ავტორები!  გამსახურდია (კონსტანტინე) ჩემი „პირველი სიყვარული“ იყო. მისით იწყებოდა ყოველი ახალი ეტაპი ჩემი მსახიობური ცხოვრების გზაზე. ჩემი ბოლო სპექტაკლი ერთი მსახიობის თეატრში „დიდოსტატის ნადიმი“ (რეჟ. იოანე ხუციშვილი, ინსცენირების ავტორი - რამაზ ბერაძე) მისი ნაწარმოებების მიხედვით გაკეთდა.
   გალატკიონი! რა რთული და სანტერესო იყო მის პოეზიაზე მუშაობა. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც სრულიად უანგაროდ მეხმარებოდნენ ფეხზე მყარად დადგომაში. უპირველეს ყოვლისა, ჩემი უსაყვარლესი პედაგოგები: ზემოთ ხსენებული ქ.-ნი ესმა ახალკაცი და პოეტი და მსახიობი ცირა ქიტიაშვილი, რომელიც შემდგომში ფილარმონიის რეჟისორად მოგვევლინა და კვლავ ზრუნავდა ჩემზე. (დამავიწყდა მეთქვა, რომ თავის დროზე მასწავლებელთა კონკურსი მხატვრულ კითხვაში სწორედ მისი თაოსნობით ჩატარდა. ისე რომ, ქ.-ნი ცირა თავის „აღმოჩენას“ მიწოდებდა, ხოლო მსახიობთა წრეში „ცირას გოგოს“ მეძახდნენ.) ბ.-ნი აკ. ხინთიბიძე - ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, რომელმაც ქართული ლექსთმცოდნეობის საიდუმლოებებში ჩამახედა და განუზომელი ამაგი დამდო გალაკტიონის უკიდეგანო ლექსოკეანეთის სიღრმეების მოხილვაში.
გიორგი სიხარულიძე - ჩემი ყოფილი მოსწავლე პიონერთა სასახლეში, რომელიც შემდგომში რეჟისორად მომევლინა და... დაიბადა სპექტაკლი „ჩემი გალაკტიონი“, ისიც ერთი მსახიობის თეატრში. უფრო ადრე კი გიორგი სიხარულიძემ ჩემი პირველი სპექტაკლი „ხმა იდუმალი“ დადგა იმავე თეატრში ნ. ბარათაშვილის პოეზიის მიხედვით.
   რაკი სპექტაკლებზე ჩამოვარდა საუბარი, ჩემს კიდევ ერთ სპექტაკლს ვახსენებ - „ეს რა წიგნი ყოფილა“, ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ნამუშევარია, ზვიად გამსახურდიას „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველების“ მიხედვით, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორმა იოანე ხუციშვილმა დადგა. (მე იმედი მაქვს, ამ უნიჭიერესი რეჟისორის სახელს მალე მთელი საქართველო გაიგებს!)
  ჩემი დებიუტი დიდ სცენაზე კი რევაზ ინანიშვილის „ცეტებით“ შედგა. ბ.-ნი რეზო ერთ-ერთი პირველი ავტორი იყო, რომელზეც სტუდენტობაში ვიმუშავე და მე ვფიქრობ, ფეხბედნიერი იყო ჩვენი შეხვედრა ჩემთვის.

  - კარგად იცნობთ თქვენს პერსონაჟებს? ხდება თუ არა ისე, რომ რამე თქვენეულსაც აქსოვთ მათ ხასიათსა თუ ქცევაში?

  - თვითეული ავტორი მხატვრული კითხვის ოსტატმა საკუთარი აზროვნებისა და გრძნობათა ბუნების პრიზმაში უნდა გაიაროს, მაგრამ ავტორისეული ინდივიდუალურიბა აუცილებლად უნდა ჩანდეს კითხვისას. არ ვიცი, ამას რამდენად ვახერხებ, მაგრამ ვცდილობ კი.

  - თამაშობთ ვერიკოს თეატრში, მაინტერესებს, როგორი გრძნობა გეუფლებათ, როცა მაყურებელთან ისე ახლოს ხართ, რომ თქვენი სუნთქვაც კი ესმით?

  - დისტანციური სიახლოვე მაყურებელთან სულიერ სიახლოვეს ბადებს. მაყურებელი ჩემი პარტნიორია, მე მას თვალებში ვუცქერი, ვესაუბრები, ვცდილობ, ჩემი გულის და სულის სიღრმეში ჩავახედო, მე კი მის სულსა და გულში შევაღწიო. ამ ჰარმონიისთვის მაყურებელიც მზად უნდა იყოს. როცა ეს მზაობა არსებობს, ის ჩემი უძვირფასესი მეგობარი ხდება, ვცდილობ, საუკეთესო შევთავაზო, რაც კი ჩემს ადამიანურ არსებაში მომეპოვება. ეს ნამდვილი პროფესიული ბედნიერებაა! ხოლო როცა ეს მზაობა არ არსებობს, მის თითქოსდა გახელილ თვალებს ფარდა აქვს ჩამოფარებული, ვერ ვაღწევ მის სულში, მას ჩემი არ ესმის. ვგრძნობ, ის არ ღებულობს ჩემგან ყველაზე ძვირფასს, რისი გაღებაც შემიძლია ცხოვრებაში და ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს უძვირფასესი თვლები ტალახში გადამიყარეს და... უბედური ვარ!  ეს „უბედურება“ იქამდე მიმყვება, სანამ „საჩემო“ მაყურებელს შევხვდები.

   - სასახლიდან წასვლის მერე თქვენ ურთიერთობა არ გაგიწყვეტიათ ბავშვებთან, მომავალი მსახიობობისკენ უკაფავთ გზას, რთულია მათთან მუშაობა?

  - ბავშვებთან მუშაობა ძალიან სახალისოა, მაგრამ საპასუხისმგებლო. არც სასახლეში და არც ფოლკლორის სასახლეში ჩემთვის მთავარი მომავალი მსახიობის აღზრდა არ ყოფილა. მთავარი ყოველთვის ის იყო, რომ მათ პიროვნებად ჩამოყალიბებაში მივხმარებოდი, მივხარებოდი იმ ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელიც მათი ზნეობრივი საყრდენი იქნებოდა, რადგან ღრმად მწამს, რომ ამ საყრდენის გარეშე ადამიანად ვერ შედგები. ვცდილობდი, გამეღვიძებინა მათში უფლის, ქვეყნის, ადამიანის სიყვარული, სიყვარული მშობლიური ენისა, ლიტერატურისა, თეატრისა. მივხმარებოდი, რომ მათ თავიანთი მოწოდებითვის მიეგნოთ. თუ სურვილთან ერთად ნიჭსაც გამოავლენდა რომელიმე მათგანი, ის თვითონ იღებდა გადაწყვეტილებას, გამხდარიყო თუ არა მსახიობი. კულტურულ და გემოვნებიან მაყურებლად კი ყველა ყალიბდება.
   თანდათან ვრწმუნდები, რომ მასწავლებლობა ყველაზე მადლიანი პროფესიაა. გაკვეთილი ჩემთვის ისეთი დიდი რამაა!... სცენას უფრო იოლად შეველეოდი, ვიდრე გაკვეთილს.

   - სასახლეში ვნახე თქვენ მიერ დადგმული სპექტაკლი ტიციან ტაბიძის შემოქმედებაზე. ძალიან ორიგინალურად იყო მაყურებლამდე მოტანილი ტიციანის ცხოვრება. პედაგოგი, მოსწავლეები, მაყურებელი ერთად ვიყავით და ამ ყველაფერს მეცადინეობის სახე ჰქონდა. ასეთ შემთხვევაზე ამბობენ, შედეგი ამართლებს მიზანს და მართლაც ასე იყო. როგორ მოდის ასეთი იდეები?

  - ო, ეს სპექტაკლი მე ძალიან მიყვარდა!  ჯერ ერთი, ტიციანი ჩემი საყვარელი პოეტია. მეორეც, ძალიან ნიჭიერი ბავშვები თამაშობდნენ ჩემთან ერთად. ფორმა მე მოვიფიქრე, ბავშვებს ძალიან მოეწონათ და დიდი ხალისით იმუშავეს. მიხარია, რომ აქამდე გახსოვთ ეს სპექტაკლი.
   რაც შეეხება იდეების მოსვლას...
   იდეა აქაც ისე მოვიდა, როგორც ზოგადად მოდიან იდეები. ამის ასახსნელად ასეთი თეორია არსებობს: იდეები ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობენ და სამყაროში „დიფუნდირებენ“ რხევების, ვიბრაციების სახით. თუ ადამიანი თავის აზროვნებას, ნიჭს (წმინდა მამები ნიჭს სულის ძალას უწოდებენ), ენერგიას კონცენტრირებულად მიმართავს სასურველი მიზნისაკენ, ის თავის შინაგან რიტმს, იმ რხევების რიტმს უახლოვდება, რა რიტმიც სასურველ იდეას გააჩნია და ეს იდეა ადამიანის სააზროვნო სივრცეში შემოდის. ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება, უპირველეს ყოვლისა კი სიყვარული. ალბათ, ამიტომ თქვა აინშტაინმა: თუ გინდა, რაიმე დიდს მიაღწიო, საქმეს უნდა „მიაკვდეო“.

   - დღეს ახალგაზრდებს გვიჭირს ბევრ რამეში გარკვევა, თქვენი აზრით, რა გვევალება?

  - ძალიან მომეწონა ეს შეკითხვა. ეს ცხოვრების მთავარი კითხვაა. ყველა მასწავლებლის ვალია, გაარკვიოს თავისი მოწაფე, რა ევალება მას, როგორც ადამიანს. ამ კითხვას ქილონმა ძალიან მოკლედ უპასუხა - ეძიე თავი შენი. მოდი, ჩვენ გავშალოთ: თავის ძებნა საკუთარ თავში ღმერთის ძიებაა. ეს ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე ხდება.
    როგორ გავიგოთ „საკუთარ თავში ღმერთის ძიება...“ ღმერთი ყოვლისშემძლეა. როცა მან ადამიანი თავის ხატად შექმნა, მერე კი მას უკვდავი სული შთაბერა, მასაც მიანიჭა უზარმაზარი ძალა. აი, ეს ძალა უნდა ვიპოვოთ ჩვენში. ყველა ადამიანი საკუთარი მისიით მოდის დედამიწაზე, ანუ საკუთარი ღვთაებრივი მოვალეობით. ამ მოვალეობის აღსასრულებლად უფალი ნიჭს აძლებს მას. ამ ნიჭს მიგნება უნდა. ხშირად ხდება, ადამიანი ერთი განსხვავებული ნიჭით არის დაჯილდოვებული, მაგრამ პროფესიად სხვა საქმიანობას ირჩევს და მისი ნიჭი გამოუყენებელი რჩება (ჩემი შემთხვევა). არადა, ნიჭის მიხედვით რომ აერჩია პროფესია, ძალიან წარმატებული, ძალიან ძლიერი იქნებოდა, ისეთი ძლიერი, რომ ღმერთს მიუახლოვდებოდა.
როცა ადამიანი ნიჭს მიაგნებს, ანუ ღვთაებრივი მოვალეობის პირველ ეტაპს გაივლის, მეორე ეტაპი დგება. ეს მისი ნიჭის განვითარება, ანუ პროფესიული სრულყოფაა. აქ არ არსებობს საზღვარი. (ისევ აინშტაინი - უნდა „მიაკვდე“!)
    მესამე ეტაპი კი  - შესაძლებლობის რეალიზებაა, რასაც ნიჭით და პროფესიონალიზმით შეწვდი, შენს გარშემომყოფი ადამიანების, ოჯახის, სამშობლოს, მსოფლიოს, სამყაროს სიკეთე უნდა მოახმარო. არეალი ძალიან ფართოა!
    ჩემი აზრით, ეს ევალება ადამიანს. ხვდებით, რომ რთული ამოცანაა. ამიტომ დასაკარგი დრო არ არსებობს. ადამიანი განსაზღვრული დროით მოდის დედამიწაზე. ყოველი წამი ძვირფასია! 

0 comments: