• RSS

Friday, March 26, 2010

ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი (რაღა დროსია, მაგრამ მაინც!)


     თებერვლის ქარმა იმრუშა ნუშთან და გაგიჟებული ველად გაიჭრა... ბევრი იფიქრეს ატმის ხეებმა, ტყემლებმა რა ვუშველოთო ნუშს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ...
     ძალადაკარგული თოვლი ოფლივით ჩამოსდიოდათ მაღალ მთებს შუბლებზე... იებს ერთმანეთისთვის ხელები ჩაეჭიდათ და ნელ-ნელა იღვიძებდნენ. მწვანე, ხასხასა ბალახს, თითქოს, მიწის ნაპრალებზე პატარა კიბეები მიედგათ და თავი ამოეყოთ დედამიწაზე, აინტერესებდათ, რა ხდება ქვეყანაზეო...
  თებერვლის ქარს რამდენიმე დღის სიცოცხლეღა დარჩენოდა, ერთ ღამეს დასნეულებული გამოჩნდა ბაღთან... ადრინდელივით ვეღარ დაქროდა აქეთ-იქით... ვეღარ არწევდა ალვის ხეებს...ნუშს კვირტები გამოსხმოდა, დაბერვოდა და ცოტა ხანში თეთრად გადაიშლებოდა, თითქოს საპატარძლო კაბა ჩააცვესო...
   ქარი მიიჭრა ნუშთან, რამდენჯერმე გარს შემოუფრინა, მოენატრა მასთან ყოფნა, მიხვდა, რომ გულწრფელად უყვარდა... აქეთ ეცა, იქით ეცა, მერე ისევ ნუშთან მივარდა და პატარა კვირტებს მოეფერა... თავის კვირტებს...
    ნელ-ნელა, ვარდისფრად თენდებოდა... ბაღში, ნუშის ხეს შემოხვეულმა ქარმა გაზაფხულის სურნელი ჩაისუნთქა და მიიცვალა... 

2 comments:

clown said...

კარგია ^^

kanario said...

გაიხარე!