• RSS

Friday, December 24, 2010

just a little note...



    რამდენი ხანია, ჩემი ამბები აღარ მომიყოლია... ემოციებისგან დასაცლელ პოსტებს ვწერ ხოლმე, ამ ბოლო დროს კი საკონკურსო პოსტები აცოცხლებენ ჩემს ბლოგს, თორემ აქამდე იმდენი მტვერი დაედებოდა, ცხვირსაც ვეღარ შემოვყოფდი...

    ზამთარიაო, ამბობენ... რაღაც არ ეტყობა, რომ ზამთარია და როგორ მიხარია. სიმართლე გითხრათ, არც საახალწლო განწყობა მაქვს დიდად. 7 გამოცდა მივაძაღლე და 2-საც გადავაგორებ ხვალ და ვიქნები ცოტა ხნით ბედნიერი - რაიმე წიგნის წაკითხვას მაინც მოვახერხებ...
    (თოვლის პაპისაც აღარ სჯერა ჩემს დას... ჯანდაბა!)

    ერთი ჩვეულებრივი, მაგრამ თბილი დღე იყო დღეს... დილით დედაჩემმა გამაღვიძა, გამოცდა მქონდა ქიმიაში და ბიოლოგიაში... დავწერეთ... მერე წამოვედით მე, ნინი, ნინი და თამუნა, გზაში ვეოხუნჯეთ ერთმანეთს,  სიცილისგან გადაბჟირებულებმა გამოვიარეთ ის ავადსახსენებელი მიწისქვეშა, ხალხის მზერებსაც ვგრძნობდით, მაგრამ არ ვიმჩნევდით... უფრო სწორად, ვგრძნობდი და არ ვიმჩნევდით... ან ვგრძნობდით.. ნუ, რა მნიშვნელობა აქვს... :)) ამოვყურყუტდით ჩვენს კეთილშობილ სადგურში მერე ...

    დამეზარა სამარშუტო ტაქსს დავლოდებოდი... დაახლოებით 400 მეტრია მეტროდან ჩემს სახლამდე... რაზე აღარ ვიფიქრე გზაში.. მერე ბეღურებს ვუყურებდი, ჩემ წინ მზესუმზირის ნაფცქვენებს კენკავდნენ. რომ ვუახლოვდებოდი, არ მიფრინავდნენ და როგორ მიხაროდა.

   თბილოდა გარეთ, ქურთუკი ხელში მეჭირა... ნელი, თანაბარი და დამაჯერებელი ნაბიჯებით მივუყვებოდი აღმართს... მეზობელი შემხვდა მერე, ერთი ბიჭი... ერთხელ ტალახით ვეთამაშე ეზოში, ხელები გვქონდა ამოგანგლული მთელი კორპუსის ბავშვებს... (ახლაც რა სიამოვნებით ვითამაშებდი, უდარდელად) ქვევითკენ მიდიოდა.. მორიდებულად იყურებოდა ჯერ შორიდან, მერე, რომ მივუახლოვდით, გამარჯობა, როგორ ხარ(თ)ო? - თ მართლა თქვა თუ მე მომესმა, ვერ მივხვდი... მეც მოვიკითხე... პასუხი არ გამცა, მარტო მხარი მიადო ლოყას, გაიღიმა და წავიდა...
  
    ადამიანები ცხოვრობენ დედამიწაზე და მხვდებიან ხოლმე ყოველდღე... და ვერც კი ხვდებიან, ისე მახარებენ... ნინი, ნინი, თამუნა, ჩემები სახლში, რეალის ვიღაც გულშემტკივარი, მეტროს ვაგონში რომ იდგა იმდღეს; ის ბიჭი, ჩემი მეზობელი როა და რომლის სახელიც კი არ ვიცი, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლებიც, თუნდაც... მახარებენ ხოლმე თავიანთი არსებობით...

0 comments: