• RSS

Saturday, January 8, 2011

მოგონებები

    გუშინ წავაწყდი დღიურებს... 1993 წლის დროინდელს, ანუ იმ პერიოდისას, როცა ახალი დაბადებული ვიყავი... დეიდაჩემის ჩანაწერებია, გაღიმებული ვკითხულობდი... :)) თქვენც წაგაკითხებთ რამდენიმე პატარა ეპიზოდს... 


26 ივნისი, 1993.
.
    ჯერ სულ პატარა ვარ - მხოლოდ 50 დღის. ამქვეყანაზე თავს სტუმრად აღარ ვგრძნობ. ყველაფერს შევეჩვიე, ყველაფერი მაინტერესებს, ყველაფერს ვაკვირდები, მაგრამ ყველაფერი არ მომწონს...
   ...სამი კვირის ვიყავი პირველად, ბებოს "აგუ" რომ ვუთხარი. იმ დღიდან მოყოლებული, ხშირად ვამბობ - "გ"-სა და "ქ"-ს. ტირილს კი "აგუს" თქმით ვიწყებ. თუმცა, ერთხელ "ქი-კა-კა-კა-კა"-ც წამომცდა... 
   ... ყველაზე ძალიან კი იცით რა მიყვარს? ლაპარაკის მოსმენა, დედიკოს ნამღერი "ნანა ბაიასა, ნანა...", ბებიკოს დანახვა და ფრაზა: "ასეთი მსგავსება არ მინახავს, პირწავარდნილი მამიკოაო..!" 
    მოწონებასა და სიხარულს განაბვითა და ღიმილით გამოვხატავ. 


14 ნოემბერი, 1993.
.
      უკვე დიდი ვარ - 6 თვის და 3 დღის, საკმაოდ ეშმაკი და მაიმუნი. 
   ჩემი გაზრდა იმითაც დასტურდება, რომ პაპა უკვე მეთამაშება. დამიწვენს ხოლმე გულზე და დიდხანს, დიდხანს, სანამ არ მოვიბეზრებ და სატირლად არ გავწითლდები, მართობს. 
   ბებიკოს და დედიკოს "საქმის ბარაქა" ვარ. მამიკო ხშირად მიმღერის ხოლმე გიტარით. 
   ... ორი დღის წინ თოვლი მოვიდა... პირველი თოვლი ჩემს სიცოცხლეში... რა თეთრი იყო?! მინდა, ჩემი ცხოვრებაც ხელუხლებელი თოვლივით თეთრი იყოს, სუფთა და ქათქათა...
ფოტოგრაფმა მკითხა, რამდენი წლის ხარო და თითი იმიტომ მაქვს გაშვერილი... ვერაფრით გამაჩერეს... 


26 დეკემბერი, 1993.
.
   ორი დღეა ლაპარაკი ვისწავლე. პირველად "ბა" ვთქვი, მერე "ადა". ახლა უკვე ჩემს ლექსიკონს "ატაც" შევმატე. 
   დღეს საღამოს, ხუთ საათზე დედა მიმღეროდა: "ატა-ბატა, ატა-ბატა,
                                                                                        მე ვარ თაგვი, შენ ხარ კატა.."
   მეც ვიმეორებდი:  ატა... ატა... ატა... ბა...
   გუშინ ორჯერ ვთქვი "დედა". 


22 იანვარი, 1994. 
.
   მთელი რვა თვის განმავლობაში ასეთი სასწაული არ მომხდარა. დღეს საღამოს დედამ ჩამაწვინა ეტლში, ხელში ფისუნია დამაჭერინა და სინათლე გამომირთო. მე ვიღიღინე და დავიძინე. კბილი სტკიოდა და პატივი არ მეცა?! 


17 მარტი, 1994.
.
   10 თვის და 6 დღის ქალი ვარ. ძალიან განათლებული და მეტიჩარა. უჰ, რამდენ რამეს ვამბობ და კიდევ რამდენი რამ წამომცდება ხოლმე. პაპიკოს დანახვაზე ვწივივარ და ვკივივარ. თუ სადმე მიდის, გავეტირები ხოლმე. დაძახებაც ვიცი... დღეს მთელი დღეა გავიძახი, - არა, არა, არა, არაა... ჭოჭინათი დავრბივარ. შუაღამით ვიღვიძებ და თამაშს ვთხოულობ... 


20 აპრილი
.
  ერთი წლის ჯერ არ ვარ. კედელთან დგომა ვისწავლე. დღეს ორი კიჭი ამომივიდა. 


8 ოქტომბერი, 1994 წელი  / წლის და 5 თვის/
                                                              ლექსიკონი

კარაქი - კაკათი
კარტოფილი - კარტოთიტი
ქათამი - კოკოკონა
ცხოველები - აია
ბებო - ბაბა /დილით - "ბაბა, ადე!"/
პური - ბაბა
მომეცი, ამიყვანე - ამე
მინდა - მანა, მანა, მანა!
ფეხსაცმელი - ბაფია
მადლობა - ადოდა
ჩასველება... - ფუუუუუ
...
ერთზე მეტი რამე - ორი
ლამფა - აფა
ცივი და ცხელი - ცივია!

ამ დღეს იუბილარი ვარ :)) 

 5 ნოემბერი, 1995.
.
      სალომე უკვე ძალიან დიდი გოგოა. საკუთარი აზრიც გააჩნია და ამ აზრის დიდი სიჯიუტით გაყვანაც, ბევრი ლექსი იცის და სასწაულ "საქმეებს" აკეთებს: დადის მაგიდაზე, ფანჯრის რაფებზე, უფროსების დაშლის მიუხედავად, აქრობს და ანთებს სინათლეს, გარეთ ალაგებს და ამტვრევს ყველანაირ ჭურჭელს...
     სტუმრების მიღების დროს, თავიდან უცხოობს, შემდეგ კი...  დღეს ქეთინო ლოლაძე და მისი შვილი გვეწვივნენ. სალომე სამზარეულოში შეხტა დედამისთან და ეუბნება: "დედიკო, მე დებილი ვარ, ლექსებს ვერ ვიტყვი. მიდი, სინათლეა, ჩართე მაგნიტოფონი და ჩემი ლექსები მოასმენინეო".
   მანდილოსნურ თვისებებს დიდი ხანია ამჟღავნებს, ძალიან უყვარს "გასატასები": პომადა, წენები... არც მძივებისა და თმისსამაგრების მიმართაა გულგრილი. ხშირად, უნივერსიტეტში გასაქცევად გამზადებულს, თავზე წამომადგება ხოლმე, - ქეთუკუნა, გამტასე, სუნამოც დამასხი, პომადაც წამისვი..! და თუ გავბედე და უარი ვუთხარი, აი, მაშინ ხდება, რაც ხდება! მოკლედ და ხმამაღლა დამიყვირებს : ა! წასვლისას კი შემირიგდება, - შენ უნივერსიტეტში მიდიხარ?! 
      დაქალიც ჰყავს - თათია. "მახინჯო" - თქვა ერთხელ ჩვენმა ქალბატონმა;
   - ვინ გასწავლა, გოგო? - შეიცხადა ბებომ.
   - თათიამ.
   -აღარ ამოვუშვებ მე თათიას, იცოდე, რა სიტყვაა "მახინჯო"?!
   - არა, ბებო, თათიამ კი არა, დედიკომ მასწავლა.


2 comments:

nanakoust said...

- არა, ბებო, თათიამ კი არა, დედიკომ მასწავლა. <-- ვაიიიიმე, ამაზე ვკვდები სიცილიიიიიიით!! :D:D:D:D:D:D:D:D

Clown said...

^_^
<3