• RSS

Sunday, September 8, 2013

„შემოდგომის თამაშები“



მიყვარს წელიწადის ეს დრო, გაზაფხული და შემოდგომა ყველაზე მეტად მიყვარს ხოლმე. 

სექტემბერი და ოქტომბერი თითქოს რაღაც ძალიან დამღლელისგან მათავისუფლებს, ზაფხულში ფიზიკურად ვისვენებ, თუმცა სულიერად ვიღლები, რატომღაც. 
ისე, ახალ წელთან სექტემბერი უფრო ასოცირდებოდა მუდმივად ჩემთვის, ვიდრე იანვარი. 
იმ თაობთა კატეგორიას მივეკუთვნები, ვისთვისაც პირველი სექტემბერი პირველსექტემბრობდა, ახალი მასალა იყო ასათვისებელი სკოლაშიც, კლასელებს რომ ვნახულობდი, ვატყობდი ცვლილებებს, მონატრებულ ადამიანებს ვხვდებოდი, ვიწყებდი ცეკვაზე ხელახლა სიარულს (ეს უფრო ადრე), უფრო მოგვიანებით გაზეთ „გაზაფხულის“ რედაქციას ვუბრუნდებოდი და ჩემი ძვირფასი და უსაყვარლესი რედაქტორი ღონისძებას მინიშნავდა კალენდარში, სად უნდა წავსულიყავი, რა უნდა გამეშუქებინა. ეს ყველაფერი მე-8, მე-9 კლასებში ხდებოდა. ვიზრდებოდი ნელ-ნელა, მაგრამ არაფერი შეცვლილა ჩემში წლის ამ სეზონთან მიმართებით. 

ამინდის თვალსაზრისითაც, შემოდგომა ბევრად მირჩევნია ზაფხულს. არ გცხელა სიარულისას, შეგცივდება და ჟაკეტს მოიცვამ, სახელოებს ჩამოიწევ ხელებზე... 
ეს ის დროა, როცა გრძნობ, რომ სახლში წინდაც აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ჭირის დღესავით მეზიზღება წინდები, მსიამოვნებს ხოლმე გაყინულ ფეხებზე ამოცმა.

პლედმოსხმულს დინავზე ან სავარძელში ჯდომაც მიყვარს და წიგნების კითხვა საღამოობით. ნაყინიც ამ პერიოდში უფრო გემრიელია ხოლმე, ვიდრე ზაფხულში - სეზონურად (ალბათ, წარმოუდგენელ რამეს ვამბობ, მაგრამ ასეა ჩემთვის). ჩაის ფინჯანზეც სურვილი მიჩნდება უკვე, ხელები შემოვაჭდო დალევის დროს.

ჯერ ეს ყველაფერი არ მიგრძვნია, ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. ჩემი ფანჯრიდან დავინახავ ხოლმე, ქარისგან როგორ ქანაობს კორპუსიდან კორპუსზე გაბმული შავი კაბელი, რომელზეც დროდადრო ჩიტებიც მოკალათდებიან ხოლმე. ღამით, ძილის წინაც, ქარი მისურვებს ტკბილ ძილს.
მერე დაიწყება ფრაზები: „შვილო, ქოლგა არ დაგრჩეს, მოღრუბლულია!“ - არადა, 21-ე წელია მიცნობენ ჩემები და ჯერ ვერ მიეჩვივნენ, რომ ქოლგა ჩანთაშიც რომ მედოს, მაინც მის გარეშე დავდივარ ხოლმე წვიმაში (თუ განსაკუთრებული შეხვედრა არ მაქვს და მთლად სველ მდგომარეობაში მისვლა არ მიტყდება).

8 დღის დაგვიანებით გამოვხატავ ამას, მაგრამ მიხარია შენი მოსვლა, გულბარაქიანო ენკენისთვევ!
ნაყიფიერი იყავი ყველასთვის, ვისაც ეს გვჭირდება! 

5 comments:

Tinatin Nadiradze said...

ძალიან კარგი იყო! სიამოვნებით წავიკითხე. მეც შემოდგომის ფანი ვარ. ყველაფრის გამო მომწონს.

Tinatin Nadiradze said...

და მეც მაგრად მეზარება წინდების ჩაცმა... სანამ კარგად არ გამეყინება ფეხები, არ ვიცვამ :)))

Salome Kanario said...

გამიხარდა თქვენი სტუმრობა <3 :))
საერთო გვქონია :))

მადლობა, რომ კითხულობთ და დადებითად აფასებთ ჩემს დღიურებს ^^

marimga said...

ოხ სალო,სალო ))) როგორ იცი ხოლმე ...როგორ შეგიძლია ყველას შეაყვარო ის,რაც შენ გიყვარს!
მე ზოგადად შემოდგომა და ზამთარი არ მიყვარს.გაზაფხული -ზაფხულისთვის ვარ დაბადებული!
მაგრამ ძალიან გავთბი კითხვის დროს,მომინდა მეც მომეხურა ჟაკეტი და სავარძელში მოკალათებულს წიგნი წამეკითხა!
წავედი! :D :D :D

Salome Kanario said...

:D :D ჩემო გოგო, ჩემო პატარა.
ზამთარი არც მე მეხატება გულზე, თუმცა ეს სეზონი, მაგ ყველაფრის განთვალისწინებით, მართლაც გამორჩეულია ^^ ბარაქიანი.