• RSS

Monday, March 10, 2014

მენატრებით, წრიპ!







ნეტა დროის ერთი წლით უკან გადახვევა შემეძლოს! ახლა ის ღამე იქნებოდა, როცა შენი დილით ნახვის მოლოდინში დავიძინებდი...

თუმცა... თუ ეს ყველაფერი მაინც ასე უნდა მომხდარიყო, მეორედ ვეღარ გადავიტანდი შენსა და ნუცის დაკარგვას! 

მენატრებით, წრიპ! ერთი წელი! მთელი ერთი... ცოტა ხომ არ არის?! 

თუ აქამდე, შენი ჩვენთან ყოფნის დროს, გასულა დღე, როცა თქვენზე ფიქრი არ მომფრენია გონებაში, შარშანდელი 11 მარტიდან დღემდე ასეთი დღე აღარ მქონია... 

მენატრებით, წრიპ! რამდენი სათქმელი, რამდენი მოსაყოლი დამიგროვდა გულში, არც კი იცი! როგორ მიკვირდა ხოლმე ადრე, მარტოდ მიმავალ მოლაპარაკე ადამიანს თუ გადავაწყდებოდი, მეცოდებოდნენ, გიჟებად მივიჩნევდი... არადა, ახლა როგორ მშურს მათი, მე რომ არ შემწევს იმდენი სითამამე, ქუჩაში გვერდით წარმოგიდგინო და ხმამაღლა მოგიყვე რაღაცები...

მენატრებით, წრიპ! შენს გოგოებთან, ჩვენს გოგოებთან ახლოს ყოფნა ადრეც ხომ მიხაროდა, მაგრამ სამმაგად უფრო მახარებს ხოლმე ახლა... თითქოს ყველაფერი უცვლელია, თითქოს ისევ დავაპირებ ლექციის შემდეგ ამორბენას და შენთან არაფერზე საუბარს... მართლაც არაფერი იყო, რაზეც ჩვენს ვლაპარაკობდით ხოლმე, მაგრამ ორივეს გვავსებდა და გვაძლიერებდა...

მენატრებით, წრიპ! ნუცის მეტიჩრობები მენატრება... იატაკზე გაშხლართულები რომ ვატყაპუნებდით ხოლმე ხელებს მუსიკალურ სათამაშოებზე...

ყველაზე მძაფრად შეგრძნებებს შენს ნაცრისფერ კართან ჯდომა მიღვიძებს ხოლმე. იმდღესაც ვიყავი ასული, ვიჯექი, ვიჯექი დიდხანს... მერე თქვენი მეზობელი „ანტონოვკა“ გამოვიდა, თავიდან ვერ მიცნო, მერე გავახსენდი და აგვეტირა ჩვენდა უნებურად... მომიყვა, რა ლამაზი იყავი ბოლო დღეს... „მერცხალივით შემოფრინდაო“, მითხრა... მეც წარმოგიდგინე თვალებაპრიალებულმა და ძალიან ახლოს გიგრძენი...

ვერ ვიტან ხოლმე შენს წარმოდგენას, წრიპ! გონების მაქსიმალურ შესაძლებლობებს ვიყენებ მაგ დროს, ფიზიკურადაც კი გეხუტები ხოლმე შეგრძნებით, მაგრამ ვიცი, რომ ამ განცდას დასასრული აქვს და უფრო მტკივა მერე.

უთქვენო და თან თქვენით ავსებული ერთი წელი!

ვერ აღგიწერ, ისე მჭირდებით...

მენატრებით, წრიპ! ...


0 comments: