• RSS

Saturday, March 27, 2010

ბიბლიოთეკა

    დღეს ბევრს ჰგონია, რომ ბიბლიოთეკები "მოდაში" აღარ არის, ფუნქციადაკარგულია  და იქ  ჯდომა უდიდესი გოიმობაა, ისევ კომპიუტერთან ჯობია, რა თქმა უნდა! 
    ამ მოსაზრებებს არ ვეთანხმები!
 მე-2 კლასში ვიყავი, ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში რომ "გამაწევრიანეს" უფროსკლასელებმა. მეც სიხარულით ავირჩიე რაღაც წიგნი, ბეღურებზე იყო, როგორც მახსოვს... მერე თანაკლასელებს მოვუყევი და მათაც დააინტერესათ. შემდეგ დასვენებაზე ჩაგიყვანთ და თქვენც აგარჩევინებთ წიგნებს, თან დეიდაჩემის გაკვეთილი გვაქვს, (მშობლიურს გვასწავლის) მგონი, არც გაგვიბრაზდება-მეთქი. მთელი კლასი ჩავიყვანე ბიბლიოთეკაში, ნახევარი გაკვეთილი როგორ გავიდა, ვერც გავიგეთ... სკოლაში გვეძებდნენ, თურმე. მერე გვიპოვნეს, როგორც იქნა, და გამწარებული დეიდაჩემის ჩხუბს ვუსმინეთ დარჩენილი გაკვეთილი, ზუსტად მაგ დროს მივიღე პირველი 2-იანი ყოფაქცევაში და ისიც საკუთარი დეიდის ხელით... :) 


    ხშირი სტუმარი გავხდი ბიბლიოთეკის, განსაკუთრებით მსიამოვნებდა წიგნების სურნელი ძველი ხის თაროების სუნს რომ ერეოდა ხოლმე... ახლაც ვგიჟდები, რომ მახსენდება. მერე იმ სკოლიდან წამოვედით და სხვა შენობას "შევეკედლეთ", სასტიკი შენობა იყო, ძველი დაზგებით და ათასი ჯართით სავსე, მაგრამ ეს ჩვენ, მოსწავლეებს, არც გვიგრძვნია, სექტემბერში ყველაფერი მოწესრიგებული დაგვხდა, წელს კი გაცილებით უკეთესი პირობებია, ყოველშემთხვევაში, იმაზე უკეთესი, ვიდრე საჯარო სკოლებში. 
     ბიბლიოთეკა ჩვენც გვაქვს, მაგრამ ისეთი არა, როგორიც უნდა იყოს! 
    ძალიან მინდა კომფოტრულად მოწყობილი სამკითხველო დარბაზი, კედლებზე ახალი წიგნები, რბილი სავარძლები და განათლებული ბიბლიოთეკარი. 


    საქართველოში უცხოა ბიბლიოთეკარის სპეციალობა, როგორც ასეთი. ზოგს, ალბათ, არც გაუგია. დიახ, თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს კოლეჯები და სასწავლებლები, სადაც საბიბლიოთეკარო საქმეს მაღალ დონეზე ასწავლიან. თქვენ წარმოიდგინეთ, ბიბლიოთეკარებს მარტო თქვენს სახელზე წიგნის გაწერა არ ევალებათ! თქვენ წარმოიდგინეთ, ბიბლიოთეკაში მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა და ამა თუ იმ მოღვაწის საავტორო წიგნები არ უნდა იყოს! ნუთუ ჟურნალ-გაზეთები გარკვეულ მასალას არ მოიცავენ? (რა თქმა უნდა, "სარკეზე" და "თბილისელებზე" არ მაქვს საუბარი!)
ძალიან კარგია ტექნიკური უზრუნველყოფაც, აუცილებელია ბიბლიოთეკაში კომპიუტერული კუთხეც, ეს უფრო ხელმისაწვდომს გახდის მომხმარებლისთვის ინფორმაციის მოპოვებას. მხოლოდ ვიკიპედიის მხარდაჭერას არ ვგულისხმობ, საჭიროა ინტერნეტ-ციფრული რესურსების გამოწერაც, მაგალითად, ძალიან კარგია SIRS researcher (ProQuest). ეს ფასიანი ელექტრონული ბაზაა, რომელიც თავს უყრის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 1800 დასახელების ჟურნალ-გაზეთის პუბლიკაციებს და ყოველდღიურად მდიდრდება ახალი-ახალი სტატიებით. 

  
    ძალიან მინდა, საქართველოს ყველა სასწავლებელში იყოს კომფორტულად მოწყობილი ბიბლიოთეკა, კარგი სამუშაო გარემოთი, სამკითხველო დარბაზითა და ოვალური მაგიდებით, თუნდაც დისკუსიებისა და ტრენინგების მოსაწყობად. მინდა, რომ უფრო საქმიანები იყვნენ დღევანდელი მოზარდები. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე კარცერ-ლუქსებზე, დოჩანაშვილის კარცერ-ლუქსებზე, სადაც ქუჩაში მდგომების დატუსაღება უნდა და იქამდე გამომწყვდევა, სანამ არჩეულ წიგნებს ბოლომდე არ დაამთავრებენ... იქნებ ასე მაინც გვეშველოს რამე... 

11 comments:

vasasi said...

ვიღაც წაილკითხავს დაგეტყვის: შენ სიცხე ხომ არ გაქვსო..


ძალიან მიყვარს კითხვა და წიგნები..

ერთი კვირაა არაფერი წამიკითხავს (დიპლომზე ვმუშაობ) და ასე მგონია, ცარიელი ვარ..

Unknown said...

წარმატებები, ვასასი! :) ისე, გული მტკივა, ბევრი რომ ფიქრობს, რომ "სიცხე მაქვს"...

ეკაუკა said...

რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას იფიქრებს :) ყველას არ აქვს უნარი კითხვით სიამოვნება მიიღოს, ხოდა ისიამოვნე :) აკეთე ის რაც გიყვარს და დაიკიდე ხალხი, რომელიც ფიქრობს რომ სიცხე გაქვს :)

ეკაუკა said...

რა მნიშვნელობა აქვს რას ფიქრობენ სხვები :) კითხვისგან სიამოვნების მიღება ბევრს არ შეუძლია, შენ ამის ნიჭი გაქვს...ხოდა ისიამოვნე :) დაიკიდე ხალხი რომელიც ფიქრობს რომ სიცხე გაქვს :)

Unknown said...

გაიხარე, კიდევ კარგი დარჩნენ ნორმალური ადამიანებიც! :)

მარიამ ბლანკი¹³ said...

mec miyvars bibliotekebi :D
da ESMshi ase tu ise kai biblioteka gvqonda
martalia pufebit da rbili avejit ara magram ulevi wignebit jurnalebit kompiuterebiT gavsebuli <3

Unknown said...

არც კი ვიცი რამდენად აქვს აზრი, მაგრამ სამიათას კაცს გვინდა თანამედროვე სახის ბიბლიოთეკები საქართველოში http://apps.facebook.com/causes/271688/15069123

Unknown said...

იმედია, ამას მიხვდება ხელისუფლება და გაითვალისწინებს კიდეც! :-S

სიყვარულოვნა said...

ბიბლიკოთეკა მეც ძალიან მიყვარს. განსაკუტრებით თუ რამე პროექტზე ვმუშაობ. მიყვარს ბიბლიოთეკისთვის დამახასიათებელი სუნი,გარემო.

Nino said...

სკოლებში კი არა, უნივერსიტეტშიც არ გვაქვს კარგი ბიბლიოთეკა. მართალია უნივერსიტეტს 4 მილიონი წიგნი ჰქონია, მაგრამ სად აქვს ეგეც არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მე-6 კორპუსში 20 კვ.მ-იანი ოთახი გვაქვს, ფსიქოლოგებს კი ეგეც არ აქვთ...

Unknown said...

რა საშინელებაა?! :(