• RSS

Saturday, September 11, 2010

შემოდგომის სუნი მეცა



საპოსტე განწყობაზე ვარ დილიდან...
ალბათ, იმიტომ რომ უჩვეულოდ დაიწყო დღე. წვიმამ გამაღვიძა, მეც ვიწექი და ვუსმენდი, მერე მიწის სუნი მოიტანა და ავდექი...
ყავა გავიკეთე, აივანზე გავედი და პირველად ვიგრძენი სიცივე. საოცრად მესიამოვნა...


საჩაიე ამინდია, მე კიდე მიდგას ყავა დიდი ფინჯნით, თან იმდენად ახლოს, რომ ორთქლი სახეზე მეხება და წვიმისსუნიანს შევიგრძნობ.  ამ ზაფხულს იმდენი ჩაი ვსვი, მგონი, ჩემში არსებული ზამთრის "ჩაის კუთხე" სრულად შევავსე და ახლა რა მეშველება, არ ვიცი...

ნოსტალგია მეძალება ხოლმე შემოდგომობით, ალბათ, გაზაფხულს მახსენებს და მენატრება. გიჟური წვიმები იცის ხოლმე მაშინაც, მარტიდან რომ მოჰყვება და მაისის ბოლოს უკვე სრულად ვიბადები. მგონი, ამიტომაც ვგავართ მე და მამა ძალიან...

ასეთ დროს სახლში მიყვარს ჯდომა, ან მანქანით სეირნობა ქუჩებში, ნაწვიმარზე, მაგრამ ეს უფრო ღამით. ახლა კი მუსიკა, აივნის ღია კარები, რომლიდანაც ოდნავ სუსხიანი ნიავი შემოდის და არც ისე მსუბუქ ფარდას აცეკვებს... ყავისფერს, ყავისფერ ფარდას... მეც ყავით ხელში ვზივარ დივანზე ფეხზე ფეხგადაჯვარედინებული... წითელი ქოშით გაურკვეველ რიტმს ვიჭერ და მსიამოვნებს. ცხოვრების რიტმია, ალბათ.


წიგნს გადმოვიღებ რამეს... კარადასთან ისევ ის სუნი დგას, მე რომ მიყვარს ასე ძალიან, ძველი ფურცლების... ამ სუნის გამო, ერთი პერიოდი ბიბლიოთეკარობაც მინდოდა, ჩემი ფარული სურვილთაგანი იყო ერთ-ერთი... მახსოვს, როგორ შევნატროდი ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკარს, მთელი დღე იქ რომ იჯდა და ნებისმიერი წიგნის გადმოღების უფლება ჰქონდა, რამდენჯერაც სურდა და რა დროსაც... მე კი ამ დროს გაკვეთილზე უნდა ვმჯდარიყავი და გულმოდგინედ დამეზუთხა, რომ გულის კუნთი განივზოლიანია... მიკრონეზიები და მელანეზიები... ანდა ის, რომ წონასწორობა მდგრადია მაშინ, როცა მცირე გადახრისას სხეული იმავე მდგომარეობას უბრუნდება... მაინც არ მაქვს წონასწორობის შეგრძნება რეალურ ცხოვრებაში, რომელ სხეულებზე და ვექტორებზეა საუბარი...!

მეფიქრება... ათასი თემაა საფიქრელად... გარეთ ოდნავ ცრის, ძალიან ჩუმად, იმდენად, რომ თუ რომელიმე კორპუსს არ შეხედე, ვერც კი შენიშნავ...


ორი მტრედი ჩამოჯდა ჩემი აივნის კიდეზე. ფრთებიდან სისველე დაიფერთხეს, ცოტა ხნით გაჩერდნენ, მერე ერთმანეთს შეხედეს და გაფრინდნენ...

რა მოხდება დღეს, არ ვიცი, მაგრამ ერთი სურვილი მაქვს მხოლოდ: ხვალინდელი დღეც ასე ბედნიერად დაიწყოს...!

ფინჯანში ყავა გამითავდა...

6 comments:

undone said...

მე გუშინ ვიგრძენი უკვე შემოდგომა :) მიყვარს ასეთ ამინდში კითხვა.

კობა said...

მიყვარს შემოდგომა. ძალიან მიყვარს.
წელიწადის ყველა დროზე მეტად...

Anonymous said...

zalian momecona:)

Kate said...

მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა არ მიყვარს, ეს ყველაფერი მეც ძალიან მიყვარს. თავისი წვიმებითა და ცხელი ჩაის სმებით.

თბილი პოსტია და მსიამოვნებს.

kanario said...

undone - ჩემზე ადრე იგრძენი შემოდგომა? :შურიანისმაილი: :D

მა, მე - შენ! :) <3

ვიღაცავ, გმადლობ... :))) ვგონებ, ნინი ხარ! :*

ქეთ, დიდი მადლობა, საყვარელო. რაღაც გვაქვს საერთო და მეც მსიამოვნებს... :*

Kate said...

<3<3<3