• RSS

Thursday, November 18, 2010

ერთი მუჭა სიხარული

ციკლიდან: "მართალი წერილები" - ვიტორიადან

        
          ძვირფასო ...

          უკვე რამდენიმე კვირაა აქ ვარ. სულ გადამავიწყდა შენი სურნელი და ჩვენი ხეების ფოთლების შრიალის ხმა, შენი მოდუღებული ყავის გემოც...
          სამსახური ვიშოვნე... ვიცი, არ გაგიხარდება გულის სიღრმეში, ახლა ხომ ცოტა უფრო დიდხანს მომიწევს დარჩენა. კარგი სამუშაოა... რომ მნახო, მეტყვი - ახია შენზეო! მთელი დღე ფურცლებში ვარ თავჩარგული და სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ... ვზივარ ჩემთვის პატარა მაგიდასთან ფინჯანი ჩაით და რედაქციაში შემოსულ სტატიებს კორექტურას ვუკეთებ.
           გადავწყვიტე, ფსევდონიმით დავწერო ერთი-ორი ესე... მაინტერესებს, რა მოხდება... თუ იკითხავენ, არ ვიცი ვისია-მეთქი, ვეტყვი. 

           მზეს სხივები დაეხოცა იმდღეს, ორი ერთად თანაც... განიცადა ძალიან და მთელი დღე აღარ გამოჩენილა მერე... ახლა კი გვენახება ხოლმე, მაგრამ ისეთი ოქროსფერი ვეღარ არის, დასუსტებულია...
           საღამოობით ცივა ხოლმე უკვე... ვეღარ ვსეირნობ ქუჩებში ისე ხშირად... სახლში მოსული ან წიგნებში ვიქექები, ან კომპიუტერში...

           იცი, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ერთი გოგო მხვდება პერიოდულად. ერთი და იმავე ადგილას, ერთი და იმავე განწყობით... პატარა გოგოა, იქნება ასე 12-13 წლის. რაღაც აწუხებს, ვგრძნობ. ბევრჯერ დავაპირე გამოლაპარაკება, მაგრამ ვერ მოვახერხე მერე. ისე ხდება, რომ ყოველთვის მეჩქარება დილით. ხვალაც იქ იქნება, ვიცი და აუცილებლად მივალ, სამსახურში რომც დამაგვიანდეს, მაინც მივალ და დაველაპარაკები... რა აწუხებს, უნდა გავიგო... მოგიყვები მერე... შეიძლება არ გაინტერესებდეს, მაგრამ მაინც მოგიყვები. გადაახტი მერე, კითხვისას, თუ გინდა...

          გვიანია უკვე... მოგწერე და დავიძინებ ახლა.

          მომიყევი შენზე!  მენატრები....

კანარიო

0 comments: