• RSS

Saturday, May 12, 2012

ბოლო დროს მომხდარი ამბები #2


    გუშინწინ დაწყებული პოსტი draft-ებში განისვენებს, ალბათ, დასრულება არ ეწერა...
   დღეს სულ სხვა განწყობით ვარ, განსხვავებით იმ პერიოდისგან, როცა "განსვენებული" პოსტს ვწერდი...

  კალენდრით 12 მაისია, ასაკით 19-ს შევსრულდი გუშინ, განწყობა უჩვეულო და ცოტა უკმაყოფილო მაქვს, ადრეც მიწუწუნია, რამხელა სურვილი მაქვს, დრო გავაჩერო, მაგრამ ძალიან თავნებაა...

    ბოლო დროს ბევრი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ თანმიმდევრულად მოვყვე, სჯობს.

  კოლოქვიუმების პერიოდმა მშვიდად ჩაიარა და ორი-სამი კვირით მაღლივსაც დავემშვიდობეთ ჰუმანიტარები. სამაგიეროდ, ბევრი ღამე ვუთენეთ კონსპექტებს მე და ჩემებმა, ერთობლივადაც და ცალ-ცალკეც... ისტორია კარგად ჩავაბარეთ, ანტიკურმა გაგვაწბილა (სხვანაირ ქულებს არც ველოდით ჩვენი "წუთ-ნახევარასგან", მერე რა, რომ არ გვეკუთვნოდა). ბერძნულის გამოცდა და კოლოქვიუმები ყველაზე მეტად მიყვარს, უუუსაყვარლესი ლექტორი გვყავს და იმიტომ! ენა და ლიტერატურა რას დაგვიწერენ, ეგ ღრუბლებს მიღმაც არ გადაუწყვიტავთ ჯერ... 

მე და გზირო ვარკეთილის მიდამოებში
უკვე გვიანია, ისტორიის წიგნი გვეხვეწება, დამხურეთო,
 ჩვენც მხოლოდ ჭორაობის თავიღა გვაქვს...
ხვალ გამოცდაა!
ფურცელ-ფურცელ-ფურცელ... ეჰ!

   თსუ-ს პირველკორპუსელებს ბიბლიოთეკა გვეღირსა... ამდენი ხანი კი ღირდა ლოდინად! უმაგრესია! რომ შევდივარ, გამოსვლა აღარ მინდება...  მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკაა და შორიდან სიმყუდროვის არაფერი ეტყობა, აქ მჯდომი მაინც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს - სამუშაო განწყობა მექმნება ხოლმე. 


   
   ლექციებისგან და სწავლისგან დაღლილები ხან უნივერსიტეტის უკან, სტადიონზე ვართ და ფეხბურთს ვუყურებთ, ხან კაფეში ვსხედვართ, ხან ცარიელ აუდიტორიას ვლაშქრავთ... შემდეგი ფოტოც ერთ-ერთი ამსახველი ფაქტია ჩვენი უსაქმურობისა:

ანი და შოკო

   ავტობუსით მგზავრობა რომ ყველაზე მეტად მიყვარს, აქამდეც დამიწერია აქ. ყველაზე კარგი ადგილია მთელი დღის გასაანალიზებლად, ხალხზე დასაკვირვებლად, მომავალზე საფიქრელად, მუსიკის მოსასმენად და ტრავმის მისაღებადაც, როცა ჭყლეტვაა! იმდღეს მორიგი მგზავრობის 40 წუთი მქონდა და რომ არ დამეფიქსირებინა, არ შემეძლო... შეფასებით თვითონ შეაფასეთ.


   კვირას ექსკურსიაზე ვიყავით ჰუმანიტარი პირველკურსელები, როგორც წინა სემესტრში, ახლაც 3 ავტობუსი გაივსო, ილიას სახლ-მუზეუმი მოვინახულეთ ყვარელში, მერე გრემში ავედით, ულამაზესი ადგილია! ბოლოს წვიმდებოდა და თვითმმართველობამ დარბაზი გვაქირავებინა, იქ შევეფარეთ, სამაგიეროდ, კარგად გავერთე, ბევრი ვითამაშეთ, ავტობუსის მძღოლს ნერვები "მოვუსინჯეთ", გზაში აჭარული ვიცეკვეთ და არამარტო აჭარული. კიდევ კარგი, ხმის იოგები სუსტი არ მაქვს, თორე მეც გამიფრინდებოდა ხმა შოორს, მოუსავლეთში... 

ერთი ბებო მამალოებს ყიდიდა და
ბავშვობა გავიხსენე <3
   
ილია ჭავჭავაძის ეზო


  "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მორიგ კონკურსსში ვმონაწილეობთ მე და ჩემი ორი დაქალი - თამუნა და ნინი... საკმაოდ სერიოზული და შრომატევადი პროექტია - "წიგნების თაობა". გვევალება გამომცემლობის წიგნების გაპიარება სხვადასხვა მეთოდით. პირველი კონკურსი უკვე დაგეგმილი გვაქვს და თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ, მონაწილეობაც მიიღოთ (ინფორმაცია იხილეთ მომდევნო ბმულზე). პრიზი შეირჩევა თქვენი სურვილის მიხედვით! ჩვენს ჯგუფს კარამელი ჰქვია, გვაქვს სპეციალური გვერდი ფეისბუქზე - https://www.facebook.com/karamelibook და ბლოგი, რომელზეც ჩატარებული ღონისძიებების ანალიზი და მომავალი პროექტები დაიდება -  http://karamelibook.blogspot.com/.

შეხვედრა ერთმანეთთან - გამომცემლობის ვერანდაზე

   ბოლოსთვის, მინდა, გაგაცნოთ ჩემი ოჯახის ახალი წევრი ^^ სახელად გვარდი (გვარდიოლა :D) ჩემმა კურსელებმა მომიყვანეს დაბადების დღეზე, ისეთი მაიმუნი და ეშმაკუნაა, რომ ვუყურებ, ღიმილი მეფინება სახეზე... ბაკანზე წოლა უყვარს, მაგრამ მერე ვეღარ დგება, ვეხმარებით ხოლმე, თუმცა, რამდენიმე წუთის წინ თვითონვე გასწორდა და გააგრძელა ბოდიალი თავის პატარა სახლში : )) მცენარეებით იკვებება, შიგადაშიგ კომბოსტოსაც ციცქნის... ძაალიან საყვარელია! 

დაე, იცნობდეთ ჩემს პატარა კუს! 

 სულ ბოლოს კი - გიგანტური საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გამიხარდა! 


1 comments:

musiciangirl said...

ბოლო სურათზე დამთბა <3 <3 <3