• RSS

Monday, October 1, 2012

შიში და თავად ფობოფობია!


    ემოციებს ვიგროვებდი, ერთიანად დავწერ და ეფექტური გამოვა-მეთქი, მაგრამ ახლა ეფექტზე საუბარი უკვე ძალიან ზედმეტია, იმდენად მინდა, რომ რამე დავწერო... მგონი, უკვე ავივსე, ოღონდ იმდენი უარყოფითით, იმდენი მუქი ფერით, ყველაფერს ვშთანთქავ და ვეღარაფერს ვირეკლავ... 

  ხანდახან თავი მასკარადზე საღამოს კაბით მისული სულელი მგონია, ამდენი ჯამბაზის გარემოცვაში... უნიღბოდ, უიარაღოდ... თუმცა, იმდენად არიან ერთმანეთის ლოღნით გართულები, ვერც კი მამჩნევენ და ამითღა ვსარგებლობ მხოლოდ... 
      
     ხანდახან შიშის მარწუხები მბოჭავს, ზიზღის სანელებლებით შეზავებული შიშის... 

     როგორც სრულ სიწყნარეში, სიბნელეში, კარის ოდნავი ჭრაჭუნი აღგვიძრავს ხოლმე შიშს...
    როგორც საწოლთან მდგარ ადამიანებს გვგონია, რომ დაბლიდან ხელს გამოყოფს ვინმე/რამე და ფეხის კოჭზე ისე ჩაგვჭიდებს, ვეღარ გავაშვებინებთ...


   როგორც კედელს ვეყუდებით, იმის შიშით, რომ ცარიელ ოთახში ზურგიდან მოგვეპარება დანით ან რამე სხვა იარაღით ვინმე...
   როგორც, მოულოდნელად, თავისი ქსელით, ცხვირწინ ჩამოწელილი ობობა გვაშინებს ხოლმე...
    როგორც სააბაზანოში გამუდმებით ვაკონტროლებთ, თუ რა ხდება სარკის "მიღმა" (ჩვენ უკან).
   როგორც შუქჩამქრალ ოთახში ჯერ ხელს ვყოფთ, თუ ახლოსაა ჩამრთველი, სინათლის ასანთებად და მერე შევდივართ ჩვენ...
  როგორც თვალწინ წარმომდგნარი ჩაბნელებული სასაფლაო, გაშიშვლებული ტოტებით ზაფხულსა და გაზაფხულზეც კი, ჩვენს წარმოსახვებში...

    ასეთი და ბევრად უფრო მძაფრი შიში მიპყრობს... და შორს წასვლის სურვილს მიჩენს... შორს,  სადაც სულ დღეა ან ნაადრევი საღამო, მზე, სიკაშკაშე, ფოთლებიანი ხეები, ყველაფერი დადებითი და კიდევ უფრო დადებითი... 

   ახლა ჩემს ოთახში ვზივარ, ლეპტოპის ქულერის ხმას ვუსმენ და გარედან შემოსულ ხმებს, ჭრიჭინებისას... ბოროტს ვერევი და მერე ვიღიმი ხოლმე, ხან შემჩნევით, ხანაც - შეუმჩნევლად... რაც უფრო მეტი ინტერესი იღვიძებს ჩემში და მეტს ვიგებ, უფრო ძლიერდება შიშის შეგრძნებაც... 

     ხვალ პირველი ოქტომბერია, ხალხისთვის არჩევნების დღეა, ჩემთვის კიდევ ერთი მასკარადი... რომელიც ტკივილის მეტს არაფერს მოიტანს... ამდენი პესიმიზმი საიდან ამ ოპტიმისტსო, მკითხავთ... ზედმეტმა იცის, ჩემო მკითხველებო... და სანამ ფობოფობიით არ დავავადებულვარ (ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ ეს იმის შიშია, რომ რაღაცის შეგეშინდება), მშვიდ ღამეს გისურვებთ! 


2 comments:

Tmoltke said...

უცნაური ოქტომბერი

Unknown said...

martlac da rom :/