• RSS

Friday, December 14, 2012

ბოლო დროს მომხდარი ამბები #3



ცოტაც და ჩემს უთოვლო ზამთარს ბოლო მოეღება, მაგრამ, ალბათ, მერეც ვიპოვნი რამე ჩემებურს და ცხვირჩამოშვებული არ ვივლი. პატარ-პატარა სიხარულები თოვლის პერიოდშიც არის ხოლმე (მაღლივში წანწალს თუ არ ჩავთვლით და გამოცდებისთვის გათენებულ წინა ღამეებს).

ახლა თსუ-ს ბიბლიოთეკაში ვართ მე და მარი. გვერდით მიზის და ჩვენი ჟურნალისთვის ახალ სტატიაზე მუშაობს. ამ კომპიუტერების კლავიატურა გამაღიზიანებელია. ზედმეტად კაკუნობს, არადა, მიჩვეული ვარ ჩემი ლეპტოპის თხელ და რბილ იკლავიშებს. ამის ხმა კი, ასე მგონია, მთელ ბიბლიოთეკაში ესმით. 

საკმაო ხანია, აღარ დამიწერია ჩემს ამბებზე. "თსუ თაიმსმა" დღე მოჭამა, ოღონდ მხოლოდ სახელის თვალსაზრისით, ე.წ. წინამორბედები გამოგვიჩნდნენ, იურისტები, და გარკვეული პრეტენზიები წაგვიყენეს. შემოგვთავაზეს, ისევ ჩაგვწერეთ, როგორც დამფუძნებლებიო, მაგრამ ზედმეტი თავის ტკივილი იქნებოდა, ჩვენ ხომ თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდები ვართ?! არც გვაცია, არც გვაცხელა და ჯერ კიდევ მუშაობის პროცესში არსებულ ჟურნალს სახელი გადავარქვით. თუ რა გვქვია, მომდევნო პოსტ(ებ)ში გაგიმხელთ, მაშინ, როცა ოფიციალურად და იურიდიულად დავამტკიცებინებთ უნივერსიტეტს ყველაფერს, წესების გათვალისწინებით, რომ მერე კიდევ არ "აღმოჩნდნენ" მსგავსი სახელის "მედია-წარმომადგენლები".

კიდევ მაქვს ერთი სიახლე, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა შემოდგომის სტაჟირება გამოაცხადა და განაცხადი შევიტანე(თ). მერე გასაუბრებაც გვქონდა, მაგრამ დიდი იმედით მაინც არ ვუყურებდი, მეგონა, არ ამიყვანდნენ... იმდღეს წერილი მომწერეს მეილზე, სტაჟიორთა კონფერენციაზე ხართ დაბარებულიო. არსად ეწერა, აყვანილი ხართო. დავიბენი, თუმცა მერე შემდეგმა სიტყვებმა მომიყვანა გონს: "დასწრება სავალდებულოა". მშვიდად წავედით და სულ მალე მუშაობასაც დავიწყებთ <3 მაინტერესებს, რა ხდება შიდა საცავებში, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკის დეპარტამენტში მინდოდა მოხვედრა სასწაულად, არქივთმცოდნეობაში გამამწესეს და მეც დავყაბულდი. იქაურ ამბებსაც მოვყვები ხოლმე...

ბიბლიოთეკაში საკმაოდ თბილა, არა, ვიტყოდი, ცხელა. პერიოდულად გვერდით ვაპარებ თვალს და მარის მიერ მიზანში ამოღებული მხატვრები მართლაც შოკისმომგვრელად ხატავენ.
მე ჰაინრიხ ბიოლის "კლოუნის თვალთახედვა" მიდევს წინ და გასვლისას, მგზავრობის დროის მოკვლას ვაპირებ. 

წინ რამდენიმე კოლოქვიუმი მაქვს, ცოტა მეტი ღონისძიება და ჩემი და ნანაკოს მიერ დაგეგმილი გრანდიოზული ახალი წლის ღამე. იმედია, ყველაფერი ნელ-ნელა გამომივა.


0 comments: