• RSS

Saturday, December 29, 2012

სარეაბილიტაციო ცენტრიდან

საკონკურსო პოსტი  - "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი"


       - როდიდან დაიწყე, ძმა? - უცნობი ხმა მომმართავდა მე.

    არ მევასებოდა იქ მისვლა, სანამ ბოლომდე არ შევიყვანდი წამალს ოდნავ ამობურცულ ვენაში და იქაურ ხმაურიან სიჩუმეს არ მივაყურადებდი თვალდახუჭული. სიბინძურე იყო, ჩამპალი ადგილი, ნანგრევები, მიფსმულ და გამშრალ კედლებზე უცნაური გამოსახულებები გამოხატულიყო... ამაზრზენი სუნი იდგა... თუმცა, ნახევარი საათიც არ სჭირდებოდა იმ ადგილს იმისთვის, რომ სამოთხედ გადაქცეულიყო. თავბრუსხვევა და უეცრად გამოჩენილი ზოლიანი ჟირაფების, იასამნისფერი ყვავებისა და მოცეკვავე კალიების სამყარო იმდენად მნუსხავდა და ცხოვრების მუღამს მაჭერინებდა, ვერც კი ვხვდებოდი, სინამდვილეში რომ უფსკრულისკენ საკუთარი ნებითვე მივექანებოდი.
      ჯერ ყოველთვიურად და შემდეგ უკვე ყოველკვირეულად დავდიოდი იქ - "ჩემს სამყოფელში". ის უცნობი ხმაც ერთ-ერთ ჩემს ფრთიან ჰიპოპოტამთან "პაემნის" მოლოდინში გავიგონე... თავიდან არ მომეწონა იმისი ხმა და არც სიფათზე დამევასა, რომ ავხედე. სიმართლე რომ ვთქვა, არც ის მინდოდა, ჩემი შემდეგი "პაემნის" მარაგი მეწილადებინა მისთვის, წამში მოვიფიქრე მიზეზიც - ზედემეტი "შპრიცი" არ მაქვს-მეთქი, მაგრამ თითქოს ჩემს აზრებს მოჰკრა ყურიო, - მიპასუხა, - მე ერთი წლის წინ დავანებე... თვალებს უსიცოცხლობა შერჩენოდათ, მის შავ გუგებსა და ქვედა ქუთუთოებს შორის თითის ნახევარი ბალიშისოდენა სიცარიელე "ამშვენებდა". მოვიდა და შორიახლოს გაჩერდა, ფეხით პატარა ქვას წაეთამაშა და ზევიდან დამაშტერდა. არ მევასებოდა ასე რომ მიყურებდა, არაფერს ამბობდა, მაგრამ დამრიგებლური მზერა ჰქონდა.
              - ორი წელია, - მივუგდე ორი სიტყვა და კოვზს "ზაჟიგალკა" შევუნთე.
              - აღარ ქნა, ძმა, ეგ... მე ცოლი დამეღუპა ჩემი უნიათობის გამო...
              ისეთი სახით ავხედე, კითხვის დასმა აღარ დამაცადა...
          - სამი წლის წინ ძმაკაცს ვერ გავუტეხე და მისი შპრიცით მეც ვცადე გაფრენა... არც კი იცოდა, აივის მატარებელი თუ იყო, არც მე ვიცოდი...
            არც ამჯერად მაცადა კითხვა დამესვა.
           - შიდსის, ძმა, შიდსის... ეს ყველაფერი კი მაშინ გასკდა, როცა ჩემი ცოლი გახდა მძიმედ... სუსტი იმუნიტეტი ჰქონდა, თურმე, საწყალს... - თითქოს სიტყვა გაუწყდაო, ღრმად ჩაისუნთქა და თვალებით ისე მოხაზა ზედა რკალი, შუბლზე ნაოჭები გამოეხატა, -  მალე ვნახავ, ალბათ.......
-------------------



         ეს ამბავი მაინც და მაინც ახლა რატომ გამახსენდა, არ ვიცი... მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა... მაშინ არც კი უმოქმედია ჩემზე მის მონაყოლს, ჩვეულებრივ ვაგრძელებდი "იქ" სიარულს... ახლა რაღატომ ამომიტივტივდა, რთულია მიხვდეს კაცი...
       ფანჯარასთან ვიჯექი, საიდანაც მწვანე, ხასხასა მთები და ლურჯი, ლურჯი ცა მოჩანდა, ვფიქრობდი, ვფიქრობდი ბევრს და დაუღალავად.... თავიდან მიჭირდა, მაგრამ ასე სჯობდა, ვგრძნობდი...
            - ნიკა, ვარჯიშის დროა...
            სანიშნე ჩავდე "სამოსელ პირველში" და სანიტარს გავყევი. 

4 comments:

marimga said...

დამბურძგლა :შ
რა იცი ხოლმე, რა :|
წარმატებები შე ,შე საოცარი ფანტაზიით დაჯილდოებულო ბლოგერო! <3

Unknown said...

^_^ როგორ მახარებს ხოლმე შენი კუსკუსა კომენტარები და გვერდში დგომა.
მადლობა, საყვარელო.

Anonymous said...

ამეტირა :( :(

მმმ ! !
ეს ჩემი დაა!
მომწონხარ!

Unknown said...

ჩემო პატარა :*