• RSS

Wednesday, January 9, 2013

კაფე მომავლიდან



რაც დრო გადის, უფრო მიმძაფრდება იმის სურვილი, რომ მომავალში, მაშინ, როცა საქმიანი ურთიერთობებით იქნება ჩემი ცხოვრება გადატვირთული, კვირაში რამდენიმე საათი გამოვყო ხოლმე და სადმე, ჩემი ნაცნობებისგან უცნობ მყუდრო კაფეში განვმარტოვდე.

ეს კაფე არ იქნება არც რომელიმე ცენტრალურ ქუჩაზე, არც ხალხმრავალი... არც უჟმური ოფიციანტებით გატენილი.

მინდება, რომ იქ შესვლისას აღარ მკითხონ, რა მსურს, იცოდნენ, რომ მიყვარს ჩაი და ყველაზე მეტად მოვდივარ მუზებზე, როცა ჩაის ვსვამ.

კაფე უნდა იყოს აუცილებლად მყუდრო, ზამთარში თბილი, მშვიდი განათებით, ძალიან კაშკაშა არა. ზაფხულში გრილი.
იმ კუთხეში, სადაც მე მეყვარება დაჯდომა, ფანჯრით, ოღონდ არც ძალიან დიდით.
სასურველია, ქუჩა მოკურწყლული, უასფალტო. ხედი ხალხის საცხოვრებელი აივნებით იყოს სავსე. ოღონდ, ისეთით, რომ სხვები ვერ მხედავდნენ, მარტო მე ვაკვირდებოდე მათ ფუსფუსს, ცხოვრებას.

თუ ლიტერატურული კაფე იქნება, მთლად უკეთესი.
მაგრამ მეეჭვება, იქ მჯდომმა მუდმივად რამე ვიკითხო. კითხვა ტრანსპორტში გაცილებით უკეთ გამომდის.
იქ, ალბათ, წაკითხული, ნანახი და გაგონილი შთაბეჭდილებების გადმოსაცემად მივალ ხოლმე.

სავარაუდოდ, ბლოგზე დავწერ. არ მინდა, აქაურობას მოვწყდე, სიბერეშიც კი.
მოგიყვებით ჩემი ცხოვრების ამბებს.
შევეცდები, რაღაც ჩარჩოებში მოვექცე, მაგრამ თუ ეს ჩარჩოები შემბოჭავს, შევქმნი ანონიმურ ბლოგს და მაინც მოგიყვებით ჩემზე.

შეიძლება ყოველი ჩემი ვიზიტი საწერად არც გამოდგეს და ფიქრის საშუალება მომცეს.

ეს არც ისე შორს მყოფი სურვილია აწმყოსთვის... ვგრძნობ, რომ მალე ახალი რუბრიკა შეემატება ჩემს ბლოგს...
მაგრამ ჯერ მსგავსი კაფე მაქვს მოსაძებნი.


2 comments:

iako said...

mshvenieri rame iqneba :) :*

Unknown said...

hooo, minda saocrad ^^