• RSS

Tuesday, February 26, 2013

თსუ დესპანი


თსუ-ს დესპანები არიან სტუდენტები, რომლებიც თავიანთი სურვილით მიდიან სხვადასხვა სკოლაში, როგორც თბილისში, ისე მის ფარგლებს გარეთ და იქაურ აბიტურიენტებს უყვებიან ჩვენი უნივერსიტეტის შესახებ, პასუხობენ მათ მიერ დასმულ კითხვებზე და აცნობენ სწავლის პრინციპებს.

ამ პროექტის არსებობის შესახებ ერთი თვის წინ შევიტყე. მომინდა მონაწილეობა, თან სკოლის შერჩევა ჩემს სურვილზე იყო დამოკიდებული და სადმე ჯანდაბაში არ გამაგზავნიდნენ. მივუთითე, რომ 77-ე სკოლაში და "ალბიონში" მინდოდა წასვლა. 77-ეზე არაფერს მოვყვები რიგი მიზეზების გამო, ამიტომ, პირდაპირ ჩემს მშობლიურ სკოლაზე გადავალ.

ჩემ გარდა კიდევ ერთი გოგო მოდიოდა "ალბიონში" - თამუნა ზარანდია. Facebook-ზე წინასწარ შევთანხმდით ყველაფერზე, რას ვილაპარაკებდით და როგორ.
დილით შევხვდით სკოლის კართან და ავედით დედაჩემთან (მე ხომ ყველგან ყველაფერი "გაიასნებული" მაქვს :)))) ). იმ ოთახის გასაღები მოგვცა, სადაც პრეზენტაცია უნდა გაგვეკეთებინა და ერთი მე-12 კლასელიც გამოგვაყოლა, ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად.



ზარი დაირეკა და ოთახში ნელ-ნელა დაიწყეს ბავშვებმა მოგროვება, აქამდე სხვა უნივერსიტეტებიდან იყვნენ მისულები და მათი პრეზენტაციების ფონზე კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვეკისრებოდა. ჯერ რექტორის მიმართვა მოვასმენინეთ აბიტურიენტებს, მერე თამუნამ თსუ-ს ისტორიის შესახებ დაიწყო საუბარი, უნდა გაგვეცნო, ასევე, თითოეული ფაკულტეტი, რომელი რომელ კორპუსში "სახლობს", რა მიზნები და შესაძლებლობები აქვს ამა თუ იმ ფაკულტეტის კურსდამთავრებულს დასაქმების კუთხით, როგორ ვცხოვრობთ სტუდენტები...



პირადად მე, როდესაც უნივერსიტეტში ვაბარებდი, ძალიან გამიჭირდა, გამეგო, რა იყო კრედიტი, რითი განსხვავდებოდა ლექცია სემინარისგან,  როგორი სისტება იყო ქულების წერისა და ა.შ. 
ზუსტად ვიცოდი, რომ ეს კითხვები ჩემ წინ მსხდომ აბიტურიენტებსაც უტრიალებდათ გონებაში და გარკვეული მიზეზების გამო ჩუმად იყვნენ. რა თქმა უნდა, ყველანაირად განვუმარტეთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით მათი ინტერესებიც დავაკმაყოფილეთ.

შედეგად მივიღეთ ის, რომ მათ, ვისაც ისედაც თსუ ჰქონდა პირველ არჩევნად, მოტივაცია გაუმძაფრდა ჩაბარებისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც უნივერსიტეტის უარყოფითი მხარეები დაგვიმალავს, ხოლო მათ, ვისაც სხვა უნივერსიტეტი ჰქონდა მიზნად, თავიანთ 20-ადგილიან სიაში საკმაოდ მაღლა აიწევდა თსუ-ს ჩაწერის სურვილი.

დაე, შეხვედრამდე ჩვენთან, თსუ-ში! 

0 comments: