• RSS

Saturday, July 27, 2013

Cambridge House


ჩანაწერები.
9 მარტი


ინგლისურის სწავლა სკოლიდან დავიწყე, მეტიც, პირველი კლასიდან... ვერ ვიტყვი, რომ, არიქა, ვბრდღვნი ამ ენას-მეთქი, მაგრამ ჩემს ბევრ თანატოლზე უკეთ მესმოდა და ვსწავლობდი კიდეც... ეროვნულ გამოცდაზეც ქართულში და ინგლისურში ზუსტად ერთნაირი შედეგები მქონდა...
რაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, გრამატიკის წიგნიც კი არ ამიღია ხელში დასათვალიერებლად :)) პრაქტიკაშიც რა გითხრათ, Facebook-ზე მყავს ერთი ინდოელი მეგობარი (მასზე ცალკე დავწერე მერე) და ვლაპარაკობთ ხოლმე, თან ცხოვრებისეულ თემებზე და ასე თუ ისე, არ ვაძლევ საკუთარ თავს უფლებას, რომ ბევრი დამავიწყდეს.

ორი წელი ცოტა დრო არ არის და მივხვდი, რომ თუ არ მივეხმარე ჩემს თავს, ყველაფერი წყალში გადამეყრებოდა.
შევუდექი კარგი ცენტრის ძებნას, რომელი საიტი არ გადავქექე, ვის აღარ შევეკითხე, მაგრამ ყველაზე ნორმალური მაინც Cambridge House მომეჩვენა შორიდან, დედაჩემს დაველაპარაკე და გადავწყვიტეთ, მესწავლა.

თან კარგი პირობები აღმოჩნდა, ბევრი პლუსი ჰქონდა, საიტიდან რაც დავინახე. როგორც ყველგან, აქაც დონეების მიხედვით ასწავლიან, თითო დონე დაახლოებით სამ თვეს გრძელდება და ბოლოს ორენოვანი სერტიფიკატით ხელდამშვენებულს გიშვებენ, 7 დონის შემდეგ. თან ისეთით, სადაც გინდა, რომ წარადგენ და უგამოცდოდ გიღებენ ყველგან. <3

მოვიხიბლე, ნამდვილად არ მეპიტნავება მაგისტრატურის და მანამდე სადიპლომოსაც ინგლისურის დამატებითი გამოცდები ვაბარო, სპეციალობის საგნების პარალელურად.

გარდა ამისა, თანხაში ერთი დამატებითი ენაც მელოდა საჩუქრად და რადგანაც უნივერსიტეტში ევროპულ ენად ესპანური მაქვს არჩეული, გავაგრძელებ-მეთქი.

დღეს ვიყავი დილით მისული, ტესტი უნდა დამეწერა და დონეს დამიდგენდნენ, რომელ ჯგუფში დავჯდებოდი. სპეციალურად არ გადავიმეორე არაფერი, საკუთარი თავის შემოწმებაც მინდოდა...

აღმოჩნდა, რომ ისეთ დროს მივედი, როცა დონეები ბოლოში გადიან და შემდეგ უნდა გადავიდნენ. ეს გამიხარდა, გამოვიდა, რომ მალე მეოთხე დონეს დავიწყებთ. სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი ჩავისვი განრიგში, ცოტა გვიან დაიწყება ხოლმე, 7 საათისთვის, მაგრამ დღე გადიდდება უკვე და არ გამიჭირდება სიარული...

იმედი მაქვს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩავიფიქრე <3

0 comments: