• RSS

Thursday, August 29, 2013

მეტრო, სუდოკუ და ხაკისფერფორმიანი



მეტროში, როგორც ყოველთვის, ან სუდოკუს ვავსებ ხოლმე, ან წიგნს ვკითხულობ... ჩემი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ურთიერთობა, ძირითადად, ამით შემოიფარგლება, თუმცა, არის პერიოდები, როცა მიყვარს/მჭირდება ხალხზე დაკვირვებაც.

ამ ერთ დღეს სუდოკუს ჯერი იდგა... გვერდით მჯდომები სასაცილოები არიან ამ დროს, შეხედვის გარეშე რომ გრძნობ, როგორი ინტერესით ჩასცქერიან, თუ რას ვაკეთებ... ერთხელ მქონდა შემთხვევა, რომელიღაც ციფრზე ვფიქრობდი, სად უნდა ჩამჯდარიყო და გვერდზე მჯდომმა ბიჭმა, ეტყობა, ვეღარ მოითმინა, აქ 7-იანი უნდაო.. :)) გამეღიმა... თქვენც გიყვართ-მეთქი? ძალიანო! ჩანთაში სათადარიგო გაზეთი მედო სუდოკუსი (ვიცი, რომ არ არის ნორმალური ჩემი საქციელები) და სამახსოვროდ დავუტოვე... ბევრი იცინა. 

...თითებს შორის კალამი შევათამაშე, მერე ერთი უჯრა შევავსე... ჩავფიქრდი... კალამი ტუჩს მივაჭირე... ზევით ავიხედე მომდევნო უჯრაზე ფიქრით და ჩემგან ოდნავ მოშორებით მდებარე კარიდან ვაგონში ხაკისფერფორმიანი მოხუცი კაცი შემოვიდა. ძალიან სიმპატიური იყო, მიუხედავად თეთრი წვერისა. მაღალი, გამხდარი ტანის. მოგრძო სახით. ჩაცვენილ თვალებში იმედი ედგა. ვიღაც ბიჭმა დანახვისთანავე დაუთმო ადგილი... მე თვალს ვერ ვწყვეტდი. „სანტა ესპერანსას“ პარკი თავის სკამსა და რკინის ხელის მოსაჭირდს შორის დადო, ხელები უკანკალებდა, ხის ჯოხიც იქვე მიაყუდა, გულის ჯიბიდან სათვალე ამოიღო, მერე პარკი გახსნა და იქიდან ძველი წიგნი ამოაცურა. 

...იმდენად შთამბეჭდავი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, სულ დამავიწყდა, მის დანახვამდე რას ვაკეთებდი... შევეცადე, წიგნის სათაურისთვის მომეკრა თვალი, მაგრამ ვერ მოვახერხე... სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებდა, იმ წუთას რას ფიქრობდა ჩემზე ხალხი. დარწმუნებული ვარ, სასაცილო შესახედავი ვიქნებოდი: გაცისკროვნებული თვალებით, ოდნავ გახსნილი გაოცებული ტუჩებით, ღიმილი რომ უნდა დასცდეს, სადაცაა... და ჯიუტი მზერით, რომელიც ხალხისთვის ერთ ჩვეულებრივ მოხუცებულს მიშტერებია... 

მაოგნებდა მისი სამყარო. ხომ ბევრი ენახა ცხოვრებაში, ამაზე მისი რამდენიმე მედალიც მეტყველებდა (ოღონდ რამდენიმე, რატომღაც მხრები რომ აღარ უჩანთ ხოლმე ჩინ-მედლებისგან, ეგეთი ხალხი მეტიჩრებად მიმაჩნია, თან საზოგადოებაში გამოსულები... ) და მაინც რომ ეძებდა ახალს, საინტერესოს - აკანკალებული ხელით გადაფურცლულ გვერდებზე... 

კვირაზე მეტი გავიდა, ამ დღის მერე... მაგრამ შთაბეჭდილება მაინც არ გამნელებია.

ნეტა კიდევ შემახვედრა!

4 comments:

Unknown said...

მე რუბიკის კუბს ვაწყობ და ცქერა იქ უნად ნახო.

Unknown said...

წარმომიდგენია :)))

Sophie שרה Golden said...

Ra kargad gaqvs dawerili shegrznebebi.

Jer is bichi da mere moxuci... motxrobasavit lamazi postia. Rogor gamilamate dgevandeli dge :*

Unknown said...

სოფი, ჩემო ძვირფასო, მიხარია, თუ ეს მოვახერხე <3