• RSS

Tuesday, January 7, 2014

გამოფხიზლებამდელი



მანამ, სანამ გონს მოვეგები და დავბრუნდები, ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ - 
გიორგი კომახიძე! 


... აგერ უკვე მეშვიდე დღეა, ორი ათას თოთხმეტი წელია. თოთხმეტი. თოთხმეტი... დილის ექვსი საათი ხდება და არ მძინავს. პათოლოგივით ვეწევი, ზაფხულის შემდეგ, ამდენი არასდროს მომიწევია, არც ერთ დღეს... განსაკუთრებულზე ვერაფერზე ვფიქრობ, მხოლოდ სია ტრიალებს თავში, სია იმისა, თუ რა არ გამიკეთებია ჯერ:  
1. არ გამიპარსავს წვერი. თვითონაც არ ვიცი, რატომ, უჩვეულოდ არ მაწუხებს.
2. არ ვყოფილვარ სახურავზე. ამას ვერაფრით ვპატიობ თავს და უახლოეს დღეებში უნდა გამოვასწორო. ჯანდაბას წაუღია სიცივე.

3. ჯენესისთვის არ მომისმენია ადამიანურად. ადამიანური მოსმენა არც კი ვიცი, როგორია, ამას ვერ განგიმარტავთ, უბრალოდ, ისე, ჩემებურად, სამასი „ტრეკი“ გადაბმით.
4. არ მიჭამია ჩურჩხელა. დღემდე ვერ გამიგია, რატომ, უცნაურია.
5. გოზინაყიც არ მიჭამია. უცნაური ახალი წელია, ვერაფერს იტყვი.
6. არ მიყურებია ფეხბურთისთვის. თამაშები საკმარისზე მეტიც იყო, უბრალოდ... არ ვიცი ან დრო არ მაქვს, ან პრიორიტეტები აირია.
7. და რაც ყველაზე უცნაურია, ერთი „გრინჩული“ ფრაზა არ დამცდენია ახალ წელზე.  
განსაკუთრებული, მეტი არაფერი, რეალურად მხოლოდ მეორე და მესამე პუნქტი თუ მაწუხებს, იმასაც მარტივად მოვუვლი. თოთხმეტი თუ მართლა იმას მიპირებს, რაც მე მგონია, მოვიდეს... განსაკუთრებული არაფერია, არც ჩვეულებრივი, რეალურად, იგივეა, რასაც ყოველთვის ველოდი, არაფერი, ყველაფრისგან და პირიქით. კონტრასტის დაცვა ნამდვილად არაა ჩემი საქმე, ვფიქრობ, არც ვინმესი, ამისთვის ბუნება თვითონვე ზრუნავს, რელიგიის დაუხმარებლად, თქვენ წარმოიდგინეთ.  
პ.ს. ნორმალური ადამიანს, ახლა, ალბათ, ეძინებოდა. უფრო ნორმალური, რამე სასარგებლოში გამოიყენებდა ამ ბნელ, თეთრ ღამეს. კეთილი და ბუნებრივი, კლასიკური ქართველი კი, სუფრაზე იჯდებოდა და მემილიონედ მოგილოცავდათ შობას, ვალდებულებისამებრ. ... 

0 comments: