• RSS

Thursday, January 9, 2014

„მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად...“ - მასწავლებლობა „გრეხია“?!

"A good teacher can inspire hope, 
ignite the imagination and instill a 
love of learning."
Brad Henry

როდესაც გადავწყვიტე, უმაღლესი განათლება ქართული ფილოლოგიის მიმართულებით მიმეღო, ამის გამგონე უფროსი თაობა ამბობდა: „კარგია, სანთლით საძებარი იქნება მომავალში შენი ასაკის ფილოლოგებიო“; ჩემს თანატოლებს კი, რომლებსაც ფინანსური/ბიზნეს (და არამარტო) მისწრაფებები ჰქონდათ, სახეზე გვერდული ღიმილი გადაეკვრებოდათ ხოლმე და ნიშნისმოგებით კითხულობდნენ: „ვაა, მასწავლებლობას აპირებ?!“

ერთი პრობლემა ის არის, თუ რატომ ასოცირდება ფილოლოგობა მასწავლებლობასთან?!(მე მგონია, რომ ეს უბრალოდ მათ ინტელექტუალურ ინდექსზე მიუთითებს...)

მეორე და მთავარი - რატომ არის მასწავლებლობა სათაკილო?!

პირადი გამოცდილების საფუძველზე, შემიძლია ვთქვა, რომ უბედნიერესი ვარ, როცა ვინმეს ჩემს ცოდნას ვუზიარებ, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიმყავს გარკვეული თემის ჭეშმარიტებასთან, ვგრძნობ, რომ ის დეტალები არასდროს დაავიწყდება და დღის ბოლოს გაბადრული და გახარებული ვზივარ ხოლმე... 

იმასაც გეტყვით, რომ სამეცნიერო მუშაობანიც ფრიად მხიბლავს ლიტერატურაში, მომწონს მწერლების ფიქრებში კირკიტი, ფრაზების მიღმა ყურება, ჟანრული თავისებურებების ძიება ამა თუ იმ ნაწარმოებში, ზოგჯერ პერსონაჟის ჩემი ინტერპრეტაციით „შემოსვაც“... (ესეც ფილოლოგიაა, ცნობისთვის).

თუმცა ამ პოსტში მხოლოდ მასწავლებლის მნიშვნელობაზე მინდა საუბარი.


კარგად მახსოვს სულ პირველი დღე სკოლაში, სულ პირველი დამრიგებელიც კარგად მახსოვს... ისიც ფილოლოგი იყო, ქართულის ფილოლოგი... ანბანი მთლად მან მასწავლა-მეთქი, ვერ ვიტყვი (სკოლამდეც ვიცოდი), თუმცა, ლამაზად წერა ნამდვილად მასწავლა... ერთხელ საშინაო დავალების რვეულში რაღაც შეშლოდა, გადაეხაზა და გაეგრძელებინა ასოების გამოწერა წითელი კალმით... ისე გამიკვირდა ეს შეცდომა, ისე გამიკვირდა... მეგონა, მასწავლებლებს არასდროს არაფერი ეშლებოდათ... 

ნელ-ნელა მივხვდი, რომ ისინიც ადამიანები იყვნენ :) მათი გაბრაზება მაინცდამაინც სიამოვნებას არ მანიჭებდა, სხვებისამებრ, თუმცა მათი სიჭრელე ნამდვილად მაღიზიანებდა ზოგჯერ... 

სწორედ სკოლის პერიოდში იწყებ სერიოზულად ურთიერთობების ჩამოყალიბებას: ყველა მასწავლებელს თავისებური ხასიათი აქვს და ყველას განსხვავებულად უნდა მიუდგე, ერთს თუ ფეხზე ადგომით უნდა მიმართო, მეორემ შეიძლება შენიშვნა მოგცეს, დროს მაკარგვინებ ადგომა-დაჯდომითო...
ერთი თუ საპირფარეშოში გასვლისთვის ნებართვის თხოვნას გაიძულებს, სხვამ შესაძლოა გისაყვედუროს, რა გამოსაცხადებელი ეგააო... 
მოკლედ, რას გაუგებ... 

თუმცა, მაინც მგონია, რომ მასწავლებლად უნდა დაიბადო და მერე გაიზარდო, ერთ დღესაც ადგე და გახდე მასწავლებელი - ასე ადვილად არ გამოდის ეგ ამბავი. ყველაზე მთავარი - ნერვული სისტემა უნდა გაგაჩნდეს და თანაც მწყობრში. ახსნის, გადმოცემის უნარიც ძალიან მნიშვნელოვანია... 

რამდენი „სახეობის“ მასწავლებელს შევხვედრივარ, რამდენის ხასიათი მინახავს. 


მაგალითად, მათემატიკის მასწავლებელს დიდი „რესფექთ“ ჩემი გაძლებისთვის, იმისთვის, რომ, წუწუნის მიუხედავად - „ამ საგნის სწავლა არ შემიძლია, როგორ ვერ ვიტან და ა.შ.“ - მაინც თავდაჯერებული გავედი უნარ-ჩვევების გამოცდაზე და, ჩემდა გასაოცრად, მათემატიკურ ნაწილში ვერბალურზე 2-ით მეტი ქულაც კი ავიღე...

სამწუხაროდ, შემხვედრია ქალბატონები, რომლებიც გაკვეთილზე „ფეხის ტილოზე“, თავიანთ სიზმრებსა და სანათესაოზე გველაპარაკებოდნენ (საბედნიეროდ, არცერთი არ გაჩერებულა ჩემს სკოლაში)... 

შევხვედრივარ ბოღმიან მასწავლებლებს, რომლებსაც სიყვარულს ანახებ, გულწრფელ სიყვარულს და რეაქციად საერთოდ არაფერი გხვდება (არადა, რამხელა წვლილი აქვს შენს ჩამოყალიბებაში, მართლა რომ გრძნობდეს, ბედნიერებისგან გაგიჟდებოდა), მაგრამ ასეთია და ვეღარაფერს შეაგნებინებ... უბრალოდ, შენთვის გეყვარება ცხოვრების ბოლომდე... 

და არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც დღემდე გიხუტებენ გულში, თითოეული მოყოლილი გაკვეთილი რომ ახსოვთ შენი, დედებად რომ გყავს თითქოს და ყოველთვის საუკეთესოს გირჩევენ... შენი ბედნიერება რომ უხარიათ და საკუთარ წარმატებად რომ აღიქვამენ თითოეულ მყარად გადადგმულ ნაბიჯს...

ეს იმ ადამიანთა პალიტრაა, რომლებსაც ჩემს განვითარებაში მცირე კი არა, სპოლოსოდენა წვლილი მიუძღვით; ადამიანები, რომლებზეც მეწერინება გამოცდის წინა ღამეს, მაშინ, როცა კონსპექტს უნდა ვეჯდე და თავგადადებული ვმეცადინეობდე - კარგი მომავლისთვის და... თუნდაც, კარგი მასწავლებლობისთვის!




2 comments:

Anonymous said...

და არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც დღემდე გიხუტებენ გულში, თითოეული მოყოლილი გაკვეთილი რომ ახსოვთ შენი, დედებად რომ გყავს თითქოს და ყოველთვის საუკეთესოს გირჩევენ... შენი ბედნიერება რომ უხარიათ და საკუთარ წარმატებად რომ აღიქვამენ თითოეულ მყარად გადადგმულ ნაბიჯს...
qeto da laliii, adamianebi romlebic skolashi skolazeee metad miyvaran da namdvilad vici rom chemi warmateba gulwrfelad gauxardebat <3 ninutsa

Unknown said...

:)))) <3