• RSS

Tuesday, October 30, 2012

შემოდგომისფერი პოსტი



ჩვევად მექცა: გავხსნი ხოლმე პოსტის ფანჯარას, შევდივარ საიტზე, სადაც ბევრი ფოტოა - უკეთესი განწყობა რომ შევიქმნა წერისთვის და ვიკარგები ფოტოებში, მერე ან მეზარება დაწერა, ან სადმე მეჩქარება...

უჩვეულო დღეა დღეს, აფორიაქებულივით ვარ დილიდან... ბევრი წვრილმანია, რომლებზეც ერთდროულად მიწევს ფიქრი და მიძნელდება. სავალდებულოდ საფიქრალი და არასავალდებულოდ საფიქრალი ერთმანეთში ირევა და გამოდის ისეთი უნიათო კოქტეილი, მერე ახლოსაც რომ ვეღარ ვეკარები - ყარს!

საერთო ჯამში, კმაყოფილი უნდა ვიყო დღევანდელით... რამდენი ხანია, ტყუპები და კილა არ მინახავს, თსუ-ში იყვნენ დღეს. არტ-იბერიონი ჩატარდა, ახალგაზრდა პოეტები მონაწილეობდნენ, "ბანი", მამუკა ჩარკვიანი, ნიკოლშოუ და სხვები. რომ ვთქვა, დიდად ორგანიზებული იყო-მეთქი, ვერა, მაგრამ რაღაც განწყობა მაინც დატოვა (ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ჩემები რომ მყავდნენ გვერდით!)... მომიწევს ამ თემაზე რეპორტაჟის მომზადება თსუ-თაიმსისთვის და დაწვრილებით უნდა გავიხსენო ყველა ის ემოცია, რაც თითოეული გამომსვლელის მომენტში მებადებოდა. რამდენი ხანია, მსგავსი რამ არ გამიკეთებია, მე-11 კლასის მერე, რაც მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გაზეთ "გაზაფხულიდან" წამოვედი... მენატრება იქაურობა, მყუდრო გარემო, წერა, ყოველ კვირას მიტანილი სტატია და ქალბატონი ლიას, ჩემი რედაქტორის, თბილი შეხვედრა... ერთხელ მარტო ვისხედით ოთახში, წინ ბლოკნოტი ედო და მშვიდად დაჰყურებდა... მერე მკითხა, გინდა წაგიკითხოვო? რა თქმა უნდა, მინდოდა! ფანჯრიდან რომ მოჩანს ორი კვიპაროსი, იმათზე დავწერეო... ისეთი გულწრფელი იყო, ისეთი ემოციური... ახლა რომ მახსენდება, დროის დაბრუნება მინდა... დაე, არ ვიცოდე ამჟამინდელი აწმყო! 

ქალბატონმა ელდინო საღარაძემ წაიკითხა ლექსი გალაკტიონზე, დამბურძგლა... ეს ქალი ლეგენდაა! თანაც, რომ წარმოვიდგენ, სინამდვილეში რა პროფესიისაა, ვგიჟდები! ვისაც არ აქვს წაკითხული ჩემი პოსტი ქ-ნ ელდინოზე - აგერაა.  (პოსტის დასაწყისს ჩავხედე და რა თამამად მითქვამს, რომ ჟურნალისტობა მინდოდა.. :) )

სრულიად გამოფიტული ვარ, თითქოს ფოთოლცვენა იწყება ჩემშიც... არადა, პრობლემა არაფერია, ხომ ვამბობ, იმდენად პატარა და უმნიშვნელო წვრილმანები ქმნიან ჩემში უხასიათო ფერს, რომ მხოლოდღა ვიჯღანები...

გვიანოქტომბრისფრად მაქვს ტვინი გადაღებილი, იმედია, ყველაფერი თავის ადგილს იპოვნის და თავისით მომაგვარებენ, როგორც თავიანთ პრობლემას...



ახლა კი ტკბილი ძილი ყველას - კანარიოსგან! 

4 comments:

Sophie שרה Golden said...

ახლა უცებ დავფიქრდი, რამდენი ხანია გიცნობ და ჩემს თვალწინ, უფრო სწორად, ბლოგის წინ გაიზარდე :) ჯერ სკოლაში დადიოდი და სასწაულად შთამაგონებელი ბავშვი რომ იყავი; გახსოვს, შენც აკეთებდი ვიდეოპოსტებს და ძალიან საყვარლად თანაც?

მიყვარს შენი ბლოგი ძალიან, ყოველთვის თბილი და მყუდროა.

ჰოდა, ადრე მეც ასე ვიყავი ხშირად, სხვადასხვა საიტები ისე მიტაცებდნენ, პოსტს ვეღარ ვაბამდი თავს და ახლა უკვე გავუმკლავდი ამას :)))

Unknown said...

ჩემო სოფი, როგორ გადის დრო მართლაც...
იმდღეს ვუყურებდი შენს სულ პირველ ვიდეო-პოსტს, ამბობდი, რომ სემინარზე დაგაგვიანდა - ჩაგეძინა, არადა, ასეთი რამეები არ გიყვარს... კიდევ ბევრ რამეს ამბობდი და მერე დავფიქრდი, რას წარმოიდგენდი მაშინ, ეზრას არსებობაზე (ყველაზე მნიშვნელოვანს აღვნიშნავ) და გამეღიმა... მიფრინავს დრო და აჯობებს, ფაფარში ჩავებღაუჭოთ... : )

როგორ მიყვარს შენი მწვანე ვაშლი და მზიანი ღიმილი <3

Sophie שרה Golden said...

ააა, ეგ რა გამახსენე, სალომე, საერთოდ აღარ მახსოვდა ეგ ვიდეოპოსტი. მართლა რამდენი დრო გავიდა და იმ დროს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე წელში მეყოლებოდა ეზრა და ყველაფერი დანარჩენი უკანა პლანზე გადაიწევდა...

მე კიდევ შენი ფიქრიანი და ფერადი ბლოგი მიყვარს, აქ რომ შემოვდივარ, სულ მგონია, სადაცაა გამოჩნდები და ცხელ, ლიმონიან ჩაის შემომთავაზებ :)

Unknown said...

ასეცაა.. : ))
ჩემი სოფი, ჩემი მზიანი სოფი <3