• RSS

Friday, November 16, 2012

დილის სუსხიანი პოსტი



ჩაიარა ასტრიდ ლინდგრენის დღეობამ... მამაჩემის დღეობამაც, ბიძაჩემის დღეობამაც...

სუსხიანი დილაა, საბნიდან ფეხის გამოყოფა რომ არ გინდა, ისეთი.
მშვიდი და მშვიდობიანი კვირა მაქვს, კოლოქვიუმების ქულების ნაწილი ვიცი უკვე, ნაწილს ველი.
ამიერიდან ორშაბათობით სინათლის სხივი შემოიჭრება ხოლმე ჩემთან, როგორც იქნა, გოგოებმა ისეთი დღე გამოვნახეთ, ოთხივეს რომ გვცალია და სალაპარაკო აღარ დაგვიგროვდება. კი ამბობენ, არაფერი ხდებაო, თუმცა მაინც მგონია, რომ ხდება და მნიშვნელობას არ ანიჭებენ.
ათასსში ერთხელ რომ ვნახავთ ერთმანეთს, რასაკვირველია, მსხვილ ამბებს მოვყვებით და ყოველკვირეულად წვრილი ამბებიც აღიდგენენ თავიანთ ფასს.

დღეს მხოლოდ ესპანურის ლექცია მაქვს, წრიპას ნახვა მინდა საოცრად, მომენატრა, იქნებ გამომივიდეს.
შოკო და გზირო ხომ ახალი მთვარეები გამიხდნენ.
ამ მხრივ დაულაგებელი სიტუაცია მაქვს, არ მომწონს. მიყვარს, როცა ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ჩემთანაა!

ქუჩებს მალე შეეპარება ახალი წლის არომატი. რუსთაველზე გამოეფინებიან ჩინელებივით ერთნაირი ჭაღები და იქნება სრული იდილია. არადა, სამყაროს აღსასრული გვიახლოვდებაო, რა გიხარიათო... არ მჯერა მე მაგის. განა თავს ვიმშვიდებ?! აი, უბრალოდ არ მჯერა და ბევრს დაგცინებთ 2013 წელს რომ ჩავეხუტები <3

დილის გამამხნევებელი ვარჯიშივით დავწერე ეს პოსტი.
დღეს პარასკევია, კვირის ფინალი ახლოვდება, მიხარია... ხვალ არსად ვარ წასასვლელი, ვგონებ. თბილად ჩავწვები და ვიძინებ შუადღემდე. მერე რამეს ვუყურებ, წავიკითხავ, სტატიას დავწერ და შუალედებში ბევრჯერ ვილაპარაკებ ტელეფონზე <3

მანამდე კი... წარმატებულ დღეს გისურვებთ, ჩემო კარგებო!

0 comments: