• RSS

Thursday, December 6, 2012

ელექტრონული ფოსტა (E-mail)


    დღესდღეობით, ელექტრონული ფოსტა (იგივე იმეილი) ძალიან პოპულარული საშუალებაა კომუნიკაციისათვის. ექსპრესგზავნილის, ფაქსისა თუ ჩვეულებრივი ფოსტისგან განსვავებით, ის სწრაფი და მოსახერხებელია. არ სჭირდება ხარჯები, მარტივი ინტეფეისის მქონე კლიენტი პროგრამების არჩევაა შესაძლებელი, მისი მეშვეობით ვზოგავთ დროს! 
  რა თქმა უნდა, ელ.წერილი ინდივიდუალური ხასიათისაა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ არსებობს გარკვეული სტანდარტები,  რომელთა დაცვაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის მეილის შექმნისას. 

   ბევრს მიაჩნია, რომ ელ.ფოსტა კომუნიკაციის არაფორმალური საშუალებაა და ეს უფლებას აძლევს, დაუშვას გრამატიკული შეცდომები. ეს სწორი არ არის! თუ გვსურს, რომ ადრესატზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ, სალიტერატურო ნორმების დაცვა მოგვიწევს. თუმცა, არსებობს ელექტრონული ფოსტის ორი ფორმა: პირადი და საქმიანი. თუ წერილს ვუგზავნით რომელიმე ფირმას, ვალდებულები ვართ, მოვექცეთ გარკვეულ ჩარჩოებში და დავიცვათ აღიარებული წესები, თუ ვწერთ უბრალოდ მეგობარს, არაფორმალობა დასაშვებია. 

   
როგორ ვაფორმებთ ელ.წერილს: 

  • გრაფაში  "To" უნდა ჩავწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართი. თუ წერილს რამდენიმე პირს ვუგზავნით, მისამართები მძიმით უნდა გამოვყოთ. 

  • გრაფაში "Cc" უნდა ჩავწეროთ იმ პირთა ელ.ფოსტის მისამართები, რომლებსაც სურთ ჩვენი გზავნილის ნახვა და დაინტერესებულნიც არიან, ხოლო "Bcc"-ში ის მისამართები იწერება, რომლებსაც ბრმა ასლებს ვუგზავნით და ამის შესახებ მათ არაფერი იციან. 
  • ძალიან მნიშვნელოვანია გრაფის "subject" შევსება. ეს გრაფა გულისხმობს იმას, თუ რა ინფორმაციას შეიცავს თქვენი გზავნილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანი დღეში შესაძლოა, 50-მდე წერილს იღებდეს, საკვანძო სიტყვა დაეხმარება მას, ადვილად მიაგნოს ჩვენ მიერ გაგზავნილ ფოსტას (ყურადღების გასამახვილებლად ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ძახილის ნიშანი "!").
წარმოგიდგენთ ელ.ფოსტის შევსებული თავფურცლის ნიმუშს:



   უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ იმეილიც, როგორც ჩვეულებრივი სხვა ტიპის წერილები, შემდეგი ნაწილებისგან შედგება:

1. მისალმება;
2. ძირითადი ნაწილი;
3. დამშვიდობება;
4. ხელმოწერა ან ინფორმაცია ავტორზე.


განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:


ნებისმიერ წერილს, ფორმალური იქნება ის თუ არაფორმალური, მისალმება სჭირდება. მიღებულია ოფიციალური მიმართვის შემდეგი ფორმები:  

გამარჯობა, ბატონო კობა! 
მოგესალმებით, ბატონო კობა! 

თუ ადრესატს პირადად იცნობთ, კარგი იქნება, მოიკითხოთ და დაინტერესდეთ მისი საქმიანობით: 

როგორ ბრძანდებით?
როგორ მიდის თქვენი საქმეები?

ოფიციალურად მიმართვისას შეიძლება სახელთან დავწეროთ სიტყვები: პატივცემულო, ძვირფასო.

პატივცემულო ბატონო თენგიზ! 


    ძირითად ნაწილში უნდა ვეცადოთ, რომ ვწეროთ მოკლედ, კონკრეტულად და მარტივი წინადადებებით. ელექტრონული ფოსტის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს ერთი თაბახის გვერდს ან ეკრანის მოცულობას. ამგვარი ინფორმაციის გასაგზავნად არსებობს მიბმა (attach). 
თუ ინფორმაცია დიდია, მიბმასთან ერთად, სასურველია, წერილს დავურთათ დოკუმენტის მოკლე რეზიუმე, თეზისების სახით მაინც.


     როგორც საქმიან, ისე პირად წერილს აუცილებელია, რომ ჰქონდეს დამშვიდობება.
ოფიციალური მისალმების მქონე მეილს ამგვარი დამშვიდობება უხდება, არ შეიძლება ერთმანეთში ავურიოთ ფორმალური და არაფორმალური მიმართვები. თუ თქვენ წერილს რომელიმე კომპანიის სახელით არ აგზავნით, სასურველია, მივაწეროთ სახელი და გვარი (ხელმოწერაზე ოდნავ ქვევით ვისაუბრებ).
საქმიანი მიმოწერისას გთავაზობთ დამშვიდობების შემდეგ კლიშეებს: 
საუკეთესო სურვილებით; ნახვამდის; მომავალ შეხვედრამდე; პატივისცემით; გულწრფელად თქვენი....... (ესეც მიღებული ფორმაა). 


     დამშვიდობების ფინალურ ეტაპად, როგორც ვთქვით, ჩვენი ვინაობა უნდა დავაფიქსიროთ, თუმცა, უკეთესია ხელმოწერის არსებობა, სადაც წერილის ავტორზე იქნება მოცემული ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. თუ ორგანიზაციაა, მისი ადგილმდებარეობა და ა.შ.

მაგალითად:

ვანო კაპანაძე
ტელ: +995 2 774 352
მობ.ტელ: +995 5 234989
ელ.ფოსტა: vano.kapan@gmail.com



თუ ვინმეს რომელიმე სახის წერილის ნიმუში დააინტერესებს, შემიძლია, ელექტრონული ფოსტით გადავუგზავნო.
მომწერეთ, ჩემი ელ.მისამართია:

s.kanario@yahoo.com


გმადლობთ, რომ კითხულობთ ჩემს ბლოგს :)

2 comments:

Keti said...

კარგი რჩევებია. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია ვიყენებთ იმეილს, გულდასმით შევსებულველებიანი წერილი ხშირი არ არის. მიყვარს, როცა საბჯექტის ველი შევსებულია. თავადაც არასდროს მავიწყდება :)

Unknown said...

მიხარია ამის მოსმენა <3 : )