• RSS

Thursday, February 21, 2013

ამოვსებული სულიერი სიცარიელე


გუშინ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აღარ წავსულვარ, გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და რამე მხატვრული წამეკითხა... ვეღარ ვასწრებ კითხვას და ძალიან ვნერვიულობ ამის გამო, ვგრძნობ, რომ სულიერ მარაგს ვკარგავ და ვიფიტები, მაკლდება ბევრი რამ...
ამიტომაც, ეს ერთი დღე ჩემს თავს დავუთმე და გავოცდი, რა ნელა გადის დრო ბიბლიოთეკაში და რა სწრაფად იკითხება წიგნი. თითქოს გიგებსო დრო და აღარ მიქრის...

დავიარე თაროები, ჯერ სურნელით დავტკბი, მერე სათაურები, სარჩევები ჩავიკითხე... რატომღაც, მომინდა, რომ თანამედროვე მწერალს დავმგზავრებოდი და თან ისეთს, მისი წერის მანერას რომ არ ვიცნობ... დებიუტანტი მწერლით დავიწყე, თამთა მელაშვილის "გათვლით", ჩემს საყვარელ მოდივნო-მოსავარძლო ადგილას მოვკალათდი და შევუდექი კითხვას...

სხვებს არ ჰგავს, სათქმელის გადმოცემის ნასხვავებული სტილი აქვს, დიალოგებიც უცნაურად, ტირეების გარეშეა მოყვანილი, რაც მეტად გაკავშირებს ნაწარმოებთან და უფრო ემოციურს ხდის. ვფიქრობ, მისი თხრობა ახალ სიტყვას იტყვის ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში. ვნახოთ, რამდენად აიტაცებენ სხვები და თუ მიბაძავენ... სიამოვნება ნამდვილად მივიღე და რეალობასაც შევეშვი ცოტა ხანს...

საათს რომ დავხედე, არ იყო გვიანი, თანაც სახლში წასვლა არ მინდოდა, "გათვლაც" გადახარშული მქონდა გონებაში უკვე და მასთან ერთად სხვა ნაწარმოებზე ფიქრის ადგილიც იყო... ხელახლა დავუყევი თაროებს... ხელმა "მშობლიური სულაკაურისკენ" მიბიძგა, ჯერ აკას ათტომეული ჩავფურცლე, მერე სხვებს მივუბრუნდი, მაგრამ მზერა დათო ტურაშვილისკენ გამექცა და დაუფიქრებლად დავავლე ხელი "ტიბეტი არ არის შორს"-ს.

ვიმოგზაურე...

ამ ერთი სიტყვით შემიძლია გამოვხატო მთელი ჩემი ემოცია. ერთხელ კლოუნმა მირჩია, წაიკითხეო და ბოლო ფურცლის გადაშლისას გამახსენდა მისი სიტყვები, ძალიან მაგარიაო... მართლა ძალიან მაგარია... ცხოვრებისეული დეტალები, აწყობილი თხრობაა, "მსგავსი შემთხვევებისთვის" რომ გიგდია დიროლი ჯიბეში და ტკბილ-ტკბილი ტრფობანი...


კიდევ ერთხელ შემიყვარდა ტურაშვილი... სხვა მიზეზს, თუ რატომ მიყვარს, მერე დავწერ, ბევრი მაქვს სათქმელი კიდევ...

მოკლედ ასე, ეს დღე სულიერი შევსების დღედ ჩაიწერება ჩემს ბლოგზეც და მეხსიერებაშიც, ან მეხსიერებაშიც და ბლოგზეც... თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს!


0 comments: