• RSS

Sunday, February 24, 2013

(მე) მწერალი


ეს პოსტი ციკლურად უკავშირდება წინას და გამოხატავს ჩემს დამოკიდებულებებსა და წარმოსახვებს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზე, რომელთა ადგილასაც საკუთარი თავი მყავს წარმოდგენილი.
მსგავსი ადამიანები ძალიან ახლოს დგანან ჩემს სულიერ სამყაროსთან, შეიძლება ოდესმე ვიყო კიდეც ამგვარ სიტუაციებში, შეიძლება - არა, თუმცა, ჩემი აღწერილი ჟურნალისტი და ამ პოსტში უკვე - მწერალი, სიამოვნებით ვიქნებოდი.

ჩემი აზრით, მწერლისთვის ყველაზე მთავარი ის გარემოა, სადაც წერს, ის კუთხე, რომელიც თავისი მუზების "ნავსაყუდელია" და ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს.

მინახავს მწერალთა კატეგორია, რომლებიც ბუნებაში წერას ანიჭებენ უპირატესობას, მინახავს მწერლები, რომლებსაც მუზა მეტროში ან სხვა ტრანსპორტში მოსდით, ხვდებიან საზოგადოებაში ისეთ ადამიანს, რომელიც თავიათი ნაწარმოებისთვის სჭირდებათ და აუცილებლად აქვთ მსგავსი შემთხვევებისთვის მომარაგებული კალამი/ფანქარი და ბლოკნოტი.

მე რომ მწერალი ვიყო, ჩემი საშინაო კუთხე მექნებოდა, აუცილებლად ხის და მოყავისფრო ფერებით შეზავებული გარემო (ყავისფერი ნოყიერ ფერად ასოცირდება ჩემთვის და ნებისმიერ საქმე ამ გარემოში სრულყოფილად გამომდის). აუცილებლად უნდა იყოს თბილი და მყუდრო სინათლე, არ უნდა კაშკაშებდეს, საწერი საშუალებები მწყობრში უნდა იყოს - კალამი რბილად წერდეს, ფურცელი რაც შეიძლება ფართო იყოს, ნოუთბუქიც არ იქნება ურიგო, თუმცა, კალმის, ფურცლისა და გონების ურთიერთობა გაცილებით სხვა შედეგის მატარებელია. ვიცი, ამას ჩემი მომავალი თაობა საოცრად გამიკრიტიკებს, მაგრამ მე მზად ვარ ამისთვის და ჩემეული შეხედულებები მაქვს. (ვაღიარებ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოსტს ვწერ ფურცელზე, შემდეგ ავკრეფ და დავურთავ შესაფერის ფოტო-მასალას).

ანუ ვამბობდი, რომ გარემო პირობები საოცარ შინაგან აურას და მუხტს ქმნის მწერალში. სიგარეტის კვამლსაც თავისი ხიბლი აქვს. ოტია იოსელიანი თავის ნაშრომებს ბნელ და ბოლით "გამოტენილ" ოთახში წერდა.

ყავის/ჩაის ფუნქციაც დიდია მწერლის ცხოვრებაში, შეიძლება ზოგადად სასმელისაც კი, მაგალითად, ლიქიორის "ზეგავლენით" სიამოვნებით ავედევნებოდი ჩემივე შექმნილ პერსონაჟებს. კალმის "მოქნევით" შევუცვლიდი ხასიათებს. ჩავხლართავდი ინტრიგებს და უბრალოდ ვიცხოვრებდი...

მწერალი, ერთი მხრივ, ის ადამიანია, რომელშიც უამრავი სხვა ადამიანი ცხოვრობს, მეორე მხრივ კი ცხოვრებისეული გამტარია, ზეციდან ფურცლამდე, რომელიც ვალდებულია, წერის პროცესში თავს გრძნობდეს ჰიპერკომფორტულად, რომ არ შექმნას ხელოვნური დაბრკოლებები რამე გენიალურის შექმნისას.




0 comments: