• RSS

Sunday, July 28, 2013

მე გრაფი გავიცანი!


პოსტის გახსნილ ფანჯარასთან რომ ზიხარ და კლავიატურას უჩვეულოდ დასცქერი... ემოციების შტორმი რომ ბობოქრობს შენში და არც კი იცი, რითი დაიწყო, - სწორედ ეს შეგრძნებები მიტრიალებს გონებაში, სულის კედლებს ეხეთქება და გამოსვლას ცდილობს - ეს კი მაგიჟებს!

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო შესავლად, პირდაპირ დავიწყებ:

მე გრაფი გავიცანი!
გუშინ მთელი საღამო ხან ძველ, ჩუქურთმებიან საფრანგეთში დავაბიჯებდი, გრძელი, მოყავისფრო, მაქმანებიანი კაბით... ხან ინგლისის ქუჩების მკვიდრი ვიყავი... გული ისე მიცემდა, კორსეტმაც კი შემაწუხა, არადა, რამდენი ხანია, მის ტარებას შევეჩვიე... 

მახსოვს, დედა მასწავლიდა ხოლმე, როგორ უნდა მომეთმინა, თუ ძალიან მომიჭერდა, მერე ნელ-ნელა მივხვდი, რომ ესეც ისეთივე ატრიბუტი იყო დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენლისთვის, როგორც მარაო ან ხელსახოცი. 

შორს წამიყვანს იმაზე მსჯელობა, რა მეცვა... მაშინ, როცა აქ მნიშვნელოვანი სულ სხვა რამ არის - განვმეორდები - მე გრაფი გავიცანი! 

მისი თვალები ათას თვალში გამოირჩეოდა... მისი ახალგაზრდა იერი ვერც გაფიქრებინებდათ რამეს მის წოდებაზე. რომ შეგეხედათ, როგორ მოათვინიერა ერთ-ერთი ყველაზე ჯიუტი ცხენი, მერწმუნეთ, მაშინვე დაგატყვევებდათ! 

მისი ახლოს გაცნობა მკლავდა, მამას ვთხოვე - მეჯლისზე წავეყვანე, რომელიც სამი დღის შემდეგ უნდა გამართულიყო. 
მინდოდა, თვალში საცემი ვყოფილიყავი, მინდოდა, ერთხელ მაინც შევენიშნე... მთელი დღე ვღელავდი საღამოზე. წითელი, ჰაეროვანი კაბა გავამზადებინე გადიას... და თმის გაკეთებას შევუდექი სარკესთან...

ყველაფერი საუცხოოდ იყო მომზადებული, ფრაკებში გამოწყობილი მსახურები სისხლისფერი ღვინის ჭიქებით დადიოდნენ მოოქროვილი ჩუქურთმებით გაფორმებულ დარბაზში. მე მამას ვახლდი. ირგვლივ ათასი დიდგვაროვანი ტრიალებდა. მამა რამდენიმეს მიესალმა, ერთ-ერთმა კი შეაჩერა და ოჯახის საქმეებზე ჩამოუგდო სიტყვა. სიმართლე გითხრათ, ეს საკითხი ჩემში დიდ ინტერესს არ იწვევს ხოლმე. იმ დროს კი, როდესაც იმედი გადაწურული მქონდა მისი ნახვისა, დარბაზის დიდ კარიბჭეში გამოჩნდა... 

სულს შეკივლება მოუნდა! მეშინოდა, კონტროლი არ დამეკარგა... გული საოცრად აჩქარდა და ღაწვები შემეფაკლა... მინდოდა, მეყურებინა, მაგრამ თავი დავხარე და მამას ხელკავი გავუყარე. გონებაში კვლავ ნათლად ვხედავდი მის შინდისფერ ხავერდის მოსასხამს. მისი სამეჯლისო გარეგნობა კი ნამდვილად ხაზგასმით მიუთითებდა იმაზე, რომ დარბაზში გრაფმა შემოაბიჯა. ის აღარ ჰგავდა იმ მამაც ჭაბუკს, რომელმაც თავისი სივაჟკაცით მოუთვინიერებელი შავი მუსტანგი დაიმორჩილა. მასში დაუოკებელ მედიდურობას ეჩინა თავი, ამაყი ნაბიჯები თავდაჯერებულობაზე მიუთითებდა, მისი მზერა კი იქ მყოფ ნებისმიერ ადამიანს დააჩოქებდა... ვგრძნობდი, რომ გვიახლოვდებოდა. გვერდით განზრახ არ ვიყურებოდი, თითქოს ძალიან ვიყავი დაინტერესებული მამასა და მისი მეგობრის საქმიანი საუბრით. „ჩემი გულთბილი სალამი უმშვენიერეს ასულს“, - ჩამესმა ყურთან ძალიან ახლოს. მამა შემობრუნდა. მან ქუსლი მეორე ქუსლს ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად მიარტყა და თავი დაუკრა: „ვიმედოვნებ, თქვენს ქალიშვილთან ცეკვის ნებას დამრთავთ...“. მამამ გაუღიმა და შემომხედა. მეც გავიღიმე. 

ისეთი შეგრძნება მქონდა, ჩვენ გარდა არავინ იყო დარბაზში. ის ხან მე მიყურებდა, ხან ირგვლივ მყოფთ და ეს მაფხიზლებდა. მინდოდა, არ შემმჩნეოდა, მაგრამ თვალს ვერ ვწყვეტდი.... ჩვენ ვალსი შევასრულეთ.


.............

ალბათ, უჩვეულოა, ის, რასაც ახლა მე ვყვები. ეს შეგრძნებები მხოლოდ მაინ რიდთან, შარლოტა ბრონტესთან, ან და სერჟ გოლონებთან, ონორე დე ბალზაკთან, ჯეკ ლონდონთან... ჯვაროსანთა ლაშქრობებში თუ ძველი ამბებით გაჟღენთილ ფილმებში ცოცხლობს. 
ალბათ, ფიქრობთ, რომ მათ რეალურად გაცოცხლება არ შეუძლიათ და ეს სიგიჟეა. 

დაე, გეგონოთ, ბატონებო! 
დაე, გეგონოთ...

2 comments:

სოფი שרה Golden said...

ძალიან ახალგაზრდა რომ ვიყავი, სავარაუდოდ, შენხელა, ზუსტად ზუსტად მეც მქონია მსგავსი შეგრძნებები ამ ავტორების წაკითხვისას.

გამახსენე სიყმაწვილე, როგორც იტყვიან...

Unknown said...

სოფი <3
მადლობა შენ, ამ დღეებში მეილს მოგწერ :*