• RSS

Wednesday, October 23, 2013

„ყველაფერი იქნება კარგად!“

საკონკურსო პოსტი
თემა - ნარკომანიის პრობლემები

    - ყველაფერს გამოასწორებს კაციო, - მეუბნებოდა ხოლმე ცხონებული პაპაჩემი, - მონდომება ერთია და თავს ზემოთ ძალა რომ არ არის - მეორე. სულ მეშინია, რომ გაქცევა ისე მომინდება, საკუთარ თავს წინააღმდეგობას ვეღარ გავუწევ და მართლა დავუბრუნდები ძველ ცხოვრებას, - წამით ჩაფიქრდა, თითქოს სიტყვაც გაუწყდა, მაგრამ იმ ნაძვისთვის თვალი მაინც არ მოუშორებია, ყველაზე მეტად რომ უყვარდა... განსხვავდებოდა იქ მდგარი სხვა ხეებისგან, მედიდურიც იყო, მაღალი, თუმცა, ქვევითა ტოტები ისე ჩამოეყარა, თითქოს საბოლოოდ ჩაიქნია არსებობაზე ხელიო, ზევით უფრო ხასხასა მწვანეც იყო და უფრო სიცოცხლისუნარიანიც...

    - უკვე ერთი თვეა, აქ ხარ, გიო, ყველაფერი იმაზე ბევრად კარგადაა, ვიდრე წარმოგიდგენია. მკურნალობის პირველი ორი ეტაპი თითქმის უკვე დაძლეული გაქვს, იცი, რასაც აკეთებ, გააზრებული გაქვს ის საფრთხე, რომელსაც საკუთარ თავს უქმნიდი აქამდე - ეს ბევრს უჭირს, გიო, მერწმუნე. მეორე, „ლომკის მოხსნის“ ეტაპიც ასე თუ ისე დავძლიეთ, რამდენიმე პროცედურაღა დარჩა და მერე... მერე ბევრ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ, ხო იცი... ლაშქრობებითა და ქეიფებით. ორშაბათს ჩვენი ახალი ფსიქოლოგიც ჩამოვა და...

    - არ მინდა, ლევან, არ მინდა რა, ეს ფსსიქოლოგები... არ მევასებეიან, ხო იცი! ძალით უნდათ ჩემი შინაგანის შემონგრევა თითქოს, რა... მაგარი ხელოვნურები არიან და ამას მარტო მე ვხვდები, დავიჯერო?! - ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა, კუთხის მაგიდას მიუახლოვდა და ყავის აპარატიდან ფინჯანი შეივსო, - გინდა შენც?


    - არა, დავლიე... ეგრე რატომ ფიქრობ, ვერ ვხვდ...

    - არა, არა, ნუ ცდილობ, გადამარწმუნო... გინდა, შინაგანი უნდობლობა დაარქვი, გინდა... რავი, რაც გინდა, მარა არა, რა. აქ მომუშავე პერსონალიდან ყველაზე ახლოს ვარ მარტო შენთან, მშვენივრად იცი. დანარჩენებიც ჯიგარი ხალხია, მართლა გულით ცდილობენ, დაგვეხმარონ, მაგრამ შენ სხვანაირად გესმის, რა... 

    - ჰო, მესმის, მესმის... მე გამოვლილი მაქვს შენი ცხოვრების პერიოდები, მაგრამ საკუთარ თავში არ ჩავკეტილვარ და საშუალებას ვაძლევდი, გვერდში მდგომოდნენ...

    - ეგ რატო, იცი? იცი, რატო არ ჩაიკეტე შენს თავში? - ჩუმად მოხვრიპა თბილი ყავა გიორგიმ, - იმიტო, რო ციხის გარდა გაქვს გამოვლილი ჩემი ცხოვრების ეტაპები, იქ რა ხდება, აზრზეც არა ხარ.. პატრონი გყავდა შენ და გიშველეს... და მე? ყველაზე ცუდად რო ხარ და მაგ დროს რო დაგიჭერენ მააგრად საცემად, ხო ხვდები? მარა მხოლოდ ფიზიკური ტკივილი კიდე მონაგონია მაგასთან, სულიერად ხო ყველაზე უსუსური ხარ და პახოდუ ფიზიკურადაც რო ტყდები.

    ლევანს საჩვენებელი თითი ნიკაპზე მიედო, იდაყვით სავარძლის სახელურს ეყრდნობოდა და გიორგის ისე უსმენდა.

    - ციხის ამბები ხო კიდე ცალკე თემაა, ჭრელი და დაბოღმილი ხალხი იჩითება. იგებენ, ნარკომანი ხარ, ზოგი ცხვირს იბზუებს, ზოგი აგრესიას ვერ მალავს, ზოგი თავის თავს ხედავს შენში... მოდიან, თავისზე გელაპარაკებიან, არადა შენ შენი გაგჭირვებია, სხვების ტრაგიზმებს რო აღარ უსმინო... გარეთ კიდე ერთი ამბავია, იქ დედა გწერს, რო ენატრები, მაგრამ მეზობლებმა აიკლეს კითხვებით და კააროჩე, რა!

    - ქართველები რანაირი ხალხი ვართ, ხო იცი, არა?

    - და მე რა ვქნა? მე? კუთხეში გასაცოდავებული მათხოვარი რო გდია, უახლოვდები, ის კიდე იმედით შემოგყურებს, ჰგონია, ერთ 20 თეთრს მაინც მიუგდებ და ამ დროს ხელიდან პურის ნატეხსაც რომ ჰგლეჯ, ეგ მომენტია, გესმის? ყველაზე ტრაკული მომენტია და რო მახსენდება, უარესად ვიგრუზები... მერე რო ვიგრუზები, კიდე... 

    - კაი, კაი! შეეშვი წარსულს, რა. წარსულში მაინც ვეღარაფერს შეცვლი. აი, მომავალს კი როგორც გინდა, ისე მოატრიალებ, მომავალი შეგიძლია, ისე მოაწყო, რო წარსულის კვალიც არ ემჩნეოდეს.

    - რანაირად, ტო? სამოქალაქო უფლებები მე აღარ გამაჩნია, - დაიწყო თითებზე ჩამოთვლა გიორგიმ, - სამსახურის შოვნის პერსპექტივა მინიმალურია, ბიზნესის დაწყება მე არ გამომივა ან რითი, თორე კი...

    - მისმინე! შენი აზრით, მე კალთაზე მექაჩებოდნენ, არიქა, არა ჩვენთან იმუშავე, არა ჩვენთანო? ჩემით გამოვნახე ეს ყველაფერი, თვითონ მოვინდომე, ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო და არის კიდეც. მეუღლეც მყავს, ჩემი ანგელოზი ანა-მარია ორი წლის გახდა წინა თვეს... შენი აზრით, მე ნულიდან არ დავიწყე? გაიძახი, ციხეო. კაი, მესმის, ორმაგად მეტი სტრესი შეგხვდა, მაგრამ მე ორმაგად მეტი დრო დამჭირდა, იქამდე რომ მოვსულიყავი, სანაც ახლა შენ ხარ... რამდენად ძლიერი ხარ ჩემზე, ხვდები? ამიტომაც მჯერა, რომ ყველაფერი იქნება კარგად! - ლევანი მთელი ჟესტიკულაციით ცდილობდა, აეხსნა გიორგითვის ეს ყველაფერი და საკითხის სისწორეში დაერწმუნებინა... ხვდებოდა, რომ გამოსდიოდა კიდეც. გიორგი იატაკს დასცქეროდა, ხელში უკვე გაციებული ნახევარი ფინჯანი ყავა ეჭირა და წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც გაჰქრობოდა... შინაგაშიგ თვალის უპეები უვიწროვდებოდა, თითქოს გეგმას სახავს გონებაშიო. ლევანს მობილურმა რომ დაურეკა და გარეთ გავიდა, გიორგი არც მაშინ განძრეულა...

    გვიანი შემოდგომის დღე ბინდდებოდა, მაგრამ მაინც თბილოდა...
    შეყვითლებული მზე ნელ-ნელა იკრეფდა გუდანაბადს...
    ნაძვი ისევ ისე იდგა, თუმცა ერთი კი იყო - რაღაცას გამოეცოცხლებინა თითქოს.



------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

P.S. პოსტი ეძღვნება ორგანიზაციის „სტუდენტური კლუბი სოციალური კეთილდღეობისათვის“ პროექტს „დისკრიმინაციული გარემოს კვლევა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“.
მადლობა იდეის ავტორებს და „ახალ ვექტორს“.