• RSS

Tuesday, November 19, 2013

12 სკამი გავყოთ ორზე


   რა უნდა აკეთოს სამსახურიდან ერთი საათით გამოსულმა, საჯარო ბიბლიოთეკის წინ მჯდომმა და წიგნის მოლოდინში მყოფმა ბლოგერმა, თუ არა - წეროს პოსტი. 

 მშვიდი, მოთბო და ნოემბრისთვის უჩვეულო ამინდია თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსის შესასვლელთან 6 მოგრძო სკამი დაუდგამთ ნახევარწრეზე, მე სულ მარცხნივ - კიდეში ვზივარ და ხალხს ვათვალიერებ... 

   ერთი სკამით იქით შუა ხნის ქალი ზის. მგონი, გონებრივი პრობლემები უნდა ჰქონდეს, თავის თავს ელაპარაკება: „რომ მივიდე, რა ვუთხრა, ნეტა ვის რაში სჭირდება... ან ის წამალი სად დაკარგა... ეს რა ხალხია... ქუჩაში გაუმართავთ სექსები... როგორ გვეტენებიან დოყლაპიებივით“
შეხედვა და მიშტერება არ მინდა, მაინტერესებს, კიდევ რას იტყვის... თუმცა თვალს მაინც ვაპარებ, ინტერესს ვერ ვიმორჩილებ... სახეზე ვერც ვერაფერს შეატყობ, ჩუმად რომ იჯდეს. არც ბინძურია, მოვლილი, ჩვეულებრივი ქალია.

 როგორ მაინტერესებს, რატომ გახდა ასეთი. ალბათ, სტრესული ცხოვრება აქვს გამოვლილი და ბევრი დარდი შეხვედრია სიცოცხლის განმავლობაში... ან იქნებ შვილებთან აქვს პრობლემები, თავსაფრიანი დედაკაცივით... ან ზედმეტმა ინტელექტმა გააგიჟა... რას გაიგებ.

  მის გვერდით სკამზე 60-65 წლის კაცი ზის. მწვანე ცელოფინით მადიანად შეექცევა რაღაცას. თან აქეთ-იქით იყურება. „ტაქსისტის“ კუბოკრული ქუდი ახურავს, ნაცრისფერი მოსაცმელი და რუხი შარვალი აცვია, წელში მოხრილია და საერთოდ არ ეტყობა, რომ ფიქრობს ახლა რამეზე...

   გვერდზე პატარა, თინეიჯერი გოგო ზის, ღიმილიანი გამომეტყველებით ტელეფონზე ლაპარაკობს. ლენონები უკეთია და მუქი ჯინსი აცვია. შიგადაშიგ რაღაცაზე ოხრავს ან ღრმად სუნთქავს უბრალოდ...

  მომდევნო სკამზე წყნარი კაცი ჩამომჯდარა. ჩემსავით ფეხი ფეხზე გადაუდია და ქვევიდან იყურება. შავი, კუპრივით ულვაში აქვს, თმაც - ეგეთივე. ეჭვი მაქვს, შეღებილია... ამ სიშორეზე ნაოჭებსაც ვარჩევ და თმა ასეთი როგორ შერჩებოდა. ახლა მობილური ამოიღო და თამაშს მოჰყვა.

   ბოლო, მე-6 სკამზე 17-ოდე წლის წითელქურთუკიანი ბიჭი ზის. გამიხარდება, ისიც წიგნს თუ ელოდება. ფეხები გაუშლია წინ და ტერფები ერთმანეთზე გადაუჯვარედინებია... ესეც ვიღაცას ელაპარაკება მობილურზე გუმოდგინედ. ზოგჯერ გვერდულად ეღიმება და ხანდახან უკან იყურება, ეტყობა, ვინმესაც ელის.

                                

   არაფერი განსაკუთრებული, მეწერინებოდა და დავწერე.
  ჩემი წიგნი, ალბათ, უკვე ადგილზეა. სხვათაშორის, ბლოგის ახალი პროექტისთვის მჭირდება. სულ მალე გრანდიოზული რამეები მოხდება კანარიოს თავს...

   მიხარის, მიხარის!

2 comments:

Tina Nadiradze said...

რა კარგი იყო, უცებ შემომეკითხა.

ვგულშემატკივრობთ შენს მომავალ წარმატებულ პროექტს! :)

Unknown said...

მადლობა უშველებელი :*